Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორია - უკვე ალიანსის წევრი?


იგორ ლუკშიჩი, იენს სტოლტენბერგი
იგორ ლუკშიჩი, იენს სტოლტენბერგი

ჩერნოგორია ტერიტორიით საქართველოზე ხუთჯერ მცირე, თავისი მოსახლეობით იმერეთზე პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური თანამეგობრობისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რაც იმით დადასტურდა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, მიიწვიონ ეს ჯუჯა სახელმწიფო ალიანსში გასაერთიანებლად.

ჩერნოგორია 2006 წლიდან არის ჩართული პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. მალევე, 2008-ში, მიიღო „პარტნიორობის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა“, იმავე წელს დაიწყო „ინტენსიური დიალოგი“ და 2009 წლის აპრილში მიიღო ეგრეთ წოდებული „მეპი“, გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რისი შედეგიც, გაწევრიანებისთვის მიპატიჟება, მიღწეულ იქნა ახლა, 2015 წლის ორ დეკემბერს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ დღეს მიმართა ბრიუსელში შეკრებილებს, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, მე მსურს რომ მოვიწვიოთ ალიანსში ჩერნოგორია და თქვენი დასტური მინდაო:

„გთხოვთ დამიდასტუროთ, რომ მივაღწიეთ კონსენსუსს, მოვიწვიოთ ჩერნოგორია, დაიწყოს ალიანსში გაერთიანებისთვის მოლაპარაკება და ეს განცხადება საჯაროდ გავავრცელოთ. შეგიძლიათ დამიდასტუროთ კონსენსუსი?“ - მიმართა გენერალურმა მდივანმა შეკრებილებს და მათი თანხმობის შემდეგ თქვა, ვხედავ, რომ კონსენსუსი გვაქვსო.

ეს განსაკუთრებით კარგი ახალი ამბავია დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებისთვის, რადგან დასავლეთბალკანური კიდევ ერთი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კიდევ ერთი ძლიერი მომხრის ყოლას ნიშნავს...
იგორ ლუკშიჩი

სტოლტენბერგმა დასტური მიიღო, ჩერნოგორიას მიულოცა და დასძინა, ეს აქტი - ყოფილი იუგოსლავიის, ყოფილი სერბია-ჩერნოგორიის ფედერაციის წევრის ნატოში მიღება - ცხადს ხდის, რომ ალიანსის კარი ღია რჩებაო. გენერალური მდივანი ჩერნოგორიულად მიესალმა სტუმრებს და ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა 2 დეკემბრის შეთანხმებას. ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ლუკშიჩმა, რომელსაც მიმართა სტოლტენბერგმა, ნატოს მიწვევას უწოდა დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყნისთვის დადებითი სიგნალი:

„ჩერნოგორიის მიწვევა უდიდესი სტიმულია ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ლამობენ. და ეს განსაკუთრებით კარგი ახალი ამბავია დასავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნებისთვის, რადგან დასავლეთბალკანური კიდევ ერთი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კიდევ ერთი ძლიერი მომხრის ყოლას ნიშნავს“.

ლუკშიჩის სამშობლოში ორი თვის წინ უკვე იმართებოდა დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები ნატოში ჩერნოგორიის გაერთიანებას არ ემხრობიან. მოწინააღმდეგეთა სპექტრი შეიძლება ჭრელია, მაგრამ მათ შორის არიან სერბები და ისინი, ვისაც ახსოვს 1999 წელი, როცა ნატოს ავიაციამ დაბომბა ფედერაცია და, მათ შორის, ახლა უკვე ნატოში მიწვეული ქვეყნის დედაქალაქი, პოდგორიცა. ოქტომბერში დემონსტრაციების წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ამ ქვეყანაში, ისევე როგორც მეზობელ სერბიაში, არიან პრორუსულად განწყობილი ძალები, რომელთა იმედი შეიძლება ჰქონდეს რუსეთს, როცა ახლა ჩერნოგორიის ნატოში მიწვევის გამო იმუქრება.

კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა თქვა, ნატოში ჩერნოგორიის მიწვევას რუსეთის მხრიდან საპასუხო მოქმედება მოჰყვებაო. პესკოვის სიტყვებით, რუსეთი სხვადასხვა დონეზე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ აღმოსავლეთით ნატოს და მისი ინფრასტრუქტურის მიმდინარე ექსპანსიამ არ შეიძლება აღმოსავლეთის საპასუხო რეაქცია არ გამოიწვიოს. თუმცა სტოლტენბერგმა ხაზგასმით თქვა ბრიუსელში, ჩერნოგორიასთან მოლაპარაკების დაწყება არანაირად არ არის კავშირში რუსეთთანო. სხვათა შორის, ბრიუსელში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოაცხადა, რომ ნატოსა და რუსეთს შორის მალე აღდგება რეგულარული დიპლომატიური კონტაქტები. ამის თაობაზე ცნობა გერმანიის სააგენტო „დე-პე-ამ“ გაავრცელა. მოსკოვმა ადრე ბალკანეთში ნატოს გაფართოებას პროვოკაციაც უწოდა. შტაინმაიერის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა სთხოვეს სტოლტენბერგს, მოამზადოს ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის განახლება. ეს თანამშრომლობა 2014 წელს შეწყდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, ნატო არავის ემუქრება, ეს თავდაცვითი კავშირიაო:

ჯონ კერი
ჯონ კერი

„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპის სრული ინტეგრაციისკენ, საერთო თავდაცვისკენ, ალიანსში ჩერნოგორიის მოწვევით, მისთვის უსაფრთხოებისა და ფასეულობების ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში მტკიცე ადგილის მინიჭებით. დავადასტურეთ, რომ ნატოს პოლიტიკა ღია კარის პოლიტიკაა. ჩემი მთავრობა მოუთმენლად ელის მომავალ თვეებში ჩერნოგორიის ხელისუფლებთან ერთად მუშაობას, რამაც უნდა მიგვიყვანოს გაისად ივლისში ვარშავის სამიტამდე, უშუალოდ გაწევრიანების პროცესთან“.

ახლა ბალკანეთში - მას მერე, რაც ჩერნოგორიაც ასე მიუახლოვდა ნატოს - სერბია გარიყულივით რჩება. ამ ქვეყნის და ჩერნოგორიის ფედერაციის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ დრაშკოვიჩმა, რომელმაც განაცხადა: „ეს არის ჩერნოგორიისთვის უდიდესი ნაბიჯი დღეს და გზამკვლევი სერბიისთვის ხვალო“, იქვე თქვა: სერბია ახლა ნატოს წევრებით არის გარშემორტყმული და ადგილობრივი ავანტიურისტების ოცნება ჩერნოგორიის გზით რუსეთის სამხედრო შემოსვლაზე ბალკანეთში აღარ ახდებაო. ჩერნოგორიაში ნატოში წევრობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის თითქმის ბალანსია. მოწინააღმდეგეთა წილი 36,2 პროცენტია, ოდნავ მეტია მომხრეთა რაოდენობა, ის 36,5 პროცენტს უდრის. გამოკითხვა მოაწყო პოდგორიცის დემოკრატიისა და უფლებათა დაცვის ცენტრმა. ოფიციალურ გაწევრიანებამდე წელიწად-ნახევარი მაინც არის საჭირო. ამისთვის აუცილებელია ყველა 28 წევრის დასტური. ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოელ კოლეგებს დაჰპირდა, გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას კორუფციასთან საბრძოლოდ და თავდაცვის სექტორის განვითარებისთვისო. ამ ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 45 მილიონს უდრის, მას 2 000 ათასზე ოდნავ მეტი აქტიური ჯარისკაცი ჰყავს. ჩერნოგორიაში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმებულია.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG