Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაკ პალანიკის "მებრძოლთა კლუბი"


ჩაკ პალანიკის ამ რომანს უკვე კარგად იცნობენ საქართველოში. ჯერ სად იყო რომანი, როდესაც ჩვენს მეკობრულ ოაზისში ამ რომანის მიხედვით გადაღებულმა დევიდ ფინჩერის ფილმმა შემოაღწია, ედვარდ ნორტონით და ბრედ პიტით მთავარ როლებში. ფილმსაც ისევე ერქვა, როგორც რომანს, "მებრძოლთა კლუბი", და გვიყვებოდა უცნაურ თანამედროვე ისტორიას, რომელიც სულ რამდენიმე წლის მანძილზე დაიპყრობდა თანამედროვე მკითხველის გულს - მათ შორის, ისეთი მკითხველების გულებსაც, ვისაც აქამდე არაფერი წაეკითხა, საერთოდ. თავად პალანიკი თავისი წიგნის ბოლოსიტყვაობაში წერდა, რომ მკითხველი მადლობასაც კი უხდიდა ისეთი წიგნის დაწერისთვის, რომლის გამოც ბევრმა, უბრალოდ, კითხვა დაიწყო. სხვათა შორის, ზოგიერთებმა ჩვენში წერაც კი დაიწყეს ამ წიგნის გავლენით, იყვნენ ისეთები, ვინც მანამდეც წერდნენ, მაგრამ პალანიკის ამ რომანის შემდეგ სხვანაირი სუნთქვა გაეხსნათ და სხვანაირად დაიწყეს წერა. მაგალითებს თავადაც გაიხსენებთ, იმედია.

პალანიკის ამ რომანში ყველამ თავისი საზრდო იპოვა: ზოგს ფსიქოდელიური თხრობა მოსწონს, ვიღაცას - სოციალური სიმწვავე, სხვებს - აგრესიული ეროსი. ჟურნალისტმა საბა ლეკვეიშვილმა ამ რომანზე საუბრისას, პირველ რიგში, მომხმარებელი საზოგადოება ახსენა:

"პალანიკი, უფრო კონკრეტულად კი "მებრძოლთა კლუბზე" რომ ვთქვათ, ჩემთვის რაღაცნაირად ფილოსოფიაა, ანუ ყველაფერი ის, რაც იქ უწერია ჩაკს... იმიტომ, რომ ის თაობა, ჯენერეიშენ იქსი, რომელზეც აქვს მას აქცენტი გაკეთებული, და, ზოგადად, მაგ პერიოდში წამოსული კონსუმერული მენტალიტეტი, რომელზეც ახურებს პალანიკი, რომ გადაგვარდა ღირებულებები, ძალიან ცუდად აიწყო იმაზე, რომ ყველა ადამიანს განსაზღვრავს ის საგნები, რასაც ის ფლობს და ყველა იბრძვის საზოგადოებაში რაღაც ადგილისთვის, რომელიც, პრინციპში, არავინ იცის, რად უნდათ... და ამის დამსხვრევისკენ რომ მიჰყავთ ეს საზოგადოება, ეს ძალიან მომეწონა მის ამ ნაწარმოებში და, ცოტათი სტერეოტიპულად რომ ვთქვათ, მისგან ძალიან ძლიერი ტალღები წამოვიდა."

ეს ტალღები რომანის გამოსვლისთანავე ძალიან მძაფრად იგრძნეს მკითხველებმა, რიგითებმაც და ზეპურმა მკითხველებმაც. თავად პალანიკიც საუბრობდა ამ მაღალ დაინტერესებაზე – დონატელა ვერსაჩეს "მებრძოლთა კლუბის სტილზე", გუჩის და დოლჩე/გაბანას თვალებჩაშავებულ, გასისხლიანებულ, სატინისპერანგიან, დოლბანდიან მოდელებზე, ჯგუფ ლიმპ ბიზკიტზე, რომლებმაც თავიანთ საიტზე რომანის მთავარ გმირთან, ტაილერ დარდენთან დაკავშირებული სარეკლამო სლოგანი გამოკიდეს... პალანიკი კიდევ ბევრ გავლენაზე საუბრობდა, რეალურ ცხოვრებაში გადმოღვრილ რომანულ ამბებზე, აუარება ახლად შექმნილ კლუბზე, ისეთივე წესებით, როგორიც "მებრძოლთა კლუბს" ჰქონდა... ამ კლუბის პირველი წესი ასე ჟღერს: "არაფერი თქვა მებრძოლთა კლუბის შესახებ", სხვათა შორის, მეორე წესიც იმასვე ამბობს – "არაფერი თქვა მებრძოლთა კლუბის შესახებ"... ამის მიუხედავად, ანდა შესაძლოა სწორედ ამიტომაც, თავად ავტორს ეს რომანი აპოსტოლურ, სამოციქულო რომანად მიაჩნია, სადაც გადარჩენილი მოციქული თავისი გმირის ამბავს ჰყვება. ესაა ისტორია ფსიქოსივრცეებიდან და ფსიქოდროებიდან გამოღწეული გადარჩენილი გმირისა, რომელმაც მოახერხა ბოდვებიდან ამბავი გამოეტანა, ესაა რომანი მარტოობაზე და წარმოსახვით კაიტიპობაზე, სიკვდილის შიშსა და ამ შიშთან გამკლავებაზე.

ისევ საბა ლეკვეიშვილს მოვუსმინოთ:

"ყველაფერი, მთელი სამყარო უნდა ტრიალებდეს ადამიანების გარშემო. ანუ აქ ინდივიდუალიზმზე აქვს, მე მგონი, აქცენტი გაკეთებული პალანიკს, იმიტომ რომ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული რაღაც კორპორაციების ან ინტელექტუალური ელიტის მიერ შემოთავაზებულ წესებზე და რაღაც სტანდარტების მიხედვით არ უნდა ვცხოვრობდეთ. და, ალბათ, ამის დანგრევას ცდილობს, ანდერგრაუნდიდან ამოდის, უნდა, რომ ამოხეთქოს ამან და, საბოლოო ჯამში, დაინგრეს ეს ყველაფერი, ანუ ეს კონსუმერული მენტალიტეტი... ამას რომ ვიყიდი, ეს რომ მაცვია, კარგი ტიპი ვარ... იმავე ამერიკულ ოცნებასაც უპირისპირდება იგი - ვთქვათ, გამოაჭენებენ ვიღაცას ჟურნალის ყდაზე და მერე ყველა ოცნებობს, რომ აი, მეც მაქვს იმის შანსი, რომ ოდესმე ასეთი გავხდე, და პალანიკი ამბობს, რომ არა, თქვენ არა გაქვთ ამის შანსი, თქვენ ჩვეულებრივი ადამიანები ხართ, რომლებიც ისე მოკვდებით, რომ ვერავინ ვერ გაგიცნობთ. ამიტომ ეცადეთ იყოთ ადამიანები."

ამით, პალანიკი შეიძლება ცოტათი ფრედერიკ ბეგბედერსაც ჰგავს. ორივე მებრძოლია, რომლებიც დროთა განმავლობაში თავადვე იქცნენ ამ მომხმარებელი საზოგადოების მსხვერპლად, ცნობილები გახდნენ, ბესტსელერების ავტორები, გაიჩინეს თაყვანისმცემელთა არმიები... როდესაც ამაზე ვკითხე ჩემს დღევანდელ სტუმარს, ასე მიპასუხა:

"პრინციპში, შეიძლება ეს მათ იდეაში ჯდებოდეს, რომ, ვთქვათ, თქვენა ხართ მომხმარებელი, მე გაწვდით რაღაც პროდუქტს, რომელიც გიყვართ და მერე მე ამითი თქვენზე ვკაიფობ ან ვიღებ სიამოვნებას... და ეს თქვენი ბრალი უფრო არის, ვიდრე ჩემი."

ადრე ერთხელ მომიწია პალანიკზე დაწერა და აქაც გავიმეორებ, რომ იგი 90–იანელად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ, ორი თუ სამი რომანის გარდა, მისი შემოქმედება მთლიანად 21-ე საუკუნეში გადმოვიდა. ჩემთვის ის მაინც ნაღდ 90-იანელად დარჩა, ისეთივედ, როგორიც, ვთქვათ, მუსიკაში ტრენტ რეზნორია (Nine Inch Nails) ან Rage Against the Machine. ბევრისთვის პალანიკი თანამედროვე ამერიკული (და არამხოლოდ ამერიკული) კონტრკულტურის მამაა, პროზის მერილინ მენსონი და უილიამ ბეროუზის მემკვიდრე. ისიც მებრძოლი და აჯანყებულია, ისიც ფსიქოშემოქმედია და მასაც უყვარს ხელგაშლითა და ხმაურით ცხოვრება (სხვათა შორის, პალანიკი “კაკოფონიური საზოგადოების” ერთ-ერთი დამფუძნებელია). იგი არ ჩერდება, ბევრს მუშაობს, რადგან კარგად იცის: ფორმიდან ამოვარდნა დავიწყების ტოლფასი შეიძლება იყოს. როგორც ამბობენ, ამერიკაში პალანიკი საერთოდ არ აინტერესებს ე.წ. “გლამურულ ახალგაზრდობას”, არამედ მხოლოდ ალტერნატიულ პუბლიკას. აი, საქართველოში კი, ვნახოთ, წიგნს როგორი მკითხველი ეყოლება. დაინტერესებულმა ერთეულებმა ის უკვე წაიკითხეს, ახლა მიუკერძოებლების ჯერია. ფილმი ხომ ყველას გაქვთ ნანახი? ჰოდა, ახლა დროა პირველწყაროს მიადგეთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ „მებრძოლთა კლუბის“ მთავარი წესი, "არაფერი თქვა მებრძოლთა კლუბის შესახებ", მით უმეტეს, რომ ამაზე უკვე ითქვა.
XS
SM
MD
LG