ჩეხეთის პარლამენტმა დაიწყო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი და პირველ მოსმენაზე მას პარლამენტართა 67-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. „პირველი მოსმენიდან ეს დოკუმენტი დაჩქარებული წესით იქნება წარმოდგენილი მეორე მოსმენაზე. შემდეგ, მეორე მოსმენიდან მესამე მოსმენამდე წესდებით არის გათვალისწინებული სამი დღე. ხაზი გაესვა იმასაც, რომ ყველაფერი რიგის სამიტამდე უნდა დასრულდეს," - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ზაალ გოგსაძემ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ჩეხეთის პარლამენტს სარატიფიკაციო შეთანხმება წარუდგინა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიუბომირ ზაორალეკმა, რომელიც, მანამდე გავრცელებული ცნობით, თითქოს აფერხებდა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, ჩეხეთის კომპანია „ენერგო-პროსა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიმდინარე ფინანსური დავის გამო.