Accessibility links

logo-print
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, რომელთა უმეტესობა გასართობი ხასიათის იყო, ზოგიერთი კი უშუალოდ საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას მიეძღვნა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ახალგაზრდა ადვოკატები” პრესკონფერენცია გამართა და ბავშვთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება. აქვს თუ არა ქვეყანას ასეთი სტრატეგია და ვის ევალება მისი განხორციელება?

არასამთავრობო ორგანიზაცია ”უმუშევართა კავშირისა“ და აგრეთვე ”მზრუნველი მშობლების” წარმომადგენლებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ერთად, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყეს - ისინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის მეტ სოციალურ გარანტიებს მოითხოვდნენ.
ირინა მამულაშვილს 3 შვილი ჰყავს. მათ შორის ერთი, 16 წლის ქალიშვილი, დაბადებიდან ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. ირინა მამულაშვილი ამბობს, რომ შვილის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების გამო უსახლკაროდ დარჩა:

” ამის მკურნალობის გამო დიდ ჩიხში გავიჭედე და დავრჩი უბინაოდ და ქირით ვართ. 12 წელია უბინაოდ ვართ და ამ ხნის განმავლობაში ჩემს შვილს არაფერი გაჰკეთებია, ელემენტარული მკურნალობაც კი, იმიტომ რომ არ მაქვს ამის სახსრები.”

ვადამდე ადრე გათავისუფლების დროს თითებზე ჩამოსათვლელია იმ არასრულწლოვანთა რაოდენობა, რომელთაც ათავისუფლებენ ...
ირინა მამულაშვილის თქმით, მისი ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სიაში არ არის შეყვანილი, ოჯახის შემოსავალი კი ძირითადად შვილის ინვალიდობის გამო დანიშნული თვეში 70-ლარიანი შემწეობაა, რაც, ოჯახის კი არა, ინვალიდი ბავშვის საჭიროებებს ვერ სწვდება. ირინა მამულაშვილის სიტყვებით, 2007 წლამდე მის შვილს, სხვადასხვა მუნიციპალური თუ სახელმწიფო პროგრამების (ფიზიკური რეაბილიტაციისა და სხვ.) ფარგლებში, გარკვეული სახის დახმარებას უწევდნენ, ახლა კი ოჯახი სექტემბრის მოლოდინშია, როცა ბავშვებს სახელმწიფო დააზღვევს და ამით - იმედი აქვთ - მდგომარეობა გაუუმჯობესდებათ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ახალგაზრდა ადვოკატები” კი 1 ივნისს იმ 199 არასრულწლოვანის საკითხი დასვა, რომლებიც საპატიმროებში იმყოფებიან. ორგანიზაციის დამფუძნებლის არჩილ კაიკაციშვილის სიტყვებით, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულება მკაცრია და ჰუმანურობას მოკლებული:


”სამწუხაროდ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ შეწყალებისა და ვადამდე ადრე გათავისუფლების დროს თითებზე ჩამოსათვლელია იმ არასრულწლოვანთა რაოდენობა, რომელთაც ათავისუფლებენ.”

ჯერ კიდევ რჩება ბავშვების ჯგუფი, რომელიც, სამწუხაროდ, არ ხვდება არც ერთ ასეთ გეგმაში. მაგალითისთვის მოვიყვან ქუჩაში მყოფ და მომუშავე ბავშვებს ...
სახალხო დამცველის ოფისის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის უფროსი ანა არგანაშვილი კი ამბობს, რომ პროგრამა, რომელიც მედიაციასა და განრიდებას ითვალისწინებს, მოზარდების საპატიმროებში მოხვედრის ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს და, ამ თვალსაზრისით, ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის სტრატეგია დადებითად შეიძლება შეფასდეს. თუმცა ზოგადად ბავშვთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სტრატეგიაზე საუბრისას, ანა არგანაშვილი ყურადღებას ამახვილებს ამ სტრატეგიის განხორციელების ნაკლოვანებებზე, მათ შორის იმაზე, რომ სტრატეგიის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყებები ძირითადად ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებია, რომელთა სტრატეგიული გეგმები ხშირად ყველა ბავშვს ვერ სწვდება ან ეს გეგმები გარკვეული დროითაა შემოფარგლული და სრულად ვერ ფარავს ბავშვთა საჭიროებებს. ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელს კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს:

”სახალხო დამცველი, როდესაც აკეთებს ბავშვთა უფლებების მონიტორინგს, ვთქვათ, 2011 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ რჩება ბავშვების ჯგუფი, რომელიც, სამწუხაროდ, არ ხვდება არც ერთ ასეთ გეგმაში. მაგალითისთვის მოვიყვან ქუჩაში მყოფ და მომუშავე ბავშვებს.”

ანა არგანაშვილის სიტყვებით, ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვები ვერანაირი სახელმწიფო სიკეთით ვერ სარგებლობენ იმ მარტივი მიზეზით, რომ მათი სტატისტიკაც კი არ არსებობს, თუმცა, როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ამბობს, ქვეყანა თითქმის ყველა საერთაშორისო კონვენციასაა მიერთებული და შესაბამისი სახელმწიფო გეგმაც აქვს ბავშვთა უფლებების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, ოთარ თოიძის სიტყებით, საქართველოში უზრუნველყოფილია განათლების, ჯანდაცვის, ნორმალური საცხოვრისის და კიდევ უამრავი უფლება. თუმცა, მისივე სიტყვებით, სახელმწიფოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სხვადასხვა კატეგორიის ბავშვთა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა სტატუსის განსაზღვრა და, ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო სტრატეგია ჯერ კიდევ სრულყოფის სტადიაშია:

” ქვეყანას, რომელიც 5 წელია აშენებს ჯანდაცვის და რეაბილიტაციის სისტემას და შეზღუდულ შესაძლებლობათა სტატუსის დადგენის, მისი კლასიფიკაციის, მისი მკურნალობის სქემებზე ახლა მუშაობს, ყველაფერს ვერ მოვთხოვთ, სამწუხაროდ, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ ამ მხრივ მიმდინარეობს მუშაობა.”
XS
SM
MD
LG