Accessibility links

ვენესუელის პარლამენტმა განუსაზღვრელი ვადით გადადო პრეზიდენტ უგო ჩავესის ინაუგურაცია, რომელიც 10 იანვარს უნდა გამართულიყო მას შემდეგ, რაც ჩავესი ოქტომბერში მესამე ვადით იქნა არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად.

უგო ჩავესი 1999 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. ის 58 წლისაა და ამჟამად კუბაში იმყოფება, სადაც მკურნალობს დეკემბერში გადატანილი ოპერაციის შემდეგ. ცნობილია, რომ ჩავესს კიბო აქვს, არ არის ცნობილი რისი და არც ის არის ცნობილი, რამდენი ხანი გაგრძელდება ოპერაციის შემდეგ ძალების აღდგენის პროცესი.

ფაქტია, რომ 10 იანვარს არ ჩატარდება ინაუგურაცია, რომელიც უნდა მოჰყოლოდა შარშან შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებში ჩავესის მორიგი ვადით გამარჯვებას. ვენესუელის პარლამენტში, ეროვნულ ასამბლეაში, ჩავესის მომხრე უმრავლესობამ დააკმაყოფილა პრეზიდენტის თხოვნა, მოგვიანებით დაადებინონ ერთგულების ფიცი, უკვე უზენაესი სასამართლოს წინაშე. ამ თხოვნას შეიცავდა წერილი, რომელიც სამშაბათს გადასცა პარლამენტს ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, ჩავესის სავარაუდო მემკვიდრემ ვენესუელის ლიდერის პოსტზე.

კანონმდებლებს პარლამენტის თავმჯდომარე დიოსდადო კაბელიომ წაუკითხა მადუროს წერილი:

„ამხანაგმა პრეზიდენტმა გვთხოვა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მისი მკურნალი ექიმების ჯგუფის რეკომენდაციით, ოპერაციის შემდეგ მისი ძალების აღსადგენად აუცილებელი დრო გასცდება მიმდინარე წლის 10 იანვარს. ამის გამო ის ვერ შეძლებს ამ დღეს გამოცხადდეს ეროვნული ასამბლეის წინაშე. ამ მოულოდნელი მიზეზით, ვისარგებლებთ ვენესუელის კონსტიტუციის 231-ე მუხლით, რათა ოფიციალურად დაინიშნოს სხვა თარიღი ფიცის დასადებად, უზენაეს სასამართლოსთან შეთანხმებით“.

როგორც ითქვა, ვენესუელის პარლამენტმა, რომელშიც უმრავლესობაში არიან უგო ჩავესის მომხრეები, დააკმაყოფილა პრეზიდენტის თხოვნა, მაგრამ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ოპოზიციონერი კანონმდებლები: ისინი აცხადებენ, რომ ჩავესის პრეზიდენტობის ვადა ხუთშაბათს ამოიწურება, რის გამოც საქმეში უზენაესი სასამართლო უნდა ჩაერიოს, საკითხის კანონის შესაბამისად მოსაგვარებლად. ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს დიოსდადო კაბელიოს მოუწოდებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისაკენ, რადგან 10 იანვარს ამოიწურება ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მანდატის მოქმედების ვადაც.

უგო ჩავესს 2011 წლის ივნისში დაუსვეს კიბოს დიაგნოზი. მას შემდეგ მას ოთხი ოპერაცია გაუკეთდა. ვენესუელის ინფორმაციის მინისტრმა ერნესტო ვილეგასმა ამ დღეებში განაცხადა, რომ კუბაში მყოფი უგო ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა „სტაბილურია“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG