Accessibility links

logo-print

იტყვის თუ არა უარს ოლიმპიადა ჭიდაობაზე?


ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე (მარცხნიდან პირველი)

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე (მარცხნიდან პირველი)

2020 წლის ოლიმპიური თამაშები შესაძლოა ჭიდაობის, ერთ-ერთი უძველესი ოლიმპიური სახეობის, გარეშე ჩატარდეს. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა 12 თებერვალს მიიღო. კომიტეტის წარმომადგენლის განმარტებით, გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ჭიდაობის სახეობების ოლიმპიადაზე დარჩენა-არდარჩენის საკითხი სექტემბერში ბუენოს აირესში გადაწყდება, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე. ქართული სპორტული საზოგადოების წარომადგენლების განცხადებით, საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სპორტის სახეობის, ჭიდაობის, ოლიმპიური თამაშებიდან ამოღება ნეგატიურად აისახება როგორც მომდევნო ოლიმპიადების ქართულ შედეგებზე, ისე ზოგადად თავად ჭიდაობის განვითარებაზეც.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილი ჯერჯერობით უკანასკნელი ქართველი ფალავანია, რომელსაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ერგო. ოქროს მედალი მან პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. ახლა ის საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას ახალგაზრდა მოჭიდავეებს უზიარებს. რევაზ მინდორაშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ის, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშები შესაძლოა ჭიდაობის გარეშე ჩატარდეს, მან 12 თებერვალს შეიტყო. ეს ამბავი გაიგეს ნაკრების წევრებმაც.

”აფორიაქდნენ ბიჭები. ჩვენთან, მოგეხსენებათ, ყველას, დიდს და პატარას, ჭიდაობა აინტერესებს და უყვარს. ჩვენი ქვეყნისთვის ჭიდაობა მნიშვნელოვანია. გული მაგრად დამწყდება, ჭიდაობა რომ ამოიღონ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა დონეზე იყო ამ საკითხის განხილვა. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, თუკი ჭიდაობას ამოიღებენ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მაინც მგონია, რომ ის დარჩება ოლიმპიურ პროგრამაში”, - ამბობს რევაზ მინდორაშვილი.

12 თებერვალს გახდა ცნობილი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შემდეგ, რომ ჭიდაობის სახეობები შესაძლოა (თავისუფალი, ბერძნულ-რომაული და ქალთა) ოლიმპიური პროგრამიდან გაქრეს. სპორტული საზოგადოების მიერ სკანდალურად შეფასებული გადაწყვეტილების მიზეზებად ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მაყურებელთა დასწრების ნაკლები მაჩვენებელი და ასევე დაბალი ტელერეიტინგი სახელდება. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას ძალიან ცუდი ავტორიტეტი აქვს სპორტის სამყაროში. არის კორუფციული გარიგებები, ფულის მიცემის და აღების შემთხვევები, ცალკეული სპორტსმენის სასარგებლოდ. ხშირად იცვლება წესები იმის მიხედვით, თუ ვის რა აწყობს...

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზებს არ ახმაურებს. გადაწყვეტილება ჭიდაობის ოლიმპიური თამაშებიდან შესაძლო ამოღების თაობაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა ლონდონის თამაშებზე 26-ვე სპორტის სახეობაზე დეტალური დაკვირვების შემდეგ მიიღო. ოლიმპიური კომიტეტის კომისიის დასკვნაში, რომელიც 39 კრიტერიუმისგან შედგება, შესწავლილია სატელევიზიო რეიტინგები, დოპინგთან ბრძოლა, ბილეთების გაყიდვები და ა.შ. ფარული კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის 14 წევრიდან რვა წევრმა მხარი ჭიდაობის ამოღებას დაუჭირა, ხოლო თანამედროვე ხუთჭიდსა და ბალახის ჰოკეის 3-3 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

”ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება”, - აცხადებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპიკერი მარკ ადამსი. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს იმედი აქვს, რომ სექტემბერში არგენტინის ქალაქ ბუენოს-აირესში საერთაშორისი ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჭიდაობის სასარგებლოდ იქნება მიღებული და ის ოლიმპიური თამაშის სტატუსს შეინარჩუნებს. ელგუჯა ბერიშვილი არ ეთანხმება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოლიმპიადიდან ჭიდაობის ჩამოცილების მიზეზი მისი დაბალი რეიტინგი იყოს, და ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას სულ სხვა მიზეზებით ხსნის. მისი თქმით, უკანასკნელი წლებია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია არაერთ სკანდალში გაეხვია. მათ შორის, საუბარია კორუფციულ გარიგებებზე.
ელგუჯა ბერიშვილი

ელგუჯა ბერიშვილი


”სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას ძალიან ცუდი ავტორიტეტი აქვს სპორტის სამყაროში. არის კორუფციული გარიგებები, ფულის მიცემის და აღების შემთხვევები, ცალკეული სპორტსმენის სასარგებლოდ. ხშირად იცვლება წესები იმის მიხედვით, თუ ვის რა აწყობს. მაგალითად გეტყვით, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სპონსორი აზერბაიჯანია, ანუ ქვეყანა აზერბაიჯანი. ეს კი დიდი ნონსენსია”, - აცხადებს ელგუჯა ბერიშვილი.

ელგუჯა ბერიშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე ფინალში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილის შემთხვევას იხსენებს. მისი თქმით, მსაჯების არამართებული გადაწყვეტილების გამო, ქართველი ფალავანი მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა, რასაც შუააზიელი მსაჯების დისკვალიფიკაცია მოჰყვა: ”არ არის აუცილებელი ჭიდაობა ღრმად იცოდე, რომ მიხვდე, რა საქციელი ჩაიდინეს მსაჯებმა”.

1952 წელს დავით ციმაკურიძე სწორედ თავისუფალ ჭიდაობაში გახდა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი. იმ დროიდან მოყოლებული, საქართველოსთვის ჭიდაობა ოლიმპიურ თამაშებში მიღწეული წარმატებების მთავარი რგოლია. 34
ეს ფაქტი ძალიან დააზარალებს თვითონ ჭიდაობას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მედლების თვალსაზრისით. ფაქტი სახეზეა. გაიხსენეთ თუნდაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ქართული შედეგები...

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიდან 11, ანუ ყველაზე მეტი, მოჭიდავეა, 15 ოლიმპიადაზე 21 სპორტულ სახეობაში მოხვეჭილი სამივე სინჯის 118 მედლიდან კი 40 მედალი სწორედ მოჭიდავეებზე მოდის. ლონდონის ოლიმპიადის 7 პრიზიორიდან 6 სწორედ მოჭიდავე იყო. ოლიმპიური თამაშებიდან ჭიდაობის ამოღებით საქართველოს სპორტული სამყარო - და არამხოლოდ ის - სერიოზულ დარტყმას მიიღებს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი:

”ეს ფაქტი ძალიან დააზარალებს თვითონ ჭიდაობას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მედლების თვალსაზრისით. ფაქტი სახეზეა. გაიხსენეთ თუნდაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ქართული შედეგები”.

საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილის თამაზ თევზაძის განმარტებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის გადაწყვეტილება ჭიდაობის სახეობების ოლიმპიური თამაშებიდან ამოღების შესახებ შესაძლოა იყოს ერთგვარი გამაფრთხილებელი გზავნილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მისამართით ჭიდაობაში არსებული არაერთი პრობლემური საკითხის - მათ შორის, წესების დახვეწის, სატელევიზიო პოლიტიკის სწორად წარმოების, კორუფციის აღმოფხვრის თუ სხვა პრობლემების - მოსაგვარებლად.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ოლიმპიადების სახეობებში ბოლო ცვლილებები 2010 წელს შევიდა. მაშინ გადაწყდა, რომ 2016 წელს ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში დაგეგმილ თამაშებში მონაწილეობას გოლფი და შვიდკაცა რაგბი მიიღებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG