Accessibility links

2 ივნისს თბილისში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში, წარმოადგინეს გამოკვლევა ჩრდილოეთკავკასიელ ქალებზე. გაიმართა ჩვენება დოკუმენტური ფილმისა „არ მომცე უფლება, გავჩერდე“. დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვიდან თბილისში საგანაგებოდ ჩავიდა ბიოლის ფონდის რუსეთის ბიუროს პროგრამების კოორდინატორი, ირინა კოსტერინა.

როგორია ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა? რაზე ოცნობებენ ისინი? როგორ წარმოუდგენიათ ბედნიერება? რა აწუხებთ? რისი ეშინიათ? რისი შეცვლა სურთ თავიანთ ცხოვრებაში? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად ჰაინრიხ ბიოლის რუსეთის ბიურომ 2014 წელს ჩაატარა გამოკვლევა სახელწოდებით „ჩრდილოეთკავკასიელ ქალთა ცხოვრება და მდგომარეობა“. სულ გამოიკითხა 800-მდე ქალი ჩეჩნეთის, ინგუშეთის, დაღესტნისა და ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში.

ამ პროექტის ხელმძღვანელის, ირინა კოსტერინას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორი მეთოდოლოგიის შემუშავება, რათა, რაც შეიძლება მეტი და ერთმანეთისგან განსხვავებული ქალი გამოეკითხათ. ამასთან, მკვლევართა გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, დაეცვათ გამოკითხულთა ანონიმურობა და მათთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველეყოთ. როგორც კოსტერინა ამბობს, ჩრდილოეთ კავკასიაში ვერ გამოიყენებ სოციალური გამოკითხვის ჩვეულ მეთოდს, კარდაკარ სიარულს:

ირინა კოსტერინა

ირინა კოსტერინა

„მივხვდით, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ეს მეთოდი არ იმუშავებდა, რადგან, თუ ჩვენ ქალს შინ ვესტუმრებოდით, იქ იქნებოდნენ მისი მეუღლე, დედამთილი, ძმა, შვილები, რომლებიც დაინახავდნენ, რას წერს ის ანკეტაში, რა პასუხს სცემს კითხვებზე. ამიტომ ეს ვარიანტი გამოვრიცხეთ. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივმართავდით, თუ ზუსტად ვიცოდით, რომ ქალი შინ მარტო იყო და ანკეტის შესავსებადაც მოიცლიდა. ისე კი, გადავწყვიტეთ, რომ ვივლიდით, ასე ვთქვათ, „ქალთა ადგილებში“ - ბაზრობებზე, მაღაზიებში, ბანკებში, სადაც ქალები იხდიან გადასახადებს (რიგებში მხოლოდ ქალებს ნახავთ, კაცები იქ არ არიან), საბავშვო ბაღებში. გამოვკითხეთ ქალები, რომლებიც შვილებს სკოლებში აკითხავდნენ“. - ამბობს კოსტერინა. მისივე თქმით, შევსებულ ანკეტებს ქალები ათავსებდნენ ყუთში, რომელიც შემდეგ ილუქებოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილოეთი კავკასია არაერთხელ იქცა შეიარაღბული კონფლიქტების სარბიელად. ომებმა და ცხოვრების პირობების გაუარესებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქალების სოციალურ და უფლებრივ მდგომარეობებზე. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჩეჩნეთია, რომელსაც ორჯერ ჰქონდა ომი მოსკოვთან, რასაც თან ერთვოდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი და საზოგადოების რადიკალიზაცია.

კანონები არ მუშაობს. ძალიან რთულია, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ჩემი ჩრდილოკავკასიელი კოლეგები სულ მეუბნებოდნენ, ჩვენში ქალები სამართლებრივი სამკუთხედის ნაწილები არიანო. ანუ, გვაქვს ადათები, ესე იგი ჩვეულებითი სამართალი, შარიათის კანონები და რუსეთის კანონმდებლობა. ჩვენი გამოკვლევის შემდეგ მივხვდით, რომ ამას კიდევ ერთი საზომი ემატება...

16 მაისს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გაიმართა გახმაურებული ქორწილი: პოლიციის უფროსმა, 47 წლის კაცმა, 17 წლის გოგოზე იქორწინა. აპრილში „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერია, რომ მამაკაცს უკვე ჰყავდა ერთი ცოლი და სკოლის მოსწავლე გოგო მას ნებით არ მიჰყვებოდა ცოლად. ქორწილს, რომელიც ფართოდ გაშუქდა მედიაში, სერიოზული კრიტიკაც მოჰყვა. მაგრამ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, რომელიც ქორწილის ერთ-ერთი სტუმარიც იყო, განაცხადა, ჩვენში, კავკასიაში, ქალები ადრე აღწევენ სექსუალურ სიმწიფეს და ემანსიპაციასო.

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ყველაზე მეტი ძალადობრივი ქორწინებისა და პოლიგამიის შემთხვევა სწორედ ჩეჩნეთში გვხვდება. გამოკითხულთა 16%-მა თქვა, რომ არ არიან ქმრის ერთადერთი მეუღლეები. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია 31-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში - 28%. ყაბარდო-ბალყარეთში კი, 17-დან 30 წლამდე გამოკითხული ქალების 36% ამბობს, რომ მათ ქმრებს მეორე ცოლიც ჰყავთ.

საინტერესოა, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელშიც ეს რესპუბლიკები შედიან, კრძალავს პოლიგამიას. აი, როგორ განმარტავს ამ შეუსაბამობას ირინა კოსტერინა:

„კანონები არ მუშაობს. ძალიან რთულია, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ჩემი ჩრდილოკავკასიელი კოლეგები სულ მეუბნებოდნენ, ჩვენში ქალები სამართლებრივი სამკუთხედის ნაწილები არიანო. ანუ, გვაქვს ადათები, ესე იგი ჩვეულებითი სამართალი, შარიათის კანონები და რუსეთის კანონმდებლობა. ჩვენი გამოკვლევის შემდეგ მივხვდით, რომ ამას კიდევ ერთი საზომი ემატება და იქმნება არატოლგვერდა ოთხკუთხები: ჩეჩნეთში მას ჰქვია ‘რამზანმა თქვა’. ეს არის მთავარი კანონი, რომელიც ყველაფერს აწესრიგებს. და უკვე აღარც ადათებს აქვს მნიშვნელობა, აღარც ყურანსა და აღარც რუსეთის კანონმდებლობას“.

ქალთა ავტონომიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვხვდება დაღესტანში, სადაც გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ თავისი ნებით დაქორწინდა. ახალგაზრდებში ეს რიცხვი 94%-საც კი აღწევს.

თუმცა, ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში შემაშფოთებლად დიდია ქალებზე ძალადობის მაჩვენებელი. მკვლევრებმა ქალებს დაუსვეს კითხვები როგორც პირად გამოცდილებაზე, ისე ნაცნობ ქალებთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. თუ თავის თავზე ძალადობის გამოცდილება ბევრს არ უღიარებია, თითქმის ყველას აღმოაჩნდა ნაცნობი თუ მეგობარი ქალი, რომელზეც მამაკაცს უძალადია.

კაცმა რომ თქვას, ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკაში ქალთა ძალიან ბევრი ორგანიზაციაა. სწორედ ეს ორგანიზაციებია ყველაზე ძლიერი, რომლებიც დღეს არსებობს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი. ისინი ქმნიან კოალიციებს, რესპუბლიკათაშორის კოალიციებსაც ...

ჩეჩნეთში ქალების 65%-მა თქვა, რომ მათი ნაცნობებისთვის გაუწნიათ სილა ან ისინი ფეხითაც უცემიათ. 58% გამხდარა შეურაცხყოფის მომსწრე. ხოლო 43%-ს სმენია ქალების სახლიდან გაგდებაზე. დაღესტანში გამოკითხულთა 34%-მა იცის სხვა ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობის, ხოლო 14%-მა - გაუპატიურების შესახებ.

საყურადღებოა, რომ ცოლები ხშირად ხდებიან არა მხოლოდ ქმრების, არამედ დედამთილების მსხვერპლიც. სამწუხაროდ, როგორც ამას ბიოლის ფონდის გამოკვლევა ადასტურებს, ქალები იშვიათად საუბრობენ ძალადობაზე ღიად.

მაგრამ ჩრდილოეთკავკასიელი ქალები არ არიან მხოლოდ მსხვერპლი. ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში ქალები აქტიურად იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის და საამისოდ ქალთა ორგანიზაციებსაც ქმნიან.

„კაცმა რომ თქვას, ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკაში ქალთა ძალიან ბევრი ორგანიზაციაა. სწორედ ეს ორგანიზაციებია ყველაზე ძლიერი, რომლებიც დღეს არსებობს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი. ისინი ქმნიან კოალიციებს, რესპუბლიკათაშორის კოალიციებსაც. ერთმანეთს ეურთიერთებიან, უზიარებენ მეთოდიკას, ერთად აწყობენ ღონისძიებებს. მათ მართლაც დიდი ძალა აქვთ. და ადგილობრივი ხელისუფლება მათ ჯერჯერობით აძლევს ამის საშუალებას. რატომ? იმიტომ, რომ ვითარება რესპუბლიკებში ძალიან მწვავეა, იმავე ოჯახური ძალადობის მხრივ. ქალები აკითხავენ რელიგიურ ლიდერებს, მაგრამ ისინი პრობლემას ვერ გადაჭრიან“. - ამბობს ხელმძღვანელი გამოკვლევისა „ჩრდილოეთკავკასიელი ქალების ცხოვრება და მდგომარეობა“.

თბილისში, ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროში გამართულ დისკუსიაზე აჩვენეს ფილმი სახელწოდებით „არ მომცე უფლება, გავჩერდე“, რომელშიც მონაწილეობენ ოთხივე ავტონომიური რესპუბლიკის ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, ამ ორგანიზაციებს რეგიონში ძალიან ცოტა ქალი თუ მიმართავს დახმარების თხოვნით, თუმცა უფლებადამცველების ხმა სულ უფრო მეტად ისმის საჯარო სივრცეში.

საინტერესოა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ექსტრემიზმის ზრდა, რაც, როგორც წესი, ქალების მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს, ქალებს ერთნაირად არ აწუხებთ. მაშინ, როცა ჩეჩნეთში რელიგიური რადიკალიზმი მხოლოდ 3%-ისთვის არის პრობლემა, ყაბარდო-ბალყარეთში ის შემაშფოთებელია გამოკითხულ ქალთა 47%.

გამოკვლევაში მონაწილე ჩრდილოეთკავკასიელ ქალებს უმეტესად სურთ, ჰქონდეთ ჯამრთელობის გაუმჯობესებისა და დასაქმების შესაძლებლობები. ინგუშეთში ქალების 35%-მა ბიოლის ფონდის მკვლევრებს უთხრა, რომ სურვილი აქვთ, მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს. ჩეჩნეთში კი მეტი დამოუკიდებლობის სურვილი 32%-მა გამოთქვა.

ფილმი „არ მომცე უფლება, გავჩერდე“ მთავრდება მასში მონაწილე ქალების, უფლებადამცველებისა და რიგითი მოქალაქეების, პასუხით კითხვაზე: „რას უსურვებთ ან ურჩევთ ახალგაზრდა ქალებს, გოგონებს?

უმეტესობა მომავალ თაობას ემოციურად ურჩევს, შეიყვარონ და პატივი სცენ საკუთარ თავს, ბევრი ისწავლონ, შეიცნონ სამყარო და გაძლიერდნენ.

აგვისტოში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის რუსეთის ბიურო აპირებს, შეისწავლოს ჩრდილოეთკავკასიელი მამაკაცების მდგომარეობა და მათი დამოკიდებულება ქალებისადმი. ამასთან, მამაკაცებს ჩაუტარებენ ტრენინგებს კონფლიქტების თავიდან აცილების, ოჯახური ძალადობის აღმოფხვრისა და მამის პასუხისმგებლობის საკითხებზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG