Accessibility links

logo-print

რა ხდება იქ, სადაც ჩრდილები ცოცხლდებიან? რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში თვეში ერთხელ ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა-გაგრა“ მაყურებელს სპექტაკლებს სთავაზობს, რომლის მთავარი გმირები მხოლოდ და მხოლოდ ხელებით შექმნილი ჩრდილებია. გარდა რუსთაველის თეატრის მცირე სცენისა, დასის წევრები რეგიონებსა და სკოლებში მართავენ წარმოდგენებს. როგორ შეიქმნა ჩრდილების თეატრი და ვინ არიან თეთრი ეკრანის მიღმა მდგარი ჩრდილები?

90-იანებში, თბილისში რომ შუქი ჩაქრებოდა, ქალაქობანას თამაში რომ მოგვბეზრდებოდა, ბებო ნავთის ლამფას აუწევდა, სკამზე ჩამოჯდებოდა, მარჯვენა ხელის საჩვენებელ და შუა თითს ზევით ასწევდა, დანარჩენ თითებს ერთად შეკრავდა და გახუნებულყვავილებიან შპალერზე კურდღლის ჩრდილი ჩნდებოდა. მარცხენა ხელის თითებით მგლის ჩრდილს გააკრავდა კედელს და იწყებოდა რბოლა. ამ რბოლიდან კი გამარჯვებული ყოველთვის კურდღელი გამოდიოდა, იმიტომ რომ საქმეში ჩემი ორი ხელის ჩრდილით გამოსახული მშვიდობის მტრედი ერთვებოდა და მგელი უსიერ ტყეში, სიბნელეში იკარგებოდა. ეს ბებიაჩემის მოგონილი თამაში მეგონა და ყველა თამაშს მერჩივნა. ასე ეთამაშებოდა თურმე გელა კანდელაკს, რეჟისორს, მსახიობსა და დრამატურგს ბავშვობისას ბებია, ოღონდ - მეორე მსოფლიო ომის დროს... წლების მერე მის მეხსიერებაში შემორჩენილი კადრები საქმედ, უფრო ზუსტად კი, სიყვარულად იქცა.

მაშინ ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ერთგვარი ვარჯიში, რომ მერე, თოჯინები რომ გვექნებოდა, უკეთ გამოვიდოდა სპექტაკლი. მაგრამ როგორც კი პირველი ჩრდილები გამოისახა ეკრანზე, მივხვდი, თუ რა მაგიური ძალა აქვს ჩრდილს. მას მერე აღარც კი მიფიქრია თოჯინებზე...

მე და ფოტოგრაფი თეთრ კორიდორს მივუყვებით. რუსთაველის თეატრის უკანა შესასვლელის ერთ-ერთი კორიდორი ლაბირინთს ჰგავს. კორიდორის ბოლოდან ხმა მოდის. იმ ხმას მივდევთ.

ყავისფერ კარში შევდივართ და თვალთან თითს ვერ მიიტანო, რომ იტყვიან, აი ასეთ სიბნელეში ვხვდებით. ერთადერთი, რასაც ვხედავთ, ეს თეთრ ვიწრო ეკრანზე ხელების ჩრდილებით შექმნილი ხე და დათვია. დათვი წყალში ჩასვლას ცდილობს, ეშინია. ცოტა რომ ეჩვევა სიბნელეს თვალი, სკამზე ჩამომჯდარ სილუეტს ვამჩნევთ. ეს გელა კანდელაკია. ახლა რეპეტიციაა. სპექტაკლს კი, რომლის რეპეტიციაც მიმდინარეობს, „წელიწადის ოთხი დრო ჰქვია“.

სანამ ე.წ. პარტერიდან ვადევნებ რეპეტიციას თვალს, შემიძლია დავიფიცო, რომ, აი, ის დათვი, ასე ელასტიურად რომ ცურავს წყალში, დამხმარე საგნებისგან შექმნილი ფიგურაა, მაგრამ როგორც კი კულისებში ვინაცვლებ, სახტად ვრჩები. დათვი, რომელსაც ყურებიც აქვს, მისთვის დამახასიათებელი პატარა კუზიც და თან ასე ბუნებრივად ცურავს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მსახიობის ორი ხელის ჩრდილის შედეგია. და წყალი? წყალი, რომელიც ასე ლივლივებს, სამი მსახიობი გოგოს ხელების ჩრდილია. ეს „ბუდრუგანა-გაგრაა“. ჩრდილების თეატრი. ბუდრუგანა, ანუ ჭრიალით მოსიარულე ეტლიო, მიხსნის გელა კანდელაკი. ესენი კი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩრდილები მოიშინაურეს და თეთრი ეკრანის, განათებისა და საკუთარი ხელების წყალობით, სასწაულებს სჩადიან.

რეპეტიცია

რეპეტიცია

ჩრდილების თოჯინების თეატრი სათავეს ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ჩინეთში ჰენის დინასტიის ხანიდან იღებს. იმპერატორ ლიუ ჩემ საყვარელი ქალის გარდაცვალების შემდეგ სასამართლოს წარმომადგენლები მოიხმოდა მოსთხოვა მისი საყვარელი ქალი გაეცოცხლებინათ. მსახურებმა ვირის ტყავისგან იმპერატორის შეყვარებულის ფიგურა გამოჭრეს, გააფორმეს ფერადი ნაჭრებით და თერთმეტი ნაწილისგან შემდგარი ფიგურა ზეთის ლამპრის დახმარებით გააცოცხლეს. დღეს ჩრდილების თოჯინების თეატრი განსაკუთრებით პოპულარულია ინდონეზიაში, მალაიზიასა და ტაილანდში. თეატრის ეს სახეობა პოპულარულია თურქეთში, საბერძნეთსა და საფრანგეთშიც. საქართველოში კი ჩრდილების თეატრ „ბუდრუგანას“ ისტორია 1982 წლიდან იწყება - იმ დროიდან, როცა გელა კანდელაკმა ათამდე არაპროფესიონალი შეკრიბა და რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისათვის თოჯინების სპექტაკლების ჩვენება გადაწყვიტა. მისი მთავარი მიზანი რეგიონებში კულტურული ვაკუუმის შევსება იყო. ოღონდ ერთი ეგაა, რომ მაშინ ვერც თოჯინების შესაქმნელად და ვერც რეგიონებში სასიარულოდ ფული ვერ იშოვა და ამიტომ ჩრდილებით თამაში თუ ვარჯიში გადაწყვიტა. მან შექმნა სრულიად ახალი თეატრალური სისტემა, რომელიც საოპერო და საბალეტო ხელოვნების თავისებურებების, პანტომიმის თეატრის ელემენტებისა და ანიმაციური ფილმის პრინციპების ნაზავია.

გელა კანდელაკი

გელა კანდელაკი

„მაშინ ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ერთგვარი ვარჯიში, რომ მერე, თოჯინები რომ გვექნებოდა, უკეთ გამოვიდოდა სპექტაკლი. მაგრამ როგორც კი პირველი ჩრდილები გამოისახა ეკრანზე, მივხვდი, თუ რა მაგიური ძალა აქვს ჩრდილს. მას მერე აღარც კი მიფიქრია თოჯინებზე“, - ამბობს გელა კანდელაკი.

გელა კანდელაკი და მისი ჩრდილების დასი დავითაშვილის ქუჩაზე ჟურნალისტ ჯანრი კაშიას დახმარებით,, ერთ სარდაფში, უკეთესი მომავლის იმედით დაბანაკდა. სწორედ ამ სარდაფში აღმოაჩინა, ჟურნალისტ ჯანრი კაშიას დახმარებით, ჩრდილების დასი პარიზში ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ ხელოვნების დარგში და „ბუდრუგანა“ 1991 წლის მაისში, საქართველოს რეგიონების ნაცვლად, პარიზისკენ დაიძრა. ჩრდილების თეატრმა პარიზის მარიონეტების ფესტივალზე „დათვის ბელის, ლაზარეს, თავგადასავალი” აჩვენა მაყურებელს. სპექტაკლით მოხიბლულმა კრიტიკოსებმა და სხვადასხვა ფესტივალის წარმომადგენლებმა გელა კანდელაკსა და მის დასს ახალი წინადადებები შესთავაზეს, მაგრამ: „მარსელის შოუბიზნესმა შემოგვთავაზა ხუთწლიანი კონტრაქტი. ხუთი წლის მანძილზე ევროპის გარშემო უნდა გვემოგზაურა. იყო პირობა, რომ ისინი ჩვენთვის იყიდიდნენ ცხენებს, ააშენებდნენ ეტლებს, რაც მერე ჩვენ დაგვრჩებოდა, მაგრამ მე ამაზე უარი ვთქვი. რა უნდა მეკეთებინა ხუთი წელი ევროპაში?! ორი დასი რომ მყოლოდა, კი ბატონო. მაგრამ ამ ფესტივალის შემდეგ აღმოვჩნდით სან-ფრანცისკოში, იაპონიაში, გერმანიაში, შვაბიშ გმუნდში, ჩრდილების თეატრის ცენტრში, და ისე გამოვიდა, რომ იმ პერიოდში დოლარზე მომუშავე დასად ჩამოვყალიბდით. არადა, მე მინდოდა, რომ საქართველოს რეგიონებში გვევლო და, რაც მთავარია, სრულიად უსასყიდლოდ, სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების გარეშე“.

რეპეტიცია

რეპეტიცია

ჩრდილების თეატრის პირველი დასი მალევე დაიშალა. ბოლო წარმოდგენა 1998 წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალზე გამართეს. სწორედ იმ პერიოდში გელა კანდელაკმა „ბუდრუგანას“ ახალი მიმართულება შესძინა. მან აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებით დასახლებული თითქმის ყველა რეგიონი მოიარა და სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები შეარჩია. მათთან ერთად შექმნა გელა კანდელაკმა კინოსტუდია „აფხაზეთი“. სწორედ ამ კინოსტუდიაში დასაქმებული ახალგაზრდები გახდნენ ჩრდილების თეატრის ახალი მსახიობები. განახლებული დასი მაყურებლის წინაშე, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2002 წელს წარდგა. ამავე პერიოდიდან თეატრის სახელწოდებას „გაგრა” დაემატა. 2010 წელს ჩრდილების თეატრს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა.

დღეს „ბუდრუგანა-გაგრა“ სპექტაკლებს თვეში ერთხელ რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში მართავს. მათ რეპერტუარში ორი წარმოდგენაა: „წელიწადის ოთხი დრო” და „რა საოცარი დღეა”. პირველ სპექტაკლში დათვის ბელის ამბავია მოთხრობილი, სპექტაკლს „რა საოცარი დღეა” კი საფუძვლად დაედო ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის ცნობილი სიმღერა – Isn’t This A Lovely Day. სპექტაკლი მუსიკოსების სიყვარულის ამბავს ჰყვება. გელა კანდელაკი ნახევრად ხუმრობით ამბობს, რომ მის მიერ დადგმული სპექტაკლების მაყურებელთა ასაკი 4-დან 104 წლამდე მერყეობს, ხოლო იმას, თუ რატომ არის ეს სპექტაკლები ყველა ასაკის მაყურებლისათვის საინტერესო, აი, ასე ხსნის: „ეს არის შავი ლაქა. ცარიელი ხელი მუშაობს და ეს ხელი ხან რად გარდაიქმნება და ხან რად. მაგრამ ამ ყველაფრის უკან დგას ცოცხალი ადამიანის შეგრძნება და ვნება. და ეს არის ის, რაც აბსოლუტურ შოკს ახდენს ადამიანზე“.

ლევან ჩაჩანიძე

ლევან ჩაჩანიძე

25 წლის ლევან ჩაჩანიძე დათვია. ანუ მისი ხელების ჩრდილია დათვი. სანამ ლევანი ჩრდილების თეატრში მოხვდებოდა, ის თოჯინების თეატრში, არც მეტი და არც ნაკლები, მეხანძრედ მუშაობდა და კონსერვატორიაში ჩაბარებაზე ოცნებობდა. სწორედ იმ პერიოდში გაიცნო გელა კანდელაკი და მისი დასის წევრები. ლევანმა კონსერვატორია უკვე დაამთავრა, ახლა მისი ძირითადი საქმე სწორედ ჩრდილების თეატრის მსახიობობაა:

„ერთი მუჭის შეკვრაა ეს დათვი. როცა პირველად ვნახე ჩრდილების თეატრის წარმოდგენა, ვერაფრით აღვიქვი, რომ ეს ყველაფერი ხელით კეთდებოდა, იმიტომ რომ იმდენად რეალური იყო და იმდენად სავსე, რომ ვერაფრით აღვიქვამდი, რომ ამ ჩრდილს ეკრანის მიღმა ვინმე ქმნიდა".

ჩრდილი, როგორც ყველაზე უწონო რამ, მსახიობებისგან მძიმე შრომას მოითხოვს. არ არის ადვილი იდგე საათობით ხელებაწეული და თითებით ფიგურებს ქმნიდე. 30 წლის მხატვარი ირაკლი მიზრახი ახლა ხეა. წელსა და ხელებზე სპეციალური რკინის კონსტრუქცია აქვს დამაგრებული, გაუნძრევლად დგომა რომ გაუადვილდეს. წლების წინ ირაკლი ჯარისკაცი იყო. ნამდვილი ჯარისკაცი. არა ჩრდილის ჯარისკაცი.

ირაკლი მიზრახი

ირაკლი მიზრახი

„იყო პერიოდი, როცა ჯარში ვმსახურობდი და მიწევდა დაუსრულებელი ფეხზე დგომა. იმ დროს ძალიან ვიტანჯებოდი. ვამბობდი, აუ, ეს რა საშინელებაა, როდის მორჩება ეს ყველაფერი... წვიმა, თოვლი, ქარი - არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვიდექი. ნამდვილი საშინელება იყო. მაგრამ ეს კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. ეს რკინის კონსტრუქცია მართლა დიდი შვებაა. ემოციურად და შინაგანად ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, რადგან იცი, რომ შენ ჩვეულებრივ რამეს არ აკეთებ“, - ამბობს ირაკლი მიზრახი.

ირაკლისა და ლევანის გარდა, ჩრდილების თეატრს კიდევ რამდენიმე მსახიობი ჰყავს: ზურაბ ქვაჩახია, ქეთევან ჭიტაძე, ელენე მურჯიკნელი, მარიამ კაპანაძე, პაატა შენგელია და სხვა.

მხოლოდ ჩრდილების თეატრი არ არის ის ერთადერთი საქმე, რასაც „ბუდრუგანა-გაგრას“ წევრები აკეთებენ. ნიქოზის ხელოვნების სკოლაში უკვე რამდენიმე წელია იკითხება ხუთწლიანი კურსი ხელის ჩრდილების თეატრის მსახიობის ოსტატობაში, რომელიც შემუშავებულია გელა კანდელაკის მიერ. თეატრის მსახიობები სწორედ ნიქოზის ხელოვნების სკოლაში ასწავლიან მოზარდებს ანიმაციას და იღებენ ანიმაციურ ფილმებს. უკვე რამდენიმე წელია იმართება ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“, რომელსაც მთელი მსოფლიოდან არაერთი ცნობილი ანიმატორი სტუმრობს.

სარეპეტიციო ოთახში შუქი ქრება. რეპეტიცია გრძელდება. მცირე ხარვეზი, რომელსაც რიგითი მაყურებელი ვერ შეამჩნევს, არ რჩება შეუმჩნეველი გელა კანდელაკს. ეს იმიტომო, მეუბნება ჩრდილების თეატრის დამფუძნებელი, რომ მაყურებელს ერთხელ კი არა, ბევრჯერ მოუნდეს ჩვენი სპექტაკლების ნახვაო. ეკრანზე დათვი ჩნდება, წყალი ხმაურს იწყებს, ხე დგას. სპექტაკლი გრძელდება...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG