Accessibility links

ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოსალოდნელი შედეგები


ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა ჩატარდა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ხელი მოაწერეს ასევე შეთანხმებას „ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყლის“ განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალურ აზიასა და მის ფარგლებს მიღმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას აბრეშუმის გზის ძველი სავაჭრო მარშრუტის ასაღორძინებლად.

თავისუფალი ვაჭრობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ კვლევა პი-ემ-სი კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა და პირველადი შედეგებიც გამოაქვეყნა. ანალიზმა აჩვენა, რომ, საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, მოკლე ხანში საქართველოს საქონლის ექსპორტი ჩინეთში გაიზრდება, დაახლოებით, 9 პროცენტით, მათ შორის მნიშვნელოვნად გაიზრდება ღვინისა (28.5 %) და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი (36.7). ამასთან, ჩინეთიდან საქონლის იმპორტი გაიზრდება 1.7 პროცენტით. ჩინეთიდან გაზრდილი იმპორტის 48 პროცენტი ე. წ. „ჩანაცვლების ეფექტზე, ხოლო 52 პროცენტი „მოთხოვნის ეფექტზე“ იქნება. მოსალოდნელია, რომ ჩინეთიდან გაზრდილი იმპორტი ძირითადად ჩაანაცვლებს იმპორტს თურქეთიდან. აღსანიშნავია, რომ, იმპორტის გადასახადის გაუქმების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდება მაქსიმუმ 12 პროცენტით, რაც, თანხობრივად, 8 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნება.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, მოსალოდნელია ასევე ჩინეთიდან საქართველოში შემოსულ ინვესტიციათა ნაკადების მკვეთრი ზრდაც - განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ფინანსური, ჰიდროენერგია, კომუნიკაცია და ინტერნეტი, სამედიცინო ინდუსტრია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი რესურსები და ღვინის სექტორი.

ამ ეტაპზე მთლიანი სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ჩინეთს შორის წლიურად 832 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, 2010-2014 წლებში სავაჭრო ბრუნვა თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა. იმპორტი ჩინეთიდან 732,9 მლნ აშშ დოლარს უტოლდება და ძირითადი საიმპორტო პროდუქციაა: შავი ლითონისა და ფოლადის პროდუქტები, პორტატული ციფრული გამომთვლელი მანქანები, ფეხსაცმელი, სატელეფონო აპარატები. საქართველოს ექსპორტი ჩინეთში გასულ წელს 90.39 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა და ძირითადი საექსპორტო პროდუქცია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ჯართი, ღვინო და ალკოჰოლური/არაალკოჰოლური სასმელები იყო.

ამ ეტაპზე ჩინეთს 14 თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს 33 სახელმწიფოსთან (მათ შორის, ჩილესთან, ახალ ზელანდიასთან, სინგაპურთან, პაკისტანთან, პერუსთან, ისლანდიასთან, სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასთან). მოლაპარაკებების პროცესშია 7 ახალი შეთანხმება 22 ქვეყანასთან.

კვლევის საბოლოო შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება შემდგომი მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის შეთანხმების გაფორმების შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG