Accessibility links

logo-print

„მწერლები VS მკვლელები“ - წიგნი ფემიციდზე


აქცია ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ. თბილისი, 2014 წლის 24 მაისი

აქცია ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ. თბილისი, 2014 წლის 24 მაისი

„მწერლები VS მკვლელები“ - ასე ერქმევა წიგნს, რომელიც ბოლო თვეებში ძალადობის მსხვერპლი ქალების ამბებს გააერთიანებს და მათ ტრაგიკულ ისტორიებზე 13 მწერალი იმუშავებს. მოთხრობებში შეიცვლება მთავარი პერსონაჟების სახელები, მოქმედების ადგილები, თუმცა ფინალი ყველა მოთხრობას რეალური ექნება - როგორ დახოცეს ქმრებმა თუ ყოფილმა ქმრებმა ცოლები, ან როგორ მიიყვანეს მათ, ქმრებმა თუ შეყვარებულებმა, ქალები თვითმკვლელობამდე. შეძლებენ თუ არა მწერლები საზოგადოების ცნობიერების შეცვლას? და, საერთოდ, რას შეცვლის წიგნი?

ანინა ტეფნაძე 22 წლისაა. მისი მოთხრობის მთავარი გმირიც 22 წლისაა. ოღონდ ის მკვდარია. ის ყოფილმა ქმარმა მოკლა. ანინას მოთხრობის მთავარ გმირს სახელი შეცვლილი აქვს. მისი მკვლელობის ამბავი ამ ზაფხულს ქვეყანამ გაიგო. ის ერთი პატარა ქალაქის სკვერში ხალხის თანდასწრებით ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ყოფილმა ქმარმა. ანინას მოთხრობის მკვდარი პერსონაჟი თვითონ ჰყვება ამბავს:

„ჩემი სახელია გვანცა. მე 22 წლის ვარ და მე მკვდარი ვარ. ორი ტყვია - გულ-მკერდის არეში, ორი - მუცელში, ერთიც - ხელში. ვიცი, რომ ამით ვერ გაგაკვირვებთ, არც არის აუცილებელი. შეიძლება თქვენ ჩემზე სასტიკად მოგკლეს, ან უფრო დიდხანს გაწამეს, ან უფრო დიდხანს ცხოვრობდით საშინელ ტანჯვაში. შედეგი ერთი და იგივეა. ყველა თქვენგანის ისტორია ჰგავს ჩემსას და, ამავე დროს, განსხვავდება. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთის, რომ დავამარცხოთ საშინელი აზრი: „ჩემი ბრალია“. და ვისწავლოთ დანაშაულის შეგრძნების გარეშე სიკვდილი. ჩემი გული ყოველთვის ხმამაღლა ფეთქავდა მის დანახვაზე. სისხლი მაწვებოდა. ხშირ-ხშირად ვიწყებდი სუნთქვას. ვფიქრობდი: აი, გვანცა, ეს არის ადამინი, რომელსაც უყვარხარ და სძულხარ. ეს არის შენი შვილის მამა. ეს არის კაცი, რომელსაც შეუძლია მთელი შენი თავდაჯერება ერთ წინადადებაში გააცამტვეროს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? ჩემი გული ყოველთვის ხმამაღლა ფეთქავდა მის დანახვაზე. იმ დღესაც მეგონა, მთელი პარკი გაიგებდა ჩემს გულის ცემას, თუ არ დავმშვიდდებოდი. თუმცა მთელმა პარკმა მხოლოდ გასროლის ხმა გაიგო“...

ფაბულად ავირჩიეს ის, რომ თვითონ მსხვერპლი გვიყვება ისტორიას, როგორ მივიდა აქამდე. გადავწყვიტე, რომ მკითხველს ჰქონოდა საშუალება არა მხოლოდ განეცადა ისტორია, არამედ კონკრეტული ინფორმაცია მიეღო. ამიტომაც ფაბულა არის ის, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ მოძალადე...

ანინა ამ მოთხრობას იმ კრებულისთვის წერს, რომელშიც მისი პერსონაჟის მსგავსად სხვა ქალების მკვლელობის ამბებიც უნდა გაერთიანდეს. „მწერლები VS მკვლელები“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც თითქმის ერთი თვის წინ შეიქმნა და რომელშიც ბოლო თვეებში ძალადობის მსხვერპლი ქალების - ქმრებისგან, ყოფილი ქმრებისგან, შეყვარებულებისგან მოკლული ქალების ისტორიები გაერთიანდება. ძალადობის ნიადაგზე თვითმკვლელობამდე მისული ქალების ისტორიები გაერთიანდება. მოთხრობებს, ცხადია, მხატვრული სახე ექნება, თუმცა ფინალი იქნება სწორედ ისეთი, როგორც მოკლული ქალების რეალურ ცხოვრებაში მოხდა. რატომ აირჩია ანინამ 22 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის ამბავი? აი, ამიტომ: „ის იყო ერთადერთი გოგო მოკლული ქალებიდან, რომელიც იყო ჩემხელა. ჩვენ პარალელურად, ერთ წელში დავიბადეთ, ვვითარდებოდით და მისი ისტორია ასე ტრაგიკულად განვითარდა. ამიტომ პროეცირების ძალა ამ გოგოსთან უფრო ძლიერი იყო. ის რომ მოკლეს, ყველას არ უთქვამს, საწყალი გოგო როგორ მოკლეს. ადამიანები მას აკრიტიკებდნენ. ამ გოგოს შესახებ ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, იმიტომ რომ ის ძალიან ლამაზი იყო და, შესაბამისად, ადამიანები ასეთ დეტალებზე უფრო მეტად „იჭედებიან“ ხოლმე და სხვა დეტალებს ვეღარ ხედავენ. ფაბულად ავირჩიეს ის, რომ თვითონ მსხვერპლი გვიყვება ისტორიას, როგორ მივიდა აქამდე. გადავწყვიტე, რომ მკითხველს ჰქონოდა საშუალება არა მხოლოდ განეცადა ისტორია, არამედ კონკრეტული ინფორმაცია მიეღო. ამიტომაც ფაბულა არის ის, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ მოძალადე".

ანინა ტეფნაძის მსგავსად, მოთხრობას წერს კრებულისთვის მწერალი ჯაბა ზარქუა. 34 წლის თეა მეტრეველი, ოთხი შვილის დედა, ქმარმა წამებით მოკლა და გვამი პოლიციაში მიიტანა. მისი ისტორია დაედება ფაბულად ჯაბას მოთხრობას. ჯაბა მეუბნება, რომ დადგა ის დრო, როცა აღარ გამოდის მოწყდე რეალობას, წერო გამოგონილ სამყაროზე, გამოგონილ ამბებზე, მაგალითად, სამეცნიერო ფანტასტიკაზე, რადგან ის რეალობა, რასაც ფემიციდი ჰქვია, ძალიან დიდი დოზით შემოვიდა ადამიანების და, მათ შორის, რა თქმა უნდა, მწერლების ცხოვრებაშიც.

„რაც უფრო მეტად გამოხატავენ მწერლები თავიანთ სოციალურ პასუხისმგებლობას, მით უკეთესი იქნება. ხდება ვანდალიზმი და ამ ვანდალიზმზე უნდა გვქონდეს რეაქცია. საზოგადოების აზრები ხშირ შემთხვევაში იბნევა. დისკუსია იმაზე, რომ იქნებ მოკლული ღირსი იყო, ამ კუთხით დისკუსია არის ამორალური. ამიტომ, მოდი, იყოს დისკუსია, მაგრამ ის მაინც მოვახერხოთ, რომ ეს დისკუსია სწორ რელსებზე შევაყენოთ და მიზეზები ვიკვლიოთ უფრო სიღრმისეულად და არა ისე ზედაპირულად, რომ აი, თურმე გოგომ გააღიზიანა და ამიტომ მოკლა და ამით ამოიწურა ინციდენტი. ეს ყველაფერი ასე მარტივად არ არის“, - ამბობს ჯაბა ზარქუა.

პროექტის მიზანიც ეს არის, რომ მშრალი ფაქტების მიღმა, რაზეც ვიშვიშებს საზოგადოება, დაიწყოს რეალობის აღქმა. და როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? ვიღაცამ უნდა დაწეროს, სხვა ფორმით უნდა გადასცეს ადამიანებს, რა ხდება...

პროექტის „მწერლები VS მკვლელები“ იდეის ავტორი ნინა სურამელაშვილია. ის მწერალია. ნინას თქმით, ახლა დადგა ზუსტად ის დრო, როცა არ აქვს მნიშვნელობა მწერალი ხარ, მუსიკოსი თუ არქიტექტორი, ყველამ უნდა გამოხატოს თავისი პროტესტი იმის მიმართ, რასაც ქალზე ძალადობა ჰქვია. ნინას სიტყვებით, მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოხატული წუხილი მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და იდეაც თითქოს სპონტანურად გაჩნდა.

„პროექტის მიზანიც ეს არის, რომ მშრალი ფაქტების მიღმა, რაზეც ვიშვიშებს საზოგადოება, დაიწყოს რეალობის აღქმა. და როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? ვიღაცამ უნდა დაწეროს, სხვა ფორმით უნდა გადასცეს ადამიანებს, რა ხდება. თუნდაც ეს იყოს ფიქშენი. ანუ პროექტის იდეა ის არის, რომ ფინალი იყოს ისეთივე, როგორიც იყო, მაგრამ გამოვიკვლიოთ ჩვენს თავშიც და სხვა ადამიანებშიც ძალადობის ანატომია, რამ მიგვიყვანა ძალადობამდე. ეს არ არის აუცილებლად ქალების გამართლება, ქალების დაცვა. ეს არის, ზოგადად, ძალადობის აი ამ კონკრეტული ფორმის კვლევა“, - მიაჩნია ნინა სურამელაშვილს.

კრებულს, რომელშიც 13 მოკლული ქალის ისტორია შევა, გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს. ნინო დეკანოსიძე, გამომცემლობის მთავარი რედაქტორი, მეუბნება, რომ წიგნის ყდას აუცილებლად პლაკატური სახე უნდა ჰქონდეს, რათა მაშინვე მიიზიდოს მკითხველის ყურადღება. ნინოს თქმით, ეს პროექტი დღეს გამომცემლობისთის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია და მასზე მუშაობა მოთხრობების დასრულებისთანავე აქტიურად დაიწყება. წიგნი, სავარაუდოდ, ახალ წლამდე უნდა გამოიცეს.

„ამ წიგნის გამოცემა, რა თქმა უნდა, გამოსავალი არ არის. ეს არის, უბრალოდ, აქტი მთელი ჩვენი გამომცემლობის, თითოეული ჩვენგანის, რადგან როგორც კი დავიწყე ამ თემაზე საუბარი, ყველა, როგორც ერთი, დამეთანხმა, რომ ასეთი წიგნი უნდა გამოიცეს, რათა წიგნის სიტყვით შევძლოთ რაღაცის თქმა. ჩვენი სიტყვა იქნება ის, რომ ამ წიგნებს მივაწვდით მკითხველს, დავარიგებთ, რათა ყველამ წაიკითხოს. გულზე ხელი არ უნდა დავიკრიფოთ. მინდა, რომ წიგნი წელს გამოვიდეს. ყველას ძალიან გვიყვარს ახალი წელი, გვიხარია და ძალიან კარგი დღესასწაულია, ახალი ცხოვრება იწყება, მაგრამ მოკლულმა ქალებმა ცხოვრება დაასრულეს ძალიან ცუდად“, - ამბობს ნინო დეკანოსიძე.

მწერლები, რომლებიც მოკლული ქალების ამბებს წერენ, ფიქრობენ, რომ მათ მოთხრობებს, წიგნს, რომელიც ამ მოთხრობებს გააერთიანებს, მკითხველი აუცილებლად ეყოლება. ისინი ფიქრობენ, რომ ამ წიგნს წაიკითხავენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ზოგადად წიგნებს კითხულობენ, არამედ ის ადამიანებიც, რომლებსაც წიგნები დიდად არ აინტერესებთ, მაგრამ ამ ტრაგედიებზე შექმნილ წიგნს წაიკითხავენ. როგორც ისინი ამბობენ, ეს იქნება წიგნი, რომელიც ქალებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მათ აქვთ უფლებები და რომ მათ ძალადობისგან თავი უნდა დაიცვან.

ასე ფიქრობს თუთა ჩხეიძეც, ქალთა მოძრაობის აქტივისტი. ის ამბობს, რომ მწერლები, რომლებიც ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ შეძლებენ მკითხველს შეუცვალონ მსოფლმხედველობა და დაანახვონ, თუ რამდენად სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან დღეს ქალები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან და ეს პრობლემა ეხებათ არა მხოლოდ ქალებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას.

თუთა ჩხეიძე.

თუთა ჩხეიძე.

„ეს წიგნი ჰყვება არსებულ, რეალურ ისტორიებს. პირადად ჩემთვის, ყოველთვის უფრო საინტერესოა ისეთი ფილმები და წიგნები, რომლებიც დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე. ეს უფრო შთამბეჭდავია. ეს უფრო ნათლად წარმოგვადგენინებს იმ ტრაგედიას, რომელიც მოხდა საქართველოში მოკლული 24 ქალის შემთხვევაში. და არა მხოლოდ მათ ტრაგედიებს, არამედ მათი ოჯახის ტრაგედიებსაც. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალა, რომელიც ამ წიგნს ექნება, შესაძლებელია იყოს კიდევ უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე ის აქტივიზმი, რომელშიც ახლა არაერთი ქალია ჩაბმული“, - ფიქრობს თუთა ჩხეიძე.

მოთხრობები მწერლებმა 25 ნოემბრისთვის უნდა დაასრულონ. 25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე წელს საქართველოს მასშტაბით, არაერთ ქალაქში, შეიძლება ითქვას,უპრეცედენტო აქციებით აღინიშნება. „ქალზე ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე“ - ეს არის აქციის მთავარი სლოგანი, რომლის გარშემოც ასობით ადამიანი ერთიანდება. თუთა ჩხეიძე 25 ნოემბერს დაგეგმილი აქციის თაობაზე გვესაუბრება: „ყველა თავის სექტორსა და თავის სამუშაო სივრცეში ავრცელებს მესიჯს, რომ ძალადობა დანაშაულია. და ამიტომ მგონია, რომ ეს მოძრაობა იქნება გარდამტეხი ქალთა უფლებებისათვის ბრძოლაში. პირველი აქცია დაგეგმილია 25 ნოემბერს საქართველოს ყველა ქალაქში. ყოველდღე ახალი და ახალი ქალაქი გვემატება. ყველას უნდა თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. ამიტომ მე მაქვს იმედი, რომ დიახ, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური აქცია, რაც საქართველოში გამართულა ქალთა უფლებების დაცვისთვის“.

ჩემი ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, ასე მთავრდებოდა,: „იმედს ვიტოვებ, რომ იმ რამდენიმე საათში, სანამ ეს სიუჟეტი ეთერში გავა, სიკვდილისთვის გამეტებული ქალების რიცხვი არ გაიზრდება. იმის ილუზია, სამწუხაროდ, არ მაქვს, რომ იმ რამდენიმე საათში, სანამ ეს სიუჟეტი გავა, ქალებს არ სცემენ, თვალებს არ ჩაულურჯებენ, ტუჩს არ გაუხეთქავენ“. - მე იმ დღეს ეს იმედი მწარედ გამიცრუვდა: სანამ სიუჟეტი ეთერში გავიდოდა, მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ სოფელში ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა ქალმა თავი ჩამოიხრჩო. და მე ისევ ვიტოვებ იმედს, რომ სანამ მწერლები მოთხრობებს წერენ მოკლულ ქალებზე, დანარჩენი ქალები და კაცები, რაღა თქმა უნდა, ფხიზლად ვიქნებით, რომ ჩვენს მეზობლად, გვერდით ქუჩაზე, სადმე სკვერში ან სადარბაზოში, არ მოკლან ქალი.

XS
SM
MD
LG