Accessibility links

გალერეა "კონტეინერში" გაიმართა ლიტველი ფოტოგრაფების გამოფენა, სახელწოდებით "ჩვეულებრივი ვარსკვლავები". რას და ვისზე ჰყვებიან დოკუმენტური ფოტოები და მათი ავტორები?

„ვერ ენდობი შენს მეგობრებს, რადგან ისინი რეალურად არ არსებობენ. ყველა, უბრალოდ, შეპყრობილია ფულისა და პატივისცემის მოპოვებაზე ფიქრით. ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემი ძაღლი ჰაშია. მე არ მეშინია იმისა, რომ ვინმე გამომიყენებს, იმიტომ რომ მინდა გავავრცელო სიკეთე“, - ეს ვიქტორია, ლიტვიდან. ის შემდუღებელია. მისი ფოტოები გალერეა „კონტეინერის“ კედელზეა გამოფენილი. ის, როგორც იტყვიან ხოლმე, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც ახლა ფოტოკამერის წინ პოზირებს. ფოტოების შინაარსი არაფერს ჰყვება მისი პროფესიის შესახებ, თუმცა ვიქტორი თავის ჩვეულ გარემოში პოზირებს - ქუჩა, სახლი. „ჩვეულებრივი ვარსკვლავები“ - ასე ჰქვია ფოტოგამოფენას, რომლის ნაწილიცაა ვიქტორის ფოტოები. საკუთარი რეალობის ვარსკვლავები - ეს არის ამ გამოფენის მთავარი იდეა.

ეს არის დოკუმენტური ფოტოპროექტი, რომელიც ჰყვება იმ ადამიანების ამბებს, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობენ და, ერთი შეხედვით, არავისგან არაფრით გამოირჩევიან - არიან ჩვენნაირი პედაგოგები, მკერავები, მწყემსები, მსახიობები და ა.შ. მათ ამბებს კი ფოტოების საშუალებით ორი ახალგაზრდა ლიტველი ფოტოგრაფი, ლოლიტა კირიჩენკა და დოვილე ბერლინსკაიტე, უამბობს დამთვალიერებელს. ლიტვა, ბელორუსია, რუსეთი და საქართველო - ფოტოპროექტის ავტორები სწორედ ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების შესახებ ჰყვებიან.

მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, ფოტოგრაფების მიზანი იყო წარმოეჩინათ თითოეული ადამიანის უნიკალურობა, ამავე დროს, მათი ფოტოები იმასაც ადასტურებს, რომ ამ ფოტოების გმირები მაინც ჰგვანან ერთმანეთს, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსის, ეროვნების თუ სხვადასხვა განმასხვავებელი ფაქტორებისა. ეიმუტისი, თეატრის დაცვა და, ამასთანავე, მსახიობი ვილნიუსიდან; მკერავი ივანოვა ბელორუსიიდან; კაპიტოლინა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ზედამხედველი, მოსკოვიდან. - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ლიტველი ფოტოგრაფების ფოტოობიექტივში აღმოჩნდნენ. მათ შორის არის მასწავლებელი ნათელა, პანკისის ხეობიდან, და მწყემსები აჩი და ზვიადი, ზემო გერგეთიდან. ისინი 23 წლის ფოტოგრაფმა დოვილე ბერლინსკაიტემ გადაიღო. დოვილე 10 თვეა საქართველოში ცხოვრობს და სწორედ აქაური პერსონაჟები შეარჩია მან თავისი ფოტოებისთვის. დოვილეს ფოტოებზე დუისში მცხოვრები ნათელა მასწავლებლის ყოველდღიური საქმიანობაა გადმოტანილი. ფოტო თითქოს სამოყვარულოაო, ფოტოგრაფიული ოსტატობისა თუ ყოველგვარი მხატვრულობისგან დაცლილი, რასაც ვერ ვიტყვით დოვილეს მწყემს ბიჭებზე, აჩისა და ზვიადზე. ზედა გერგეთის მკაცრი ბუნება, ჭრელი ძროხები და კაპიუშონიანი მწყემსები - გალერეა „კონტეინერის“ კედლებზე მთასა და მთის ყოველდღიურობას აცოცხლებს. დოვილესაც განსაკუთრებით მოსწონს ეს ფოტოები:

„ეს ჩემი პირველი ისტორიაა. მე ამ ამბით დავიწყე გადაღება. ესენი მწყემსები არიან. შემთხვევით გადავაწყდი მათ. მივედი ბიჭებთან და ვკითხე, იქნებოდნენ თუ არა თანახმა, რომ მათთვის ფოტოები გადამეღო. ბიჭები ძალიან მეგობრულები გამოდგნენ. სიამოვნებით დამთანხმდნენ. ეს ფოტოები ჩვეულებრივი ადამიანების რეალურ ცხოვრებაზეა, მათ ყოველდღიურ რუტინაზე. ამ პროექტის საშუალებით ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ყოველი ადამიანი, ყოველი ინდივიდი განსაკუთრებული და უნიკალურია. მე ასევე მინდა ვაჩვენო საზოგადოებას, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად ყურადღებიანები უნდა ვიყოთ და უნდა ვამჩნევდეთ არა მხოლოდ წარმატებულ და პოპულარულ ადამიანებს, არამედ თითოეულ ადამიანს, რადგან ისინიც განსაკუთრებულები არიან“.

ფოტოგამოფენა

ფოტოგამოფენა

ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი ბელორუსი მკერავის ფოტოებთან დგას. მკერავ ივანოვას პორტრეტის შესაქმნელად ფოტოგრაფმა ოთხი ფოტო გამოიყენა. ერთ-ერთ ფოტოში მკერავი ფოტოობიექტივში იყურება და იღიმება, დანარჩენი ფოტოები კი მისი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ჰყვება: ძველი საკერავი მანქანა და კედელზე ჩამოკონწიალებული სხვადასხვა ზომის ფერად-ფერადი ელვაშესაკრავები. მანეკენზე შემოცმული დაუსრულებელი კაბა და ა.შ. გურამისთვის ამ გამოფენის კონცეფცია, პირველ რიგში, იმიტომ გამოდგა საინტერესო, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების ყოფა ერთმანეთს ჰგავს. ეს ფოტოები ამ მსგავსების ნათელი დადასტურებააო, ამბობს გურამ წიბახაშვილი:

„ეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნებია. ამდენი ხანი გავიდა, მაგრამ კიდევ სჭირდება დრო, რომ გამოხვიდე ერთი მდგომარეობიდან და გადახვიდე მეორე მდგომარეობაში. ეს ყველაფერი ამ ფოტოებში კარგად ჩანს. ეს ადამიანები ერთ მდგომარეობაშ არიან. აი, ამ პატარა ადამიანების მაგალითზე ხანდახან უკეთესად ჩანს ხოლმე, თუ რა არის ამ ხალხის უკან, როგორი სოციალური მდგომარეობა, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა. ზუსტად ასეთი ადამიანების ფონზე უფრო კარგად ჩანს ხოლმე რეალური სიტუაცია, ვიდრე ვიღაც არაორდინარული ადამიანი რომ გამოარჩიო. აი, ორდინარული ადამიანები უფრო კარგად გადმოსცემენ საერთო მდგომარეობას და ეს ამ ფოტოებზე კარგად ჩანს“.

ფოტოგამოფენა

ფოტოგამოფენა

კრიტიკულად აფასებს ფოტოგრაფების ნამუშევრებს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი. მისი აზრით, იმისათვის, რომ ადამიანების რეალური ცხოვრება ფოტოების საშუალებით გადმოსცე, გაცილებით ღრმა ცოდნა და პროფესიონალიზმია საჭირო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი მასობრივი გახდა ფოტოგრაფია. იური მეჩითოვის აზრით, უფრო სერიოზული შერჩევა და დაკვირვებაა საჭირო სიტუაციის აღსაქმელად. როგორც ის ხსნის, დამთვალიერებელს არ უნდა გაუჩნდეს შეგრძნება, რომ ამგვარ ფოტოებს ის თავადაც გადაიღებდა:

"უნდა იყოს ისეთი რამ, რასაც, მაგალითად, მეც ვერ გადავიღებ. ეს მე არ მაკმაყოფილებს. საერთოდ, ბევრი გამოფენა არ მაკმაყოფილებს. უფრო სერიოზული ხალხის გამოფენებიც არ მაკმაყოფილებს. ეს იმიტომ კი არა, რომ მე ვაკეთებ შედევრებს, არა, უბრალოდ, მე მიმაჩნია, რომ როცა ადამიანს სამსჯავროზე გამოაქვს თავისი ნამუშევრები, იქ მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო და მეტი ნავიგაცია იმისა, თუ რას ვაკეთებ მე, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რაზე ვაკეთებ აქცენტს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფოტოზე არის პატარა ფოტოგრაფიული მუღამი დაჭერილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ რისთვის ვიბრძვით, რომ ვნახოთ უფრო მეტი, თუ უფრო ღრმად ჩავწვდეთ?“

„სინამდვილეში, არ ვართ მწყემსები“ - ასე იწყება მინაწერი დოვილეს ფოტოებზე მწყემსების შესახებ. და ასე გრძელდება: „მე ჩემი ბიზნესი მაქვს თბილისში. თვეში ერთხელ 76 ძროხას უნდა მოვუაროთ და, განრიგის მიხედვით, დღეს ჩვენი ჯერია. ყველა ვალდებულება გაზიარებული უნდა იყოს, ისევე როგორც ბედნიერება“, - ასე ფიქრობენ ბიჭები დოვილეს ფოტოებიდან, „ჩვეულებრივი ვარსკვლავები“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG