Accessibility links

ჩაშლილი ვიზიტი, კითხვის ნიშნებით


გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

ბელგიაში პირველი მსოფლიო ომის დაწყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლა კი, თავის მხრივ, განაპირობა უშიშროების საბჭოს სხდომამ, რომელიც 28 ოქტომბრისთვის დაინიშნა.

რატომ დაემთხვა უშიშროების საბჭოს სხდომის თარიღი ბელგიაში ვიზიტის თარიღს და გაიმართება თუ არა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც, გავრცელებული ცნობით, მუდმივი წევრი რამდენიმე მინისტრი ვერ დაესწრება? ამ კითხვებზე პასუხად ჯერჯერობით ცნობილია ის, რომ ბელგიის სამეფოში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმების შესახებ მედიას აცნობა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ. საელჩოს განმარტებების თანახმად, გიორგი მარგველაშვილი მიწვეული იყო ბელგიის სამეფოში პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ, 28 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 18 ოქტომბერს მიღებულ წერილზე დაყრდნობით, საქართველოს საელჩომ ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტით აცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გაუქმდა. კერძოდ, ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საელჩოს ნოტაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ ინიცირებასთან დაკავშირებული საფრთხეების განსახილველად მან 28 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

ლევენის უნივერსიტეტმა, სადაც გიორგი მარგველაშვილი 28 ოქტომბერს სიტყვით უნდა გამოსულიყო, პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს დაუკავშირა. საქართველოს საელჩო ამ ფაქტს უნივერსიტეტის ინტერპრეტაციას მიაწერს. განცხადებას, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი გამოეხმაურა:

“მე არ ვიცი რაღაც გამოგონილი, ჩემთვის ყოვლად გაუგონარი რამ, რა პოლიტიკურ კრიზისზეა საუბარი. ვიღაც ჟურნალისტის თუ უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით, რომ აქ პოლიტიკური კრიზისია, ყოვლად გაუგებარია“.

წავიკითხე, რომ თურმე რამდენიმე წევრი და, მათ შორის, მუდმივი წევრები უშიშროების საბჭოსი 28-ში აქ არ იქნებიან. თუკი არ იქნებიან მისი წევრები, რა აზრი აქვს საბჭოს შეკრებას?...

დავით ზალკალიანი ბელგიაში პრეზიდენტის ვიზიტს ჩაშლილად კი არა, გადადებულად მიიჩნევს. მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი, თავის მხრივ, არ არის დარწმუნებული, ღირს თუ არა იმ უშიშროების საბჭოზე დასწრება, რომელსაც, წინასწარი ინფორმაციით, უცხოეთში დაგეგმილი ვიზიტების გამო, არ დაესწრებიან ფინანსთა და თავდაცვის მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვები:

“წავიკითხე, რომ თურმე რამდენიმე წევრი და, მათ შორის, მუდმივი წევრები უშიშროების საბჭოსი 28-ში აქ არ იქნებიან. თუკი არ იქნებიან მისი წევრები, რა აზრი აქვს საბჭოს შეკრებას? როდესაც იქნება ყველა, ვინც უნდა იყოს ამ სხდომაზე, მე,რასაკვირველია, მონაწილეობას მივიღებ ამ სხდომაში“.

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი კი განმარტავს, რომ სხდომის თარიღი არ შეიცვლება:

“ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც კონსტიტუციური ორგანო, რომელიც შექმნილია ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის, მე იმედი მაქვს, რომ შეძლებს შეკრებას აღნიშნულ დროს - იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭო - და მოითათბირებს აღნიშნულთან დაკავშირებით. თარიღი არ შეიცვლება. საბჭო დანიშნულია, შესაბამისად, დაანონსებულია, ჯერ კიდევ დანიშნულია 15 ოქტომბერს, როგორც კი აღნიშნული ხელშეკრულება იქნა გამოქვეყნებული მედიაში“.

არავის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, მერწმუნეთ, ამ ფორმატში დასწრების. უბრალოდ, იყო კომუნიკაციის პრობლემა. თავდაცვის მინისტრი, რომელიც არის უმთავრესი მომხსენებელი ამ თათბირზე, სამი დღით ადრე იგებს ამას ტოკიოდან...

ირინა იმერლიშვილისავე თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად, მუდმივი წევრების გარდა, მიწვეულნი არიან მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები - სახელმწიფო მინისტრები პაატა ზაქარეიშვილი და ალექსი პეტრიაშვილი, სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები - თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე. ეს უკანასკნელი, უშიშროების საბჭოს სამდივნოს მთავრობასთან კოორდინაციის პრობლემაზე მიუთითებს:

“არავის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, მერწმუნეთ, ამ ფორმატში დასწრების. უბრალოდ, იყო კომუნიკაციის პრობლემა. თავდაცვის მინისტრი, რომელიც არის უმთავრესი მომხსენებელი ამ თათბირზე, სამი დღით ადრე იგებს ამას ტოკიოდან, მაშინ როდესაც სამ დღეში გერმანიაში და საფრანგეთში აქვს ვიზიტი დაგეგმილი. რა უნდა ქნას?“

ვიქტორ დოლიძის მიერ დასახელებულმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს გადადების თხოვნითაც მიმართა. წინასწარი ინფორმაციით, თარიღის შეცვლა არ იგეგმება, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ერთი ნაწილი კი ფიქრობს, რომ აშკარაა ინსტიტუციური დაპირისპირების კიდევ ერთი შემთხვევა, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების სახით.

XS
SM
MD
LG