Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში ლიდერების ახალი თაობა მოდის


პეკინი, 2012 წლის 8 ნოემბერი. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობის გახსნა
პეკინი, 2012 წლის 8 ნოემბერი. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობის გახსნა
ჩინეთში მუშაობა დაიწყო კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობამ, რომელიც მიჩნეულია ამ ქვეყანაში ბოლო 10 წლის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ შეკრებად: ყრილობაზე ამჯერად დაასახელებენ პარტიისა და ქვეყნის ახალ ლიდერებს.

„ეს არის დიდი ცვლილება მმართველობის უმაღლეს დონეზე. პრეზიდენტი ჰუ ძინტაო და პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო მიდიან ჩინეთში მმართველ პოზიციებზე 10 წელი მუშაობის შემდეგ და მათ ადგილს იკავებს ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე 10 წელი დარჩება. მათ გარშემო, ჩინეთის ხელმძღვანელობაში მოხდება მართლაც არსებითი ცვლილებები. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ჩინეთის მმართველი კადრები“, განმარტავს ჩინეთის პოლიტიკის ექსპერტი, ლონდონში დაფუძნებული „ჩეტემ ჰაუსის“ თანამშრომელი, როდ უაი.

ექსპერტების უმრავლესობა მოელის, რომ უმაღლეს პოსტებზე დაინიშნებიან ჩინეთის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი სი ძინპინი და პირველი ვიცეპრემიერი ლი კეციანი. სი ძინპინი დაიკავებს ჯერ კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის პოსტს, რასაც მომავალი წლის მარტში დაემატება პრეზიდენტის პოსტიც. ხოლო ლი კეციანი პრემიერ-მინისტრად დაინიშნება.

ლონდონელი ექსპერტის ვარაუდით, მარტო ეს ორი პირი დარჩება პარტიის მმართველი გავლენიანი ორგანოს, პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის შემადგენლობაში. „ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობის ბირთვია პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტი. მისი ცხრა წევრიდან, შვიდი უკვე საპენსიო ასაკშია, 65-ს გადააბიჯა. ამდენად, მხოლოდ ორი მათგანი - სი ძინპინი და ლი კეციანი - რჩება ახალი ხელმძღვანელობის ბირთვში. ეს თავისთავად უჩვეულოა ჩინეთისათვის, რომ უმაღლესი რანგის ერთბაშად ამდენი ლიდერი იცვლება, რაც მათთვის, ჩემი აზრით, ცოტა დამაბნეველია“, ამბობს როდ უაი და დასძენს, რომ ცვლილებები ვრცელდება ბევრ სხვა თანამდებობაზეც.

ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება საკადრო სიახლეებზე სამხედრო მმართველობაში. ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის რანგში, პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს ეყოლება ორი ახალი მოადგილე. ამ ცნობაში არ ამბობენ, გადადგება თუ არა ჰუ ძინტაო სამხედრო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

ცნობილი კი ის არის, რომ ჩინეთის ახალ ხელმძღვანელობას მოუწევს, ანგარიში გაუწიოს მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას კორუფციით, რომელიც, ბევრის აზრით, არის გავრცელებული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობაში.

კორუფციის პრობლემაზე ყრილობის გახსნისას ისაუბრა პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ: „კორუფციასთან ბრძოლა და პატიოსანი, სუფთა მთავრობის შექმნა არის მკაფიო პოზიცია, რომელსაც პარტია ერთგულებს და არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ხალხის ყურადღებას იქცევს. თუ კარგად არ ვიზრუნებთ კორუფციის პრობლემის მოგვარებაზე, ამას შესაძლოა, საბედისწერო შედეგები მოჰყვეს პარტიისათვის და შესაძლოა პარტიის დაშლა და სახელმწიფოს დაშლაც კი მოჰყვეს“.

მოსალოდნელია, რომ კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთში ეკონომიკის ზრდის შენელების საკითხსაც, ისევე როგორც ეკოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც სულ უფრო მწვავდება ჩინეთში სწრაფი მოდერნიზაციის ფონზე.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობა ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. ის ერთი კვირა გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG