Accessibility links

ლოპოტის ხეობაში დაკავებულ ჩატაევს გირაოზე უარი უთხრეს


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

1 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ჩეჩენის - ახმედ ჩატაევის - გირაოთი გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია საქმეში გამოჩენილი ახალი გარემოება, რის მიხედვითაც მოწმეებმა მედიასთან უარყვეს გამოძიებისთვის მანამდე მიცემული ჩვენებები. სასამართლოს გადაწყვეტილებამ მეტად უკმაყოფილო დატოვა ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები.

”ამ გადაწყვეტილებით თქვენი მზე ჩაესვენა”, - ხმამაღლა წამოიძახა ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა საქართველოში მექა ხანგოშვილმა და, ვიდრე მანდატურები გააძევებდნენ, სასამართლოს სხდომათა დარბაზი თავისი ნებით დატოვა. მექა ხანგოშვილი, ისევე როგორც პანკისის ხეობიდან საგანგებოდ ჩამოსული სხვა არაერთი ჩეჩენი თუ ქისტი, როგორც აღმოჩნდა, ამაოდ იმედოვნებდა, რომ 1 ნოემბერს სხდომაზე ახმედ ჩატაევის გათავისუფლება მოხერხდებოდა. აქვე ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციაში - კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში - დაბადებული 32 წლის ახმედ ჩატაევი, რომელსაც ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს, სახელდება კავკასიის საემიროს ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის პირად წარმომადგენლად ევროპაში.

შეკითხვაზე, თუ როგორ მოხვდა ახმედ ჩატაევი აგვისტოს ბოლოს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლოპოტის ხეობაში, სადაც შეიარაღებული ჯგუფის 11 და ქართული სპეცსამსახურების 3 წარმომადგენელი დაიღუპა, თავად ბრალდებული მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში განმარტავს, რომ ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლოპოტის ხეობაში შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებების დროს შუამავლის როლის შესასრულებლად ჩაიყვანეს, ხოლო მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით თავად დაჭრეს ფეხში. ხსენებული ჭრილობის გამო ფეხის მუხლამდე ამპუტირება გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს სხდომებს ესწრება, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საკმაოდ მძიმეა და ის განმეორებით ოპერაციას საჭიროებს.
არსებობს აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოწმეებს რეალურად ცრუ ჩვენებები აქვთ მიცემული ...

სწორედ ჯანმრთელობის პრობლემები წამოსწია დაცვის მხარემ 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად 1 ნოემბრის სხდომაზე. გარდა ამისა, ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა დაასახელა კიდევ 3 საფუძველი. ერთი მათგანის მიხედვით, ჩატაევს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცოლ-შვილი ჰყავს და, შესაბამისად, საქართველოში საცხოვრებელიც აქვს. თუმცა სასამართლომ მაინც მიიჩნია, რომ, რადგანაც ბრალდებულს ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული ავსტრიაში და მჭიდრო კონტაქტი აქვს უცხოეთთან, შესაბამისად, შემდგომი გამოძიებისთვის თავის არიდების მიზნით, მან, შესაძლოა, საქართველო დატოვოს და მიიმალოს.

სასამართლომ არ გაიზიარა არც გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებული დანარჩენი 2 საფუძველი, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ მოწმეები ადრინდელ ჩვენებებს უარყოფენ:

”არგუმენტაციად იყო წარმოდგენილი ახალი გარემოებები, რაც შემდგომ სასამართლომ არ ჩათვალა საკმარისად. არსებობს აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოწმეებს რეალურად ცრუ ჩვენებები აქვთ მიცემული.”
არ არსებობს ერთი დეტალიც კი, რის გამოც ის შეიძლებოდა პატიმრობაში დაეტოვებინათ სამართლიანად. პროკურატურა ადამიანის მიმართ ახორციელებს უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნას ...

მოწმეებში, რომლებზეც ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი ლაპარაკობს, იგულისხმება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, რომელთა ჩვენების საფუძველზეც ახმედ ჩატაევს პროკურატურამ ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წაუყენა ბრალი. სისხლის სამართლის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღრული დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ითვალისწინებს. მე-9 არხის მიერ ნაჩვენებ ფარულ ჩანაწერამდე, ჯერ კიდევ 25 ოქტომბერს, გამოქვეყნდა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის სტატია, სადაც მოწმეთა ჩვენებების გაყალბებასა და ახმედ ჩატაევის უდანაშაულობაზეა საუბარი. გელა მთივლიშვილი სასამართლოს 1 ნოემბრის გადაწყვეტილებამ საშინლად უკმაყოფილო დატოვა:

”მე ვიცნობ ამ სისხლის სამართლის საქმეს. მქონდა საშუალება, რომ ყველა მასალას გავცნობოდი. არ არსებობს ერთი დეტალიც კი, რის გამოც ის შეიძლებოდა პატიმრობაში დაეტოვებინათ სამართლიანად. პროკურატურა ადამიანის მიმართ ახორციელებს უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნას. ძალიან ვწუხვარ, რომ ახალი მთავარი პროკურორის პირობებშიც კი ადამიანები ისჯებიან არჩადენილი დანაშაულისთვის.”

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს გელა მთივლიშვილს სასამართლო მოწმის სახით უპირებს დაკითხვას და ეს გადაწყვეტილება ასევე 1 ნოემბრის სხდომაზე იქნა მიღებული. ამავე სხდომაზე პირველად შეიტყო ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა, რომ პროკურატურაში შეტანილი მისი იმ განცხადების საფუძველზე, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრის სტატიას ეყრდნობა და მოწმეთა ცრუ ჩვენებების საკითხს უკავშირდება, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. არადა, როგორც ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი ამბობს, სულ ცოტა ხნის წინ პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი მას სულ სხვაგვარად ელაპარაკებოდა.

”29 ოქტომბერს, როცა მე პროკურორს შევხვდი და ვესაუბრე ჩემ მიერ შეტანილი განცხადების თაობაზე, მან განმიცხადა, რომ საქმეზე გამოძიება არ დაიწყება, ვინაიდან ეს განცხადება არ ასახავს ახალი დანაშაულის ნიშნებს და საქმესთან ერთად იქნება განხილული. ამის თაობაზე შეკამათებაც კი მოგვიხდა, რის შემდეგაც ახლა სულ სხვა გადაწყვეტილება ვიხილეთ - როგორც ჩანს, გამოძიება დაწყებულია და, როგორც ვიცი, თბილისის პროკურატურის წარმოებაშია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე”, - უთხრა ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა რადიო თავისუფლებას. ის იმედოვნებს, რომ ახმედ ჩატაევის გათავისუფლება მოხერხდება და რომ ამ საქმეში მნიშვნელოვან წვლილს სწორედ გამოძიების პროცესში დადასტურებული ფაქტები შეიტანს. საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG