Accessibility links

logo-print

აშშ სენატის ანგარიში ტყვეების წამების შესახებ


დაიან ფაინსტაინი, სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე

დაიან ფაინსტაინი, სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე

დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ სენატის დაზვერვის კომიტეტმა პირველად გამოიტანა საჯაროდ ანგარიში, რომელიც ინფორმაციას დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ გამოყენებული დაკითხვის მეთოდების შესახებ შეიცავს. დაახლოებით 500-გვერდიანი დოკუმენტი დეტალურად აღწერს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ ტყვეობაში მყოფი ალ-ყაიდას წევრების წამების ფაქტებს, მათ შორის ე.წ. ვოთერბორდინგის შემთხვევებს, რაც წყლით დახრჩობის ერთგვარ სიმულაციას წარმოადგენს.

სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე დაიან ფაინსტაინი ამბობს, რომ „ანგარიში მოიცავს ინფორმაციას დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ უცხოეთში საიდუმლოდ დაპატიმრებული სულ მცირე 119 ადამიანის შესახებ, რომელთა დაკითხვის დროს ძალადობრივი მეთოდების გამოყენება ხდებოდა, რამდენიმე შემთხვევაში - წამებაც“. ამასთან სენატორი დასძენს, რომ თითქმის 5-წლიანი ძიების შემდეგ, რომელიც დაახლოებით 40 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა, გაირკვა შემდეგი: „ძალადობრივი დაკითხვის მეთოდების გამოყენების შედეგად არ მომხდარა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ ისეთი კრიტიკული მასალის მიკვლევა, რომლის მოპოვებაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა“.

ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მის გამოქვეყნებამდე რამდენიმე თვით ადრე პრეზიდენტ ბარაკ ობამას აღიარება შეერთებული შტატების ფედერალური სააგენტოს მიერ წამების მეთოდის გამოყენების შესახებ. „ჩვენ ზოგიერთი ადამიანი ვაწამეთ“ - განაცხადა მან 1 აგვისტოს. „ისეთი რამ ჩავიდინეთ, რაც ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მესმის, თუ რატომ მოხდა ეს. ვფიქრობ, უკან მოხედვისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ როგორი შეშინებული იყო ხალხი მას შემდეგ, რაც ტყუპი შენობები დაინგრა, იერიში პენტაგონზე მიიტანეს და პენსილვანიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ხალხმა არ იცოდა, რამდენად გარდაუვალი იყო დამატებითი თავდასხმები. ეს იყო უზარმაზარი ზეწოლა ჩვენს ძალოვან სტრუქტურებზე და ეროვნული უსაფრთხოების გუნდებზე, რომელთაც ამ საკითხებზე თავის გართმევა უწევდათ“ - განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა ობამამ.

ანგარიშის ავტორები დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს ბრალს თეთრი სახლის და ამერიკელი ხალხის შეცდომაში შეიყვანაში დებენ, როცა ეჭვმიტანილებს პოლონეთში, რუმინეთში და მსგავს ქვეყნებში განლაგებულ საპყრობილეებში ატყვევებდნენ და ინფორმაციის მოპოვების მიზნით მათი წამების ფაქტებს უშვებდნენ. ე.წ. ვოთერბორდინგის გარდა, სააგენტო სხვა ძალადობრივ მეთოდებსაც იყენებდა, მათ შორის რექტალურ რეჰიდრატაციას, რომლის დროსაც პატიმარს სამედიცინო საჭიროების გარეშე საკვებს რექტუმიდან, სწორი ნაწლავიდან აწვდიდნენ. ანგარიშში მოყვანილია 11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის, ხალიდ შეიხ მუჰამედის მაგალითი, რომლის წინააღმდეგაც ვოთერბორდინგი - წყლით დახრჩობის სიმულაციის მეთოდი - 183-ჯერ გამოიყენეს. არიან პატიმრები, რომლებსაც ასობით საათის მანძილზე უძილობით ტანჯავდნენ. დაკითხვის დროს იყო ეჭვმიტანილთა ოჯახის წევრების დაშავების, გაუპატიურების მუქარის გამოყენების ფაქტებიც.

დაზვერვის ცენტრალური სააგენტო შეცდომებს აღიარებს. თუმცა, დირექტორი ჯონ ბრენანი იმასაც აცხადებს, რომ დაკითხვების შედეგად შემდეგი იერიშების აღკვეთა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. ამას გარდა, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე განეიტრალდა ალ-ყაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი. სააგენტოს საქმიანობის დამცველებმა საგანგებო ვებგვერდიც შექმნეს, რომელზეც ისინი ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის, უმცროსი ჯორჯ ბუშის სიტყვებს ციტირებენ: „თუკი დატყვევებულ ტერორისტს აქვს ინფორმაცია ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაზე, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ის, რაც მან იცის“.

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი თანამდებობის პირი, ჩარლზ ალენი ამბობს, რომ 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ისინი მხოლოდ საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ. „საკმაოდ პატარა ჯგუფში ვიყავი, მაგიდასთან ვისხედით. შესაძლოა თავშეკავების სურვილი გვქონოდა კიდეც, მაგრამ დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდით და ერთმა, მთავარმა მიზანმა ყველაფერი გადაწონა: როგორმე მივწვდენოდით ალ-ყაიდას, დაგვეშალა და გაგვენადგურებინა ის“ - ყვება ჩარლზ ალენი.

„ძალზე ბევრი გავეცით იმ მოლოდინით, რომ წამება ჩვენს უსაფრთხოებას მეტად უზრუნველყოფდა. ძალზე ბევრი“ - განაცხადა სენატში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯონ მაკეინმა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა სამხედრო ტყვეობის მთელი სიმძიმე.

ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს ანგარიშის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკელი კანონმდებელი მაიკ როჯერსი და სააგენტოს ყოფილი დირექტორი მაიკლ ჰეიდენი შიშობენ, რომ ტერორისტების მიმართ გამოყენებული მეთოდების გამოქვეყნებამ შესაძლოა ამერიკის საგარეო ინტერესების წინააღმდეგ შემდგომი ძალადობის პროვოცირება გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მუშაობის დეტალების გახმაურებამ შეერთებული შტატების მიმართ მტრულად განწყობილი დაჯგუფებების აგრესია გაზარდოს, რაც ამერიკის საელჩოებს, მოქალაქეებს, თუ მეომრებს მეტ საფრთხეს შეუქმნის.

XS
SM
MD
LG