Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდები საკუთარ უფლებებს ბავშვთა მრჩეველთა საბჭოში განიხილავენ


ბავშვთა დაცვის დღე მთაწმინდის პარკში
ბავშვთა დაცვის დღე მთაწმინდის პარკში
სახალხო დამცველის ოფისში ბავშვთა მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. მრჩეველთა საბჭო 15 მოზარდს აერთიანებს და მათ მიზანს ბავშვთა უფლებების შესახებ თანატოლთა ინფორმირება, ბავშვთა უფლებების დაცვაზე მიმართვიანობის გაზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს. საბჭო ასევე განიხილავს სხვადასხვა სფეროში სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ იმ სამოქმედო გეგმებს, რომლებიც ბავშვთა კეთილდღეობის, განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებების უზრუნველყოფას ეხება.
ჩვენი ძირითადი მიზანია შევძლოთ ბავშვების ინფორმირება იმის შესახებ, რომ თუკი რაიმე სახით მათი უფლებები დაირღვევა, მათ შეუძლიათ მიმართონ შესაბამის ორგანოებს, რომლებიც გაუწევენ დახმარებას...

17 წლის დიანას საუბრის ტონი დამაჯერებელი და საქმიანია. ამბობს, რომ ბავშვთა უფლებების შესახებ ბევრი რამ იცის და ახლა უნდა საკუთარი გამოცდილება თანატოლებსაც გაუზიაროს. სახალხო ოფისთან არსებულ ბავშვთა მრჩეველთა საბჭოშიც ამიტომ მივიდა. ის საბჭოს სხვა წევრებთან ერთად დებულებაზე მუშაობს. მითითება დებულებაში - საბჭო დაფუძნებულია 2011 წლის 16 ნოემბერს. საბჭოს მისიის შესახებ კი თავად დიანასგან შევიტყობთ:

”ჩვენი ძირითადი მიზანია შევძლოთ ბავშვების ინფორმირება იმის შესახებ, რომ თუკი რაიმე სახით მათი უფლებები დაირღვევა, მათ შეუძლიათ მიმართონ შესაბამის ორგანოებს, რომლებიც გაუწევენ დახმარებას.”

ბავშვთა მრჩეველთა საბჭო ამ ეტაპზე თბილისის სხვადასხვა სკოლის 13-დან 18 წლამდე ასაკის 15 მოსწავლეს აერთიანებს. ბავშვთა უფლებებზე სწორედ ბავშვებმა უნდა იმსჯელონ - ეს იყო საბჭოს შექმნის მთავარი იდეა, გვეუბნება ანა არგანაშვილი, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. ჩვენ გვჯერა, რომ მოზარდები აქტიურად დაეხმარებიან სახალხო დამცველის ოფისს ბავშვთა უფლებების დარღვევებზე რეაგირების პროცესში, მიუთითებს ანა არგანაშვილი.
საქართველოში ბავშვთა უფლებების სფეროში მთელი რიგი რეფორმები ხორციელდება, მაგრამ რეფორმებში არ ჩანს ბავშვის ხმა...

”ისინი გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მაგალითად, როგორი უნდა იყოს ბავშვთა შორის ძალადობის შემცირების სტრატეგია, რა არის ამ ძალადობის განმაპირობებელი მიზეზები. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ ხედავენ ისინი დღევანდელ რეალობას. საქართველოში ბავშვთა უფლებების სფეროში მთელი რიგი რეფორმები ხორციელდება, მაგრამ რეფორმებში არ ჩანს ბავშვის ხმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რეფორმაში გამოჩნდეს მოზარდთა მონაწილეობა”, - ამბობს ანა არგანაშვილი.

ბავშვთა უფლებები ეს ის თემაა, რომელიც სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარშში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 2010 წლის ანგარიშში სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მიუთითებდა, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა რჩება ბავშვთა უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან სფეროდ საქართველოში. ანგარიშში საუბარია იმის შესახებაც, რომ საქართველოში ხშირად ირღვევა მოზარდთა განათლების უფლება. ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ყურადსაღები პრობლემებია ინსტიტუციურ დაწესებულებებშიც. ბავშვთა მრჩეველთა საბჭოს პირველ შეხვედრაზე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში იმ არასწორ მოსაზრებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, მისი თქმით, საქართველოში აქტიურად არის გავრცელებული და რომელიც აფერხებს მოზარდთა ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე:
გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

”2010 წელს არაერთხელ მქონდა შეხება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოსთან, მათ შორის სამზრუნველო დაწესებულებებთან, რომლებიც უშუალოდ არიან მოვალენი, რომ ბავშვებზე იზრუნონ. იყო შემთხვევები, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ბავშვის აზრი არ უნდა მოგვესმინა, რადგან მათი აზრი არ არის მნიშვნელოვანი, ისინი არიან პატარები და არა აქვთ უნარი, რომ ჩამოაყალიბონ აზრი თუნდაც საკუთარ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ამიტომ უნდა ვუსმინოთ აღმზრდელებს, დირექტორებს, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს და ა.შ. ეს მიდგომა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია.”

ჩემს გარშემო ხშირად ირღვევა ბავშვების უფლებები, თუმცა, მათ ისიც კი არ იციან, რომ უფლებები გააჩნიათ, გვეუბნება მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ნადირაძე, რომელიც საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს ბავშვთა მრჩეველთა საბჭოს შექმნის იდეას და გარკვეული სტერეოტიპების დარღვევასაც გეგმავს.
მგონია, რომ ბავშვთა მრჩეველთა საბჭოს შექმნა კარგი წამოწყებაა და ბევრი რამ შეიცვლება ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ...

”პირადად მე ჩავატარე ჩემს სკოლაში გამოკითხვა იმის შესახებ, თუ რა იციან ბავშვებმა საკუთარ უფლებებზე და მათმა უმეტესობამ დაწერა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. ვეცდებით, რომ დავამსხვრიოთ რამდენიმე სტერეოტიპი - მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გარშემო. სკოლებში ხშირად ირღვევა მათი უფლებები. მათ არ აქვთ თანაბარი პირობები შექმნილი იმისათვის, რომ ისწავლონ. მგონია, რომ ბავშვთა მრჩეველთა საბჭოს შექმნა კარგი წამოწყებაა და ბევრი რამ შეიცვლება ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ”, - ამბობს გიორგი ნადირაძე.

ბავშვთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ბავშვთა დაცვა დისკრიმინაციისგან, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმები ბავშვთა უფლებებზე - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ბავშვთა უფლებების საბჭო თვეში ერთხელ სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებთან ერთად განიხილავს. როგორც სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, მოზარდები საკუთარ პრობლემებს განსხვავებული კუთხით წარმოაჩენენ. ეს კი ბავშვთა უფლებებზე ზრუნვას მნიშვნელოვნად გააადვილებს.
XS
SM
MD
LG