Accessibility links

logo-print

პრეზიდენტ მარგველაშვილისა და პრემიერ კვირიკაშვილის მიერ დემონსტრირებულ მშვიდობიან და კონსტრუქციულ ურთიერთობებში პირველი ბზარი გაჩნდა. საუბარია 8 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ვადებზე. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მთავრობამ ის შეცდომაში შეიყვანა და ამიტომ აღარ აპირებს გაიზიაროს პრემიერ-მინისტრის მიერ 14 აპრილს გახმაურებული ახალი ინიციატივა წინასაარჩევნო კამპანიის ივლისში დაწყების თაობაზე. რას აპირებს პრეზიდენტი და რამდენად იზიარებს მის სვლას სამოქალაქო სექტორი?

პრეზიდენტი ამბობს, რომ ვიდრე არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებებს გამოსცემდა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის 2-თვიან ვადას მოითხოვდა, ის ამ პოზიციის სისწორეში მთავრობამ დააჯერა, თუმცა, რადგანაც შემდეგ იმავე მთავრობამ შეთანხმებულ პოზიციას გადაუხვია, გიორგი მარგველაშვილი მომდევნო ნაბიჯის გადადგმას უკვე მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებზე დაყრდნობით აპირებს:

”დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ არჩევნების 60 დღეზე ადრე დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის და, თურმე, შეიძლება, რომ უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად, მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე, რომ დაინიშნოს 8 ოქოტმბერს. ეს იქნება დადებითი, იმიტომ რომ ხუთი თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას. ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვის”.

ამ სიტყვებით პრეზიდენტი 14 აპრილს პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე იმავე დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილს არა აქვს პრეტენზია არჩევნების 8 ოქტომბერს გამართვასთან დაკავშირებით, თუმცა მან, მიზეზად იურიდიული ხარვეზების დასახელებით, პრეზიდენტს თავისი განკარგულებები, მოტივირებული შენიშვნების თანხლებით, უკან დაუბრუნა და ისურვა, რომ მას პრეზიდენტმა ახალი განკარგულებები უფრო ხელსაყრელ დროს წარუდგინოს. რადგანაც პრემიერის კონტრასიგნაციის შემდეგ დოკუმენტი სწრაფად უნდა გამოქვეყნდეს, ხოლო გამოქვეყნების შემდეგ მყისიერად უნდა ამოქმედდეს,

პრემიერის აზრით, პრეზიდენტის მიერ განკარგულებათა გამოცემის თარიღი შესაბამისობაში უნდა იყოს ამ დოკუმენტების გამოქვეყნების ვადებთან. პრემიერი კიდევ ერთ კონკრეტულ სათხოვარზე ლაპარაკობს:

„გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დოკუმენტი წარმოდგენილ იქნეს ისეთ დროს, რომ გამოქვეყნებაც დაემთხვას 8 ივლისს, რათა 3 თვე იქნეს აღებული წინასაარჩევნო პერიოდის ვადად“.

პრემიერის ამ სათხოვრის გათვალისწინებას, როგორც ვნახეთ, არ აპირებს პრეზიდენტი, რომელმაც მთავრობის მეთაურის მიერ დასახელებულ ვადებს კიდევ 2 თვე მიუმატა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის 5-თვიანი პერიოდი ისურვა.

პრეზიდენტის პოზიციას ბოლომდე იზიარებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანა მთავრობამ, როცა დაარწმუნა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი 2 თვეზე ხანგრძლივ წინასაარჩევნო კამპანიას ვერ გასწვდებოდა. არადა, საბოლოო ჯამში, პრემიერ-მინისტრმა 3–თვიანი წინასაარჩევნო კამპანია მოითხოვა და გამოვიდა, რომ ყველაფერი პრეზიდენტს დააბრალა.

ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ პრემიერ-მინისტრი ვეღარ შეძლებს უარის თქმას იმ განკარგულებებზე, რომლებსაც მას პრეზიდენტი მაისში გადაუგზავნის, რადგანაც, დაპირებისამებრ, ეს იქნება ერთი მოკლე წინადადება, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართოს და, შესაბამისად, ძნელი იქნება მიზეზის გამონახვა ამ დოკუმენტების დასაწუნებლად. ალაფიშვილის აზრით, პრეზიდენტმა 14 აპრილს სრულიად ადეკვატური საპასუხო სვლა გააკეთა:

„მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გინდათ (წინასაარჩევნო კამპანიის) ივლისიდან დაწყებაო, ანუ თქვენთვის კომფორტული თარიღი შეარჩიეთო, მე ამაზე უკვე აღარ წამოვალო, რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, როგორც მეუბნებოდით, საბიუჯეტო საკითხები არ ყოფილა პრობლემურიო... მომატყუეთ, უბრალოდო... მაშინ, ეგრე კი აღარ მოვიქცევი, თუ ჩემი გადასაწყვეტი იქნებაო, – მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამართლიან გარემოს ვხედავ მაისიდან წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიაშიო – პირველ რიგში, თქვენ რომ იქნებით კანონით შეზღუდულიო... აი, ეს უთხრა ძალიან მკაფიოდ და სწორად პრეზიდენტმა მთავრობას და, პირველ რიგში, – კვირიკაშვილს“.

საქართველოს კანონმდებლობა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ითვალისწინებს კონკრეტულ შეზღუდვებს, რაც, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და სააგიტაციო პროცესში მაღალჩინოსნების ჩართვას უკავშირდება.

თუმცა ის დაკავშირებულია ასევე საორგანიზაციო ხარჯებთანაც, რის შესახებაც რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ესაუბრება. კოლეგების მსგავსად, ისიც თვლის, რომ ქვეყანას 5-თვიანი საარჩევნო კამპანია ძალიან ძვირი დაუჯდება:

„ასეთ დროს უორმაგდება დაფინანსება საარჩევნო ადმინისტრაციას... შესაბამისად, საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე, რაც დამატებით უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ საარჩევნო ადმინისტრაციის საგანგებო რეჟიმის უზრუნველსაყოფად. ვფიქრობთ, რომ ამ რეჟიმში 5 თვე მუშაობა, უბრალოდ, არ იქნება საჭირო და, შესაბამისად, გამართლებული არ იქნება ამ თანხების გადახდა“.

მართალია, პრეზიდენტ მარგველაშვილის თქმით, ის მზად არის შეეხიდოს მთავრობას ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში და ფული თავისი ფონდიდან გამოყოს, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ ეს მაინც სახელმწიფოს ფულის ხარჯვა გამოდის, არასამთავრობო სექტორი კი ამ ხარჯს არ ამართლებს. წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ოპტიმალური ხანგრძლივობა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს და რომ სწორედ მათი ეს პოზიცია გაიზიარა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, როდესაც არ დაადასტურა პრეზიდენტისგან 6 აპრილს მიღებული განკარგულებები. მე-3 სექტორის წარმომადგენლები გასულ კვირაში იმასაც აღნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტის ეს განკარგულებები სამართლებრივად ბუნდოვანი და გაუაზრებელი იყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG