Accessibility links

logo-print

გადატრიალების საფრთხე პრესის ფურცლებიდან


ალექსანდრე ჭიკაიძე

ალექსანდრე ჭიკაიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მზადების საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ინტერვიუში, რომელიც გაზეთ „ალიაში” დღეს, 10 სექტემბერს, გამოქვეყნდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად სპეციალური გეგმის განხორციელებას აპირებდა.

„ალიასთან“ ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გეგმა ითვალისწინებს შეიქმნას კარგად ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც, თავის მხრივ, ცალკეულ მობილურ ჯგუფებად დაიყოფა. ამ ჯგუფებს, შინაგან საქმეთა მინისტრის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ევალებათ იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის, პოლიციის თვალწინ; ეცადონ მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები სხვადასხვა თემის მანიპულირებით, როგორიცაა: კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობები. ამავე გეგმაში, მინისტრ ჭიკაიძის თანახმად, შედის დევნილთა პრობლემების გამოყენება, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე გაფიცვების პროვოცირება და, ზოგადად, ნეგატიური ფონის შექმნა როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ წრეებში.

ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებებს რადიკალურად განსხვავებულად აფასებენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია სარწმუნოა მისი კოლეგებისათვის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც 10 სექტემბერს მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებული კომენტარების მიხედვით, ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მზადების შესახებ, საზოგადოების დარად, თავადაც „ალიას“ საგაზეთო ინტერვიუდან შეიტყვეს. იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს:

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

“‘ნაციონალური მოძრაობა’ დღეს კი არა, ხელისუფლებაში როცა იყო, მაშინაც დესტაბილიზაციის მეტს ვერაფერს აკეთებდა. ბუნებაში აქვთ გამჯდარი, დესტაბილიზატორები არიან ყველანი - თვითონ განცხადებით, ქმედებით და ყველაფრით. რაც შეეხება ჭიკაიძის განცხადებას, ჭიკაიძე ასეთ განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს, მას აქვს ინფორმაცია და, შესაბამისად, ეს განცხადებაც იმ ინფორმაციებზე დაყრდნობითაა გაკეთებული“.

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი კი, თავის მხრივ, ხაზს უსვამს სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ მუშაობას, როგორც იმის გარანტიას, რომ ქვეყანაში ქაოსის შექმნა შეუძლებელია:

“ვერავინ ვერაფერს ვერ შეძლებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, ვინაიდან გამართულად მუშაობს ყველა ინსტიტუცია, მათ შორის განსაკუთრებულად მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას და მის ხელმძღვანელობას, ვინაიდან ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური კრიმინოგენური ვითარება და იყოს ზოგადად სტაბილურობა და უსაფრთხოება“.

ინტერვიუში კი, რომელიც გაზეთმა „ალიამ“ გამოაქვეყნა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გეგმას განხორციელება არ უწერია და ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება. ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციად კი, რომელსაც გეგმის ნაწილის განხორციელება დაევალა, მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ზონას“ ასახელებს:

„თავისუფალი ზონის“ წევრებს მიეცათ დავალება, სასწრაფო დახმარების ექიმებისგან მიიღონ ინფორმაციები პიროვნების გარდაცვალების შესახებ და ეს გააპიარონ იმ კუთხით, რომ თითქოსდა ახალმა მთავრობამ შეუზღუდა მოსახლეობას სასწრაფოს გამოძახება და ეს არის ამის შედეგი. ამ გზით სურთ ნეგატიურად წარმოაჩინონ ის რეგულაციები, რაც მთავრობამ მიიღო სასწრაფოს რეფორმირებისთვის“.

მიხეილ სააკაშვილისგან ყოველთვის ყველაფერს შეიძლება ელოდეს ხალხიც და ქვეყანაც. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის არათანმიმდევრული, რისკიანი, იმპროვიზაციის დიდი უნარით დაჯილდოებული პოლიტიკოსი, რომელიც ავანტიურის შედეგებზე, შეიძლება ითქვას, არასოდეს არ ფიქრობს...

„თავისუფალი ზონის“ გამგეობის თავმჯდომარე გელა ვასაძემ, ამ ბრალდების საპასუხოდ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მსგავსი გეგმა ორგანიზაციას არ ჰქონია, თუმცა მადლობელია მინისტრის, რომ უკარნახა თემა და სფერო, რომლის მონიტორინგიც აუცილებელია. რაც შეეხება ინტერვიუში ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, გელა ვასაძე ამბობს:

“თვითონ ორგანიზაციაში ეგ ყველაფერი აღიქმება იუმორით, მაგრამ სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. საკვანძო მინისტრი აძლევს ინტერვიუს ყვითელ გაზეთს და, ბოდიში და, ბოდავს, იქიდან გამომდინარე, რომ დესტაბილიზაციის ფაქტორი თუ არის სამოქალაქო საზოგადოების და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა, საზოგადოებას გავაცნოთ ის პრობლემები, რომლებიც არსებობს ქვეყანაში, მაშინ ჩავთვალოთ ეს დესტაბილიზაციად“.

გელა ვასაძე დასძენს, რომ „თავისუფალი ზონა“ არის საქართველოში პირველი ინტერაქტიული ქსელური ორგანიზაცია, რომლის მიზანი ქვეყანაში არსებული პრობლემების გამოაშკარავება და საჯარო დისკუსიის საგნად ქცევაა. ორგანიზაციისთვის საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო გელა ვასაძე ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებებს, თავის მხრივ, აბსურდულად მიიჩნევენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ორგანიზაციის ლიდერები, მათ შორის, სერგო რატიანი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული შეთქმულების გეგმის არსებობაზე საუბრით მინისტრს თავისი წარუმატებლობის გადაფარვა სურს:

“საქართველოში შექმნილია ვითარება, როდესაც კრიმინოგენური ვითარება აწეულია, ისინი ვერ აკონტროლებენ ამას. საზოგადოება შეშფოთებულია და ამ დღეებში არაერთი განცხადება იყო გაკეთებული არა მხოლოდ ჩვენ მიერ, არამედ არასამთავრობოების მიერაც. ყველა აღშფოთებულია და ახლა ამ პრობლემის გადაფარვა ზღაპრების, საბურავების, შეთქმულებისა და სხვა საკითხებით, უბრალოდ... უბრალოდ. ეს ვერ გადაფარავს“.

რა აუცილებელია ამის დაანონსება. თუ არსებობს ამის საფრთხე, ადექი და გაანეიტრალე, გამოიყვანე შემდეგ დამნაშავეები და აჩვენე მოსახლეობა...

თუ ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუს დავუბრუნდებით, მასში მინისტრი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ეგრეთ წოდებული ქაოსის გეგმის შესახებ კონკრეტული დავალებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე მისცა. ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვაჟა ბერიძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია:

“მიხეილ სააკაშვილისგან ყოველთვის ყველაფერს შეიძლება ელოდეს ხალხიც და ქვეყანაც. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის არათანმიმდევრული, რისკიანი, იმპროვიზაციის დიდი უნარით დაჯილდოებული პოლიტიკოსი, რომელიც ავანტიურის შედეგებზე, შეიძლება ითქვას, არასოდეს არ ფიქრობს“.

პოლიტიკური ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კი ფიქრობს, რომ რადენიმე ფაქტორის კომბინაცია არასასიამოვნო ფონს ქმნის:

“მიანიშნებს შემდეგ უარყოფით მომენტებზე: პირველი ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეშინია 500-კაციანი ჯგუფის, რომ არ მოაწყოს გადატრიალება. ეს თავისთავად მოასწავებს მის სისუსტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსი, და, მეორე, რა აუცილებელია ამის დაანონსება. თუ არსებობს ამის საფრთხე, ადექი და გაანეიტრალე, გამოიყვანე შემდეგ დამნაშავეები და აჩვენე მოსახლეობას“.

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თანახმად კი, საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

XS
SM
MD
LG