Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო შეხვედრები


წინასაარჩევნო პროცესი უფრო და უფრო აქტიური ხდება. 3 აგვისტოს ცესკომ საარჩევნო სუბიექტებს მიანიჭა ნომრები, რომლითაც 8 ოქტომბრის არჩევნებში იქნებიან წარმოდგენილები. ამომრჩევლებთან შეხვედრები ჰქონდათ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ხოლო მცხეთაში საკრებულოს წევრები „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

წინასაარჩევნო შეხვედრები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:17 0:00
გადმოწერა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღეს საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა. 26 საარჩევნო სუბიექტს ნომრები წილისყრით შეხვდა, დანარჩენ ხუთს კი უკვე არსებული ნომრები შეუნარჩუნდათ. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სულ 31 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ, პრეზიდენტის სახელით პარტიებს მოუწოდა უფრო მეტად იაქტიურონ ამომრჩეველთან ურთიერთობისას. მისივე თქმით, ამომრჩეველს მოსწყინდა რადიკალური დაპირისპირებები, რაც მას, ფაქტობრივად, არჩევანის საშუალებას არ უტოვებს.

„დღეს ამომრჩეველი ელოდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. პრეზიდენტის სახელით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებს, რომ მათ იაქტიურონ, უფრო აქტიურად მივიდნენ ამომრჩეველთან. ამომრჩეველი ელოდება მათ რეალურ შეთავაზებებს, რეალურ გზავნილებს, პრობლემების გადაჭრის გზებს. ამ გადასახედიდან, შეიძლება იმედიანად ითქვას, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, მრავალფეროვანი და ეს ძალიან წაადგება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას”, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დეპუტატობის კანდიდატები დღეს შეხვედრებს მართავდნენ. შეხვედრები გამართეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გიორგი ვოლსკიმ, ვალერი გელაშვილმა, ირაკლი მეზურნიშვილმა და მერაბ ქვარაიამ. ამომრჩევლებს შეხვდა მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც:

„მთავარი არის, რომ იყოს არა დაძაბული, არა ლანძღვის რეჟიმში ჩატარებული კამპანია, არამედ იმ თემებზე, რომელიც არის ძალიან მტკივნეული თემები“.

ვაზისუბანში მოსახლეობასთან შეხვედრა ჰქონდა დეპუტატობის კანდიდატს პროფკავშირების გაერთიანებიდან, ირაკლი პეტრიაშვილს. ის შეხვედრაზე მოსულ ხალხს დაჰპირდა, რომ, არჩევის შემთხვევაში, აქცენტს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე გააკეთებს.

კანდიდატების წარდგენა განაგრძო საარჩევნო ბლოკმა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“. მოსახლეობასთან შეხვედრები ჰქონდათ სხვა პარტიების კანდიდატებსაც.

მცხეთაში კი ბრიფინგი გაიმართა. მცხეთის საკრებულოსა და მცხეთის თემის სხვადასხვა საკრებულოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ემიჯნებიან დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია. როგორც ბრიფინგზე ითქვა, მათ უშუალოდ პარტიის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და ზოგი მათგანი დღემდე „ქართული ოცნების“ წევრიცაა.

„აქ მდგომნი ნდობას ვუცხადებთ ცეზარ ჩოჩელს, როგორც სიტყვისა და საქმის ადამიანს. გავრცელებული აზრი, თითქოს ჩვენ ვემიჯნებით „ქართულ ოცნებას“, არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ვემიჯნებით არა „ქართულ ოცნებას“, არამედ დიმიტრი ხუნდაძეს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მან დესტრუქციული როლი ითამაშა თვითმმართველობის საქმიანობაში“.

მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მათი ყველა კანდიდატი - მათ შორის, ხუნდაძეც - უდიდესი ნდობით სარგებლობს და, საერთოდ, მათი პარტიის მხარდამჭერები არიან ისინი, ვინც მათ კანდიდატებს უჭერს მხარს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG