Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილის კატასტროფის 30-ე წლისთავი


ჩერნობილი
ჩერნობილი

უკრაინაში აღნიშნავენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის 30-ე წლისთავს. მთელი რიგი ღონისძიებები იმართება მსოფლიოს ისტორიაში უმძიმესი სამოქალაქო ატომური კატასტროფის მორიგ წლისთავზე.

26 აპრილს, დილაუთენია, სირენები ჩაირთო იმ მომენტის 30-ე წლისთავის აღსანიშნავად, როცა აფეთქებამ გაანგრია რეაქტორის შენობა და მაღლა, ცაში აისროლა რადიოაქტიური მასალა. შხამიანი ღრუბელი უკრაინიდან რუსეთზე, ბელორუსიასა და ჩრდილოეთ ევროპაზე გავრცელდა.

წუხელ შუაღამე ახალი ჩავლილი იყო, როცა ხსოვნის ცერემონია გაიმართა სლავუტიჩში. ეს დასახლება აშენდა ჩერნობილის ავარიის შემდეგ მუშების დასაბინავებლად.

„ეს ტრაგედია სიცოცხლის ბოლომდე გაგვყვება. მე ვერ დავივიწყებ და ვერც ვერავინ დაივიწყებს, ვინც ეს ყველაფერი პირველი დღიდან გამოიარა. მე, მაგალითად, იქ ვიყავი ავარიის პირველი დღიდან, 26 აპრილიდან“, - უთხრა სლავუტიჩში ცერემონიის მონაწილე ვასილი მარკინმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“. მარკინი ინჟინრად მუშაობდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წლის კატასტროფის დროს.

ასევე 26 აპრილს, მოგვიანებით, ელექტროსადგურთან, რომელიც მოსახლეობისაგან დაცლილ „აკრძალულ ზონაში“ მდებარეობს, გაიმართა ცერემონია უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მონაწილეობით.

პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

„ისტორიის გზაზე, რომელზეც უკრაინელი ხალხი მიაბიჯებს, ჩერნობილის ტრაგედია მოხდა, დაახლოებით, შუა გზაზე ნაცისტების ოკუპაციიდან რუსეთის აგრესიამდე. ის გახდა ყველაზე მძიმე გამოცდა ჩვენთვის მეორე მსოფლიო ომსა და იმ ომს შორის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვმა გააჩაღა. მაშინ, როცა ჯერ კიდევ კოლოსალური რესურსები სჭირდება ჩერნობილის კატასტროფის შედეგების გადალახვას, როცა აუცილებელია უზარმაზარი სახსრები ლიკვიდაციაში მონაწილეების და დაზარალებულების სოციალური საჭიროებებისათვის, იძულებული ვართ ჩვენი ბიუჯეტის თითქმის მეხუთედი მოვახმაროთ თავდაცვასა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა პოროშენკომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან გამართულ ცერემონიაზე.

პოროშენკო შეეხო აგრეთვე ავარიის პოლიტიკურ კონტექსტს 1986 წელს:

„ჩერნობილი, გარკვეულწილად, გახდა კატალიზატორი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში. მან ხელი შეუწყო უკრაინაში ანტიიმპერიული, ოპოზიციური ძალების შექმნას და დამოუკიდებლობასთან ჩვენს მიახლოებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობილია, რომ ჩერნობილის კატასტროფამ და მასზე მოსკოვის რეაქციამ სააშკარაოზე გამოიტანა საბჭოთა სისტემის სიმახინჯე: ბიუროკრატების უპასუხისმგებლობა, უარყოფითი მოვლენების მიჩქმალვის, გასაიდუმლოების წესი. მაგალითად, მოსახლეობის ევაკუაცია ავარიის შემდეგ მხოლოდ, დაახლოებით, 36 საათში დაიწყო...

მედიცინა და სტატისტიკა ვერ ადგენენ მსხვერპლის ზუსტ რაოდენობას, მაგრამ ადამიანების სიცოცხლის პირდაპირი და არაპირდაპირი დანაკარგი, - გარდაცვლილთა და დაავადებულთა რიცხვი, - სამწუხაროდ, ასიათასობით განისაზღვრება...
პეტრო პოროშენკო

2010 წლიდან მიმდინარეობს სამუშაოები დაზიანებულ რეაქტორზე სარკოფაგის ასაშენებლად. 1,7 მილიარდ დოლარად შეფასებული კონსტრუქციის დაფინანსებაში 40-მდე ქვეყანა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მონაწილეობენ. ამჟამად რეაქტორში, სავარაუდოდ, 200-მდე ტონა ურანი რჩება და სარკოფაგმა მომდევნო 100 წლით უნდა დაიცვას გარემო რადიოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებისგან, თუმცა სარკოფაგზე მუშაობის დასრულების შემდეგაც მიმდებარე ტერიტორია - 2600-მდე კვადრატული კილომეტრი - საცხოვრებლად გამოუსადეგარი დარჩება. ის დარჩება აკრძალულ ზონად ყველასთვის, საშვების მქონეთა გარდა.

ჩერნობილის ავარიის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე პოროშენკო შეეხო იმ გარემოებასაც, რომ ცნობილი არ არის მსხვერპლის რაოდენობა:

„მედიცინა და სტატისტიკა ვერ ადგენენ მსხვერპლის ზუსტ რაოდენობას, მაგრამ ადამიანების სიცოცხლის პირდაპირი და არაპირდაპირი დანაკარგი, - გარდაცვლილთა და დაავადებულთა რიცხვი, - სამწუხაროდ, ასიათასობით განისაზღვრება“.

უკრაინის პრეზიდენტმა 26 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებულებას ჩერნობილის რადიაციულ-ეკოლოგიური ბიოსფერული ნაკრძალის შექმნის შესახებ. ნაკრძალს დაეთმობა ტერიტორია კიევის ოლქში, განრიდების ზონისა და სავალდებულო განსახლების ზონის საზღვრებში. პრეზიდენტის პრესსამსახურის განმარტებით, ნაკრძალი არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩერნობილის ავარიის შედეგად რადიაციულად დაბინძურებული ტერიტორიის აღსადგენად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG