Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიდაობას რა უნდა?!


ლუკა კურტანიძე
ლუკა კურტანიძე

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმი 22 სექტემბერს გადაწყვეტს, თუ ვინ უხელმძღვანელებს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებს. მთავარი მწვრთნელების შეცვლის გადაყწვეტილება ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ 18 სექტემბერს მიიღო, რის მიზეზადაც დაასახელა 2014 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქართველი მოჭიდავეების წარუმატებელი გამოსვლა. ნაკრების წევრებისა და ვეტერანი მოჭიდავეების პროტესტის მიუხედავად, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი არ აპირებს შეცვალოს გადაწყვეტილება. 18 სექტემბერს ლუკა კურტანიძეს სამუშაო კაბინეტი აუჭედეს.

ლუკა კურტანიძის კაბინეტის კარის აჭედვასა და ფალავანთა კლუბთან გამართულ საპროტესტო აქციაში მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო რამაზ ნოზაძეც, მსოფლიოს ჩემპიონი და ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი:

„ეს პიროვნება არ არის საპრეზიდენტო. მას არ შეუძლია წარუძღვეს ჩვენს სტილს, რადგანაც არ აქვს ორგანიზატორის უნარ-ჩვევები, არ აქვს ურთიერთობა ბიჭებთან და ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს“.

რამაზ ნოზაძემ და საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებმა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 2013 წლის იანვრიდან წვრთნიდა:

მათ უნდა ჰქონოდათ კარგად განვითარებული პროფესიული უნარ-ჩვევები. მათ უნდა „დაედოთ“ შედეგები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გაუქმებულიყო მათთან ხელშეკრულება, კიდევ ერთხელ ვამბობ: აბოსლუტურად სამართლებრივ ჩარჩოებშია მოქცეული...
ხათუნა მიქაცაძე

„ეგრე არ არის, რომ მწვრთნელს უთხრა, მოგხსნი-დაგნიშნავ, ასე გიზამ, ისე გიზამ... მე ოლიმპიური ჩემპიონი ვარ და კარგად ვიცი, რა და როგორ უნდა გავაკეთო, რა ეტაპზე როგორი მომზადება უნდა გუნდს! ჩემი აზრით, უნდა დაინიშნოს ფედერაციაში ვადამდელი არჩევნები და ასე მშვიდობიანად მოხდეს ჩანაცვლება“.

თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, რომლის გენერალურმა მენეჯერმა ხათუნა მიქაცაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფედერაციის პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა მთავარ მწვრთნელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად.

„მათ უნდა ჰქონოდათ კარგად განვითარებული პროფესიული უნარ-ჩვევები. მათ უნდა „დაედოთ“ შედეგები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გაუქმებულიყო მათთან ხელშეკრულება, კიდევ ერთხელ ვამბობ: აბოსლუტურად სამართლებრივ ჩარჩოებშია მოქცეული. და მეორე: არც ერთი პუნქტი, რაც ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული ვალდებულებების სახით, მწვრთნელების მიერ არ იქნა შესრულებული“, უთხრა ხათუნა მიქაცაძემ რადიო თავისუფლებას.

ხათუნა მიქაცაძის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებმა ვერ გაამართლეს ის მოლოდინი, რომელიც, ქართველი მოჭიდავეების შთამბეჭდავი წარსულიდან გამომდინარე, ფედერაციის ხელმძღვანელობას და სპორტის მოყვარულებს ჰქონდათ. რადიო თავისუფლების სპორტული მიმომხილველი ოთარ მაღლაკელიძეც ამბობს, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებებმა, მართლაც, ვერ გამოიჩინეს თავი:

ბეგი დარჩია და სხვა სპეციალისტები ურჩევენ ფედერაციის ხელმძღვანელობას, იმის მაგივრად, რომ მოჭიდავეებზე გადატეხონ ჯოხი, უმჯობესია მეტი იმუშავონ მსაჯებთან...
რევაზ მინდორაშვილი

„ბოლო წვეთი იყო წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ტაშკენტში გაიმართა. ამ ჩემპიონატზე ჩვენმა მოჭიდავეებმა აჩვენეს ძალიან ცუდი შედეგები. ერთადერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა კი საერთოდ ვერ აიღეს მედალი, ისევე როგორც შარშან“.

რაც შეეხება მწვრთნელების კვალიფიკაციას, ოთარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ რევაზ მინდორაშვილი ისე გახდა ეროვნული ნაკრების თავკაცი, რომ მწვრთნელად არსად უმუშავია, თუმცა რევაზ მინდორაშვილიც და ბეგი დარჩიაც თავის დროზე ლუკა კურტანიძის გადაწყვეტილებით დაინიშნენ ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად. ოთარ მაღლაკელიძის თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ ქართველი სპორტსმენების წარუმატებლობის მიზეზი ჭიდაობის სამყაროში არსებულ კორუფციას უკავშირდებოდეს, რასაც დაბეჯითებით ამტკიცებენ საქართველოს ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები:

„ბეგი დარჩია და სხვა სპეციალისტები ურჩევენ ფედერაციის ხელმძღვანელობას, იმის მაგივრად, რომ მოჭიდავეებზე გადატეხონ ჯოხი, უმჯობესია მეტი იმუშავონ მსაჯებთან. ჭიდაობა კორუფციაშია ჩაძირული და მსაჯები ისე ართმევენ ქართველ სპორტსმენებს მედლებს, რომ ამის განმკითხავი არავინ არის და ის, რაც ფედერაციამ უნდა გააკეთოს, სხვა არავის შეუძლია. ნაკრების მწვრთნელები და მოჭიდავეები ითხოვენ, რომ ამაში დაეხმარონ, რადგანაც ამავე ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილმა და სხვა რამდენიმე მოჭიდავემ ამ მიზეზით დაკარგა მედლებიო“.

თუმცა, ამ და სხვა არგუმენტების მიუხედავად, თავად ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ არ შეცვლის მთავარი მწვრთნელების გათავისუფლების გადაწყვეტილებას. ლუკა კურტანიძის თქმით, 19 სექტემბერს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა შეკრება, რომელშიც, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის მიწვევით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები, მოქმედი და ვეტერანი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. როგორც ლუკა კურტანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, 22 სექტემბერს შეიკრიბება ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმი, რომელიც ყველა საჭირბოროტო საკითხს გადაწყვეტს.

„გადაწყვეტილებას იღებს როგორც ფედერაცია, ასევე პრეზიდიუმი, რომელშიც შედიან ის ადამიანები (30-ზე მეტი), რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი არიან ჭიდაობის სამყაროსთვის. პრეზიდიუმი შეიკრიბება 22 სექტემბერს 11.00 საათზე, იმსჯელებს მთავარი მწვრთნელების კანდიდატურებზე, რომელთაც ჩვენ წარვადგენთ. მათ შორის იქნებიან ყოფილი მწვრთნელებიც და გადავწყვეტთ, ვინ ჩაიბარებს ნაკრებს“, უთხრა ლუკა კურტანიძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG