Accessibility links

logo-print
მექსიკაში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩაველა ვარგასი - ეგრეთ წოდებული “რანჩერას” სტილის სიმღერების უბადლო შემსრულებელი, ფრიდა კალოსა და პედრო ალმოდოვარის მეგობარი, მუზა, მექსიკური ხალხური სიმღერის კლასიკოსი.

ჩაველა ვარგასმა 93 წელი აქტიურად იცხოვრა. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ შარშან საავტორო კონცერტი გამართა მეხიკოში. სავარძელს მიჯაჭვული გამოიყვანეს სცენაზე, მაგრამ ფეხზე ადგომა არ სჭირდებოდა - მაინც იმღერა, მაინც შეასრულა თავისი ფანების საყვარელი სიმღერები თავისი ხრინწიანი ხმით, რომელიც ასაკთან ერთად კიდევ უფრო დამახასიათებელი, უფრო დასამახსოვრებელი გაუხდა. ვინ იფიქრებდა ამას 30-იან წლებში, როცა მომავალი მომღერალი (სხვათა შორის, ჩაველა კოსტარიკელი უფროა, რადგან სწორედ იქ დაიბადა) პოლიომიელიტით დაავადდა და დაბრმავდა... მაგრამ მოარჩინეს... მერე ალკოჰოლიზმის მსხვერპლი გახდა - უკვე მოგვიანებით, როცა სახელგანთქმული მომღერალი იყო, როცა მისი დისკები მილიონობით ტირაჟით გამოდიოდა და როცა მსოფლიოს საუკეთესო მუსიკალურ დარბაზებში მღეროდა. ალკოჰოლიზმისგან განკურნება გაუჭირდა...

სპირტიანმა სასმელმა ერთხანს მაინც იმოქმედა მის კარიერაზე. 60-იანი წლების ბოლოს საკონცერტო მოღვაწეობა შეწყვიტა. “ჩაველა, წითელი პონჩოთი”, კინაღამ ყველას დაავიწყდა. მას უფრო ფრიდა კალოსთან დაკავშირებით იხსენებდნენ ხოლმე. იგი ფრიდას გარდაცვალებამდე - უფრო მეტიც, ფრიდა კალოს სიკვდილის შემდეგაც - მის სახლში ცხოვრობდა. მაგრამ 1990 წელს იგი დაუბრუნდა სცენას - დაუბრუნდა ტრიუმფით! ამბობენ, რომ ჩაველას დაბრუნებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ესპანელ რეჟისორს, პედრო ალმოდოვარს, რომელმაც სიმღერები ჩაველა ვარგასის შესრულებით თავის ფილმებში ჩართო და მექსიკელ მომღერალს ხელახლა მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.

ალმოდოვარის სტილი უცნაურად დაემთხვა ჩაველა ვარგასის სტილს - სანტიმენტალიზმი, აუცილებელი “რანჩერასთვის”, სასიყვარულო მელოდრამატულობა ყოველთვის ირონიის ზღვარზეა. სიმღერის დროს (მნიშვნელოვანია, რომ ხშირად მამაკაცის სამოსით გამოდიოდა სცენაზე, რათა მთავარი სტერეოტიპი - “სუსტი სქესის”, უფრო სწორად, “მიტოვებული, საწყალი ქალის” სახე დაენგრია) ზოჯერ განგებ აზვიადებდა ამ სანტიმენტალიზმს, ამძაფრებდა გრძნობებს, იმდენად ამძაფრებდა, რომ რაღაც წამში ცრემლი ღიმილში, მელოდრამატული პათოსი ირონიაში გადადიოდა... თანაც, სიმღერის დროს როლებს მუდმივად იცვლიდა: ხან ქალწული იყო, რომელიც შეყვარებულს უმღეროდა, ხან მიტოვებული ქალი, ხან შურისძიებით სავსე ქალი, ხანაც დედა, ხანაც მამაკაცი... შემთხვევითი არაა, რომ ჩაველა შესანიშნავად ასრულებდა სწორედ მამაკაცებისთვის დაწერილ სიმღერებს.

ჩაველა ვარგასის ბოლო ალბომი 2 წლის წინ გამოვიდა. ერთ კვირაში ყველა დისკი გაიყიდა მექსიკასა და ესპანეთში. ამას დაემატა მისი მემუარებიც, რომელიც რამდემჯერმე გამოსცეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩაველა იგონებს თავის მეგობრებს - ლორკას, ფრიდა კალოს, ვერნერ ჰერცოგს, ალმოდოვარს და, ბოლოს, გაკვირვებას ვერ მალავს: “მგონი, მეტისმეტად მაქებდნენ. მე ხომ ჩვეულებრივი ბებერი ლოთი ქალი ვარო”.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG