Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყოჩაღ, ლაშა, შენ მთელი საქართველო ასახელე!“


ლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე

2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქრო საქართველოს ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა. რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ზემძიმე წონაში მოასპარეზე 22 წლის საჩხერელმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (473 კგ) და 22 კილოგრამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ სომეხ ათლეტს, გორ მინასიანს. მესამე ადგილი ერგო კიდევ ერთ ქართველ სპორტსმენს, ირაკლი თურმანიძეს.

გადმოწერა

„ჩვენი გმირი ლაშაა! ყოჩაღ, ლაშა! შენ მთელი საქართველო ასახელე! შენ უძლიერესი ხარ!” - ასეთი წარწერები და ფურცლებზე დახატული საქართველოს დროშები დაგვხვდა გაკრული საჩხერეში ტალახაძეების მეზობლის ჭიშკარზე. როგორც ეზოს პატრონი გვიხსნის, წარწერები სახელდახელოდ გააკეთეს მისმა 8 და 9 წლის შვილიშვილებმა მას შემდეგ, რაც ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის გამოსვლას უყურეს. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ლაშას ყველა ერთად გულშემატკივრობდა და ქართველი ძალოსნის მიერ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ მილოცვებმა და ყიჟინამ მთელი ღამე გასტანა:

„ამაყნი ვართ ყველანი, დიდი მიღწევაა!”

„პირდაპირ ეთერში ვუყურებდი და მთელი ღამე სიხარულის განცდის გამო არ დამძინებია!“

გულშემატკივართა პლაკატები ლაშა ტალახაძის სახლთან
გულშემატკივართა პლაკატები ლაშა ტალახაძის სახლთან

„კომპიუტერში ვუყურებდით მთელი მეზობლები, აღფრთოვანებულები ვართ და ამაყები! ემოციებს ვერ ვფარავთ! მისაბაძი მაგალითია და ახალგაზრდებისთვის სტიმული იქნება ლაშას გამარჯვება, რომ სპორტს გაჰყვნენ. ლაშა, როგორც ადამიანი, გამორჩეული პიროვნებაა და ახალგაზრდები მას მიბაძავენ“.

„მოსალოდნელი იყო ლაშას გამარჯვება, რადგან იგი ძალიან შრომისმოყვარეა. ჩემმა შვილიშვილებმა ისე გამოხატეს სიხარული, რომ მეც ვიტირე. ამაყები ვართ, რომ ლაშა აქ გაიზარდა! მსოფლიოს გააცნო არა მარტო საქართველო, არამედ ჩვენი კუთხეც ცნობილი გახდა ლაშას წყალობით!“ - გვიყვებიან და ემოციებს ვერ მალავენ ლაშა ტალახაძის მეზობლები.

საჩხერეში ამბობენ, რომ ახალგაზრდებისთვის ლაშა მაგალითია და მისი გამარჯვება ბევრისთვის სტიმულის მიმცემიც იქნება. ჭიდაობის, ფეხბურთის და სპორტის სხვა სახეობების შემდეგ 14 წლის ლაშამ ძალოსნობაში ვარჯიში მამის მეთვალყურეობით საჩხერეში დაიწყო, 2010 წლიდან კი თბილისში, გლდანში, ოლიმპიურ ბაზაზე გააგრძელა წვრთნა. როგორც ლაშას მამა - ასევე ტიტულოვანი ძალოსანი კობა ტალახაძე - ამბობს, შვილის ყველა წარმატება ახსოვს, რადგან მისი პირველი მწვრთნელი თავად იყო, სწორედ მამა ურჩევდა სავარჯიშოდ სპორტის სახეობებს მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონს.

ლაშა ტალახაძის მშობლები: ჟანა თოდაძე და კობა ტალახაძე
ლაშა ტალახაძის მშობლები: ჟანა თოდაძე და კობა ტალახაძე

„ჩემი ინიციატივით დავაწყებინე 8 წლის ასაკში ვარჯიში. თავდაპირველად ძალოსნობაზე მივიყვანე, მაგრამ რომ დავაკვირდი, ჯობდა ჭიდაობით გაეგრძელებია და 2 წელი იჭიდავა. შემდეგ ფეხბურთის წრეში გადმოვიყვანე, რომ ცოტა მოქნილი გამხდარიყო და ამის შემდეგ დავაწყებინე ძალოსნობისთვის ვარჯიში“, - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონის მამა კობა ტალახაძე.

მამის თქმით, ლაშას აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარე, დინჯი და მიზანსწრაფულია. სწორედ ამიტომ მისთვის ყველა შეჯიბრი მხოლოდ წარმატებით მთავრდება:

„ლაშა ემოციური არ არის, რაც დადებითია ძალოსნისთვის, მოწესრიგებული სპორტსმენია, დადებითი განწყობით უდგება საქმეს, დღეში საშუალოდ 5-6 საათს ვარჯიშობს და დიდ დატვირთვას იღებს“, – გვეუბნება კობა ტალახაძე.

ლაშა ტალახაძის ჯილდოები
ლაშა ტალახაძის ჯილდოები

ლაშა ტალახაძის დედის, ჟანა თოდაძის, თქმით, მამა და შვილი ყოველთვის ერთად სახავენ სამომავლო გეგმებს, მსჯელობენ და ერთობლივად წყვეტენ სპორტულ საკითხებს.

„დიდ სიამოვნებას ვიღებ ხოლმე, როცა მამა და შვილი დასხდებიან და ერთ საქმეზე მსჯელობენ, ერთმანეთთან ათანხმებენ საკითხებს, როგორც სპორტის ერთი სახეობის სპეციალისტები“, – გვიყვება ჟანა თოდაძე.

როგორც ოლიმპიური ჩემპიონის დედა ამბობს, რიოს ოლიმპიადისთვის ლაშა განსაკუთრებით ემზადებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ხელის ტრავმა აწუხებდა, მხოლოდ მოგებაზე ფიქრობდა. ჟანა თოდაძის თქმით, მას ყოველთვის უჭირს პირდაპირ ეთერში უყუროს შვილის გამოსვლას და მხოლოდ შეჯიბრის დამთავრების შემდეგ ნახულობს ვიდეოჩანაწერებს. ჟანა თოდაძე იხსენებს, რომ უნდოდა, ლაშას სპორტის სხვა სახეობა აერჩია, რადგან იცოდა, თუ რამდენ შრომას და ვარჯიშს საჭიროებს მძლეოსნობა:

ლაშა ტალახაძის ჯილდოები
ლაშა ტალახაძის ჯილდოები

„ვეტყოდი ხოლმე კობას, რომ, ხომ არ ჯობდა ლაშა ჭიდაობაზე ან სპორტის სხვა სახეობაზე შეგვეყვანა, რადგან ჰქონდა მას მონაცემები რომელიმე დისციპლინაში წარმატებისთვის მიეღწია და ამისთვის მიმართულების მიცემა იყო საჭირო. ჩემმა მეუღლემ, როგორც სპეციალისტმა და პროფესიონალმა, დაინახა ნიჭი და შესაძლებლობა შვილში და ძალოსნობისთვის ავარჯიშებდა“, - იხსენებს ჟანა თოდაძე.

ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ფიცი, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების დანარჩენ 38 წევრთან ერთად, 23 ივლისს თბილისში, ოლიმპიურ პარკში, დადო. ფიცის დადებიდან ერთი თვის თავზე კი უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს საჩხერეში ელოდებიან და, როგორც ოჯახის წევრები და ადგილობრივები ამბობენ, კიდევ ერთხელ გაათენებენ ღამეს და, ძალოსანის წარმატებით გაამაყებულები, გამარჯვებულს მილოცვებითა და ყიჟინით შეხვდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG