Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნი ამერიკაზე


რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკათმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა, სახელწოდებით „პატრიოტთა ისტორიის მასალები“. წიგნში თავმოყრილია ისტორიული დოკუმენტები ამერიკის შესახებ, მე-17 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, რომლებმაც, წიგნის ავტორთა თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იმ სახით ჩამოაყალიბა, როგორიც დღეს არის. წიგნი 2012 წელს გამოიცა შეერთებულ შტატებში, ქართულ ენაზე კი ამერიკათმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორთა ინიციატივითა და საქართველოში ამერიკის საელჩოს დახმარებით ითარგმნა.

ერის ფორმირება, ახალგაზრდა ქვეყნის მზარდი პრობლემები, მონობა, სამოქალაქო უფლებები და სამოქალაქო ომი, ადამიანის უფლებები და შიდასახელმწიფოებრივი საკითხები, ახალი მსოფლიო წესრიგის დასაწყისი - 1620 წლის მეიფლაუერის შეთანხმებიდან მოყოლებული აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას 2009 წლის სიტყვით დამთავრებული - ეს იმ წიგნის ზოგადი შინაარსია, რომელიც პატრიოტთა ისტორიის მასალებს აერთიანებს და რომლის გარეკანზეც ვკითხულობთ: „ამ დოკუმენტებს ყველა ამერიკელი უნდა იცნობდეს“. წიგნი, რომელიც აშშ-ში 2012 წელს გამოიცა, შეიძლება ითქვას, ამერიკული ისტორიის ყველაზე წარმატებულ წიგნად იქცა. ყოველ შემთხვევაში, ასე წერენ წიგნის ავტორები ლერი შვაიკერი, დეივ დოქერტი და მაიკლ ალენი შესავალ სიტყვაში და განმარტავენ: „ეს არის საუკეთესო წიგნი, რომელიც შეერთებულ შტატებს კანონიერებასა და იუდეურ-ქრისტიანულ პრინციპებზე დაფუძნებულ თავისუფალ ქვეყნად წარმოაჩენს“.

წიგნი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ინიციატივით ითარგმნა და გამოიცა, ქრონოლოგიურად აერთიანებს იმ დოკუმენტებს, საკვანძო საკითხებსა და იდეებს, რომელთაც ამერიკის ისტორიის მსვლელობას მისცეს გეზი. თითქმის 700-გვერდიან წიგნში თავმოყრილია ის დოკუმენტური წყაროები, რომლებმაც, როგორც წიგნის ავტორები წერენ, თავის დროზე არა მარტო შეცვალეს საზოგადოება, არამედ მასზე ხანგრძლივად ზემოქმედებდნენ. აი, მაგალითად, 1776 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ჯორჯ ვაშინგტონის პირველი საინაუგურაციო მიმართვა, ემანსიპაციის პროკლამაცია, რომელსაც 1863 წელს ხელს აწერს ამერიკის პრეზიდენტი აბრაჰამ ლინკოლნი, 1964 წლის აქტი სამოქალაქო უფლებების შესახებ - ეს იმ დოკუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ავტორებმა წიგნში მოაქციეს და რომლის ქართულ ენაზე გაცნობის საშუალებაც მისცეს დაინტერესებულ მკითხველს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა. წიგნის სამეცნიერო რედაქტორი და ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვასო კაჭარავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამა თუ იმ საკითხზე ყველაზე უტყუარი და ობიექტური ინფორმაციის მისაღებად პირველწყაროებს უნდა გაეცნო. ეს წიგნი კი, მისი თქმით, სანდო და საუკეთესო საშუალებაა, რათა ამერიკულ იდეალებსა და ღირებულებებს გაეცნოს მკითხველი:

ვასო კაჭარავა
ვასო კაჭარავა

„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას. ამერიკა არის ჩვენი მთავარი მოკავშირე. ჩვენ ვცდილობთ ბევრი რამე ვისწავლოთ ამ ქვეყნისგან და ამ სწავლის პერიოდში ხდება სხვადასხვა ინტერპრეტაცია - ზოგი ასე გამოხატავს ამერიკას, ზოგი ისე, ზოგს მოსწონს, ზოგს არა... ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს წიგნი ძალიან სასარგებლო იქნება არა მარტო სტუდენტებისა და პროფესორებისათვის, არამედ, პირველ რიგში, პოლიტიკოსებისათვის, მათთვის, ვისაც შეუძლია, რომ წიგნის კითხვისთვის დრო დახარჯოს და ეს ნამდვილად სასარგებლო იქნება მათთვის, რადგან ჩვენს ბედს წყვეტენ და, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ არცთუ კვალიფიციურ გადაწყვეტილებებს. ეს წიგნი მათ პოლიტიკური კვალიფიკაციის ამაღლებაში ძალიან დაეხმარებათ“.

ამ წიგნში თავმოყრილ დოკუმენტთაგან ვასო კაჭარავასთვის რამდენიმე განსაკუთრებით საყურადღებოა - მათ შორის, დოკუმენტი, სახელწოდებით „მარბერი მედისონის წინააღმდეგ“. ეს დოკუმენტი 1803 წელსაა შექმნილი და ეხება წარმატებული ამერიკელი ბიზნესმენის უილიამ მარბერისა და აშშ-ის მეოთხე პრეზიდენტის ჯეიმს მედისონის საქმეს, რომელმაც დაამკვიდრა პრეცედენტი, რომ უზენაეს სასამართლოს შეუძლია კონგრესის აქტების განხილვა და, ვითარებიდან გამომდინარე, მათი არაკონსტიტუციურად და არაქმედითად მიჩნევა. კაცობრიობის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სუვერენულმა მთავრობამ უფლებამოსილება მისცა სასამართლოს არაკონსტიტუციურად გამოეცხადებინა საკანონმდებლო აქტი. ვასო კაჭარავა ქართულ სინამდვილესთან ავლებს პარალელს და იხსენებს რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და მისი მფლობელი ტელეკომპანია „საქართველოს“ სარჩელის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მან შეაჩერა კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს:

ამერიკის შესახებ ჩვენს სივრცეში ცნობები კონიუნქტურით შემოდიოდა და შემდგომ, როდესაც ეს საინფორმაციო სივრცე გაიხსნა, ინტერნეტი, ჰოლივუდი, განსაკუთრებით კინომ და მასკულტურამ ძალიან ბევრი, ზოგ შემთხვევაში სწორი, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში არასწორი სტერეოტიპი გაავრცელა ამერიკული საზოგადოების, მისი ღურებულებების შესახებ...
მიხეილ ბარნოვი

„სხვათა შორის, ამ ბოლო ხანებში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოც გამოცოცხლდა. მე დავიწყებულიც კი მქონდა, თუ არსებობდა ასეთი სტრუქტურა. და ძალიანაც კარგი, რომ გამოცოცხლდა. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ მე მგონი, რომ ეს ქართული დემოკრატიისათვის ძალიან კარგია, რომ ეს სასამართლო ჩანს და ფიგურირებს. სინამდვილეში კი საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცოცხლება, როგორც ამ წიგნშიც ვკითხულობთ, 1803 წელს მოხდა. ჩვენ ახლა ვაცოცხლებთ და ეს კარგია“.

წიგნში იპოვის მკითხველი 1848 წელს გამოცემულ სენეკა ფოლსის გრძნობების დეკლარაციას, რომელიც ითვლება ამერიკელ ქალთა საარჩევნო უფლების მოძრაობის დასაწყისად, და ასევე 1965 წელს პრეზიდენტ კენედის საპრეზიდენტო განკარგულებას დასაქმების თანასწორი შესაძლებლობების შესახებ. მიხეილ ბარნოვი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს წიგნის იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დამკვიდრებული სტერეოტიპების რღვევას ამერიკის შესახებ, იმ სტერეოტიპების, რომელიც, მისი თქმით, საბჭოთა წლებში გაჩენილმა ინფორმაციულმა ვაკუუმმა წარმოშვა:

„ამერიკის შესახებ ჩვენს სივრცეში ცნობები კონიუნქტურით შემოდიოდა და შემდგომ, როდესაც ეს საინფორმაციო სივრცე გაიხსნა, ინტერნეტი, ჰოლივუდი, განსაკუთრებით კინომ და მასკულტურამ ძალიან ბევრი, ზოგ შემთხვევაში სწორი, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში არასწორი სტერეოტიპი გაავრცელა ამერიკული საზოგადოების, მისი ღურებულებების შესახებ. მოხდა ამერიკის სტანდარტიზაცია, ნიველირება ამ ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიულ-კულუტურული თავისებურებების, უნიკალურობის. ყველაზე მეტად ეს სტერეოტიპები და მცდარი, ზედაპირული დამოკიდებულება ამ საზოგადოებისადმი, მისი კულტურისადმი შეიძლება გააქარწყლოს პირველწყაროებმა, სადაც ჩანს როგორ იწრიტებოდა ამ ადამიანების აზროვნება. და აქვე ყველაზე კარგად ჩანს, რაც ჩვენ გვაწუხებს ყველაზე მეტად: როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება, ღირებულებები“.

ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენ, რომ სტუდენტებს ნელ-ნელა, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვუმუშავოთ წყაროებზე მუშაობის უნარი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ყოველთვის როდი ხერხდება...
მერაბ კალანდაძე

ისტორიკოსი მერაბ კალანდაძე რადიო თავისუფლებასთან წიგნის როგორც მეცნიერულ, ისე შემეცნებით მნიშვნელობაზე საუბრობს. მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში გაჩნდა წიგნი, რომელიც სტუდენტებს მისცემს საშუალებას მშობლიურ ენაზე გაეცნონ იმ წყაროებსა და დოკუმენტებს, რომლებიც ამერიკის ისტორიას ქმნიდა და ქმნის. ის, როგორც ლექტორი, რომელსაც ყოველდღიურად უწევს სტუდენტებთან მუშაობა, ფიქრობს, რომ აქტიურად გამოიყენებს ამ წიგნს როგორც დამხმარე სახელმძღვანელოს:

„ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენ, რომ სტუდენტებს ნელ-ნელა, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვუმუშავოთ წყაროებზე მუშაობის უნარი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ყოველთვის როდი ხერხდება. რაც შეეხება მეცნიერულ თვალსაზრისს, ამ წიგნს ამ მიმართულებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის პირველი სერიოზული მცდელობა ქართულ ისტორიოგრაფიაში ამერიკის ახალი და უახლესი ისტორიის ქრესტომათიის შექმნისა“.

დარეჯან თვალთვაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დარწმუნებულია, რომ წიგნი „პატრიოტთა ისტორიის მასალები“ პოპულარობას მოიპოვებს იმ სტუდენტებში, რომლებიც ამერიკის ისტორიით არიან დაინტერესებულნი:

„ეს წიგნები, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სტუდენტებისათვის და ჩვენ უზრუნველვყობთ, რომ ეს ასეც იყოს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ამერიკის შემსწავლელ ცენტრში და ბუნებრივია წიგნები იმ ბიბლიოთეკაშიც იქნება. ამერიკისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისათვის შესაძლოა ეს წიგნი ერთგვარ სამაგიდო წიგნადაც კი იქცეს, რადგან ყველა დოკუმენტი, რომელიც მათთვის საჭირო და აუცილებელია, აქ ერთადაა თავმოყრილი“.

„ეს არის ამერიკის ცხოვრების ზედმიწევნით ჩამოყალიბებული ანგარიში კონტინენტის აღმოჩენიდან დღემდე“, - ასე შეაფასა „უოლ სთრით ჯორნალმა“ წიგნი „პატრიოტთა ისტორიის მასალები“.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG