Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელუბნელების მოთხოვნები


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ასე სცადეს ხელისუფლების ყურადღების მიქცევა. წითელუბანი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს. რამდენიმე თვის წინ სოფლის მინდვრებში და სასოფლო სამეურნეო მიწებზე რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების სასაზღვრო ნაწილების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები სოფლის სიღრმეში გადმოიტანეს. ამის შემდეგ წითელუბნელებმა სოფლის საძოვრების დიდი ნაწილი დაკარგეს. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დღემდე გაურკვეველია, სად გადის საოკუპაციო ხაზი, რის გამოც მიწის ნაკვეთების დამუშავებას ვერ ახერხებენ. წითელუბნელები ხელისუფლებას ალტერნატიული მიწის გამოყოფას და საკუთრების რეგისტრაციის პროცესში დახმარებას სთხოვენ.

წითელუბანში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ ქართველები, ოსები, რეპატრირებული მესხები, აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები. წითელუბნის მცხოვრები ამირან შავაძე აცხადებს, რომ სოფელში მთავარი პრობლემა ახლა მიწის ნაკვეთების და სახლების რეგისტრაციაა, რაც გარკვეული თანხა ჯდება, სოციალურად დაუცველ სოფელს კი ამ ფინანსების გაღება არ შეუძლია.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ წითელუბნელების პრობლემის მოგვარება ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციას სცდება. გამგებლის მოადგილის გიორგი წვერავას თქმით, სოფლის მცხოვრებლებს საკუთრების პირველადი რიგისტრაცია უფასოდ შეუძლიათ. რაც შეეხება საძოვრებს, წვერავას ინფორმაციით, სოფელს მიწის სარეზერვო ფონდი პრაქტიკულად არ დარჩა.

რამდენიმე თვის წინ წითელუბნისა და ხურვალეთის მიწის ნაკვეთებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შევიდნენ და იქ ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს, რასაც საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. წითელუბნელების თქმით, ამ აქციების შემდეგ მათი სოფელი აღარავის გახსენებია. ისინი სასწრაფოდ დახმარებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი აზრით, სოფლიდან მიგრაციული პროცესები დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG