Accessibility links

logo-print

მადლობა მინდა გადავუხადო ათასობით თბილისელს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ თანამოქალაქეების (ადამიანებისა და ცხოველების) დასახმარებლად. გამიჭირდება, არ ვახსენო რამდენიმე ადამიანი, მაგალითად გულიკო კონცელიძე, ზოოპარკის ძიძა მომვლელი, რომელსაც სულ ახლახან, ვეფხვის მიერ მიყენებული დაზიანების გამო, ხელი მოაჭრეს, და ასეთ მდგომარეობაში, 13 ივნისს, ქმართან ერთად მაინც მივიდა დატბორილ ზოოპარკში თავისი აღსაზრდელების დასახმარებლად და იქიდან ცოცხალმა ვეღარ გამოაღწია. ამ უანგარო მაშველის სახელსა და გვარს ბევრი ვერ გაიგებს და, მგონი, არც არის საჭირო, გაიგოს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის ცხოვრებისათვის ის გახლავთ, რომ გმირობა მოქალაქეობას გაუტოლდეს. გმირსა და მოქალაქეს ის აქვთ საერთო, რომ ერთსაც და მეორესაც, გარკვეულ სიტუაციაში შეუძლია თავის (ჩვეულებრივ) თავზე მაღლა დადგეს და არაჩვეულებრივი გახდეს. ქალაქი აგერ უკვე 1500 წელიწადზე მეტია, სწორედ ის ადგილია, რომელიც ჩვეულებრივ, ერთმანეთთან ოჯახური თუ კლანური ურთიერთობებით დაუკავშირებელ ადამიანებს არაჩვეულებრივებად, თავისუფალ, პასუხისმგებლობით აღსავსე პოლიტიკურ ცხოველებად აქცევს. თუკი რაიმე დადებითი შეიძლება დავინახოთ 13 ივნისის წყალდიდობაში, ისაა, რომ თბილისში მოქალაქეები დაბრუნდნენ. მე მგონია, რომ იმ მრავალ დასახელებულ მიზეზს შორის, რომელმაც ეს კატასტროფა გამოიწვია, მთავარი მაინც ის იყო, რომ თბილისი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მოქალაქეების ქალაქი არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ემოციურობა უფრო ფასობს, ვიდრე აზრი, არ დავიწყებ გულის მოფხანას და არ გავიშვერ ბრალმდებელ თითს. მესმის, რომ კატასტროფის შემთხვევაში დამნაშავის მოძებნა ადამიანის ერთ-ერთი უძველესი ინსტინქტია. შევეცდები, ცოტა სხვა გზით წავიდე და შევეხო რამდენიმე საკითხს, რომლებსაც კატასტროფის მიზეზად ასახელებდნენ, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო მეტ დაკვირვებას ითხოვს.

1. საბჭოთა ქალაქგეგმარების იდეალიზაცია. ყველა, ვისაც ჰგონია, რომ საბჭოთა ქალაქგეგმარება (ან საერთოდ გეგმარება) კარგი იყო, თუნდაც იმასთან შედარებით, რაც გვაქვს, მეტს ფიქრობდა ადამიანზე და გარემოზე, სახიფათო მითების მსხვერპლია. თბილისის დამახინჯება, მისი ისტორიული და „ბუნებრივი“ (რამდენადაც ბუნებრივი შეიძლება ეწოდოს რელიეფთან ქალაქის ჰარმონიულობას) თავისებურებების მეგალომანიური პროექტებით შეცვლა თბილისში ლავრენტი ბერიას დროს დაიწყო. ამ დროს მოწყდა ქალაქი მტკვარს, ამ დროს ჩაიკეტა მტკვარი კალაპოტში და გაჩნდა სტალინის სახელობის სანაპირო, დაინგრა ხიდები, მეჩეთები, ეკლესიები, რომლებსაც ახლა ძველ ფოტოსურათებზე ვეძებთ ხოლმე, აშენდა ორთაჭალჰესი (ცალკე საკითხია ბუნებისათვის საზიანო „გრანდიოზული“ პროექტები თბილისის გარეთ). ვასილ მჟავანაძის დროს, მარტო იმისთვის, რომ თბილისი მილიონიან ქალაქად გადაქცეულიყო, დაიწყო უმახინჯესი მრავალსართულიანი სახლების („ხრუშჩოვკების“) მშენებლობა, რომლებიც შემდეგ წარმატებით ჩაანაცვლა კიდევ უფრო მახინჯმა და საცხოვრებლად უვარგისმა და უსახურმა კორპუსებმა. მაგრამ ყველაზე მავნებელი, რაც თბილისში საბჭოთა დროს მოხდა, მოქალაქეების გაქრობა იყო. თბილისი გახდა ქალაქი, რომელშიც მოქალაქეს არაფერი ესაქმებოდა და არავინ არაფერს ეკითხებოდა, ამიტომაც მოქალაქეთა ქალაქიდან თბილისი იქცა ქალაქად, სადაც ღირებული იყო მხოლოდ ინდივიდუალური სივრცე, რომელიც საკუთარი ბინის კარებთან მთავრდებოდა. სადარბაზო და ლიფტი კი „არავისი“ იყო. ამიტომაც დღემდე ეს სივრცეები მოუვლელ საპირფარეშოებს უფრო ჰგავს, ვიდრე სადარბაზოს, ანუ საზოგადოებრივ ადგილს. ეს მემკვიდრეობა მივიღეთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

2. ძნელია არ დაეთანხმო მათ, ვინც დღეს ხარბ დეველოპერებს და („ლეგალურად“ თუ „არალეგალურად“) კორუმპირებულ მერიას ადებს ხელს. მიუხედავად ამისა, ზუსტი აღწერისთვის არ გამოგვადგება დიქოტომიური მოდელი: „ცუდი მერია+დეველოპერი / კარგი ან უდანაშაულო „ჩვეულებრივი თბილისელი“. არ გამოგვადგება ორი მიზეზით: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ჩვეულებრივ თბილისელს „მოქალაქედ“ არ მიიჩნევს და მის შესაძლებლობას, თუ გნებავთ მცირე, მაგრამ რეალურ ძალაუფლებას, ე.წ. agancy-ს აკნინებს; მეორეც იმიტომ, რომ უგულებელყოფს ამ საშუალოსტატისტიკური (და ამიტომ, ცოტა არ იყოს, მითიური) თბილისელის პასუხისმგებლობას. ყველას გვახსოვს ლოჯიების მიშენების ეპოქა: მერიის ნებართვის საფუძველზე (ძალიან ხშირად ქრთამის ფასად) მაღალსართულიანი სახლების ბინადრებს ეძლეოდათ ნებართვა, ბინისთვის მიეშენებინათ დამატებითი ფართი. სიმახინჯე იქით იყოს, მაგრამ ეს ცხოვრებისათვის საშიში ურბანული ექსპერიმენტი ამჯერად გამოხატავდა არა დეველოპერის, არამედ კვადრატულ მეტრებს დახარბებული „ჩვეულებრივი თბილისელის“ უგუნურებას. არა მგონია, საჭირო იყოს აღნიშვნა, რომ ამას ვწერ არა იმიტომ, რომ დეველოპერები კარგ ბიჭებად და გოგოებად გამოვიყვანო, არამედ იმიტომ, რომ არ დავივიწყო ქალაქის დამახინჯებაში ჩვენი საკუთარი პასუხისმგებლობა და „წვლილი“. სამწუხაროდ, პრობლემა ლოჯიებით არ ამოწურულა. ჩემს მშობლიურ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე (ერთი პატარა მაგალითი რომ მოვიყვანო), ტროტუარი უამრავ ადგილას მიჭრილ-მოჭრილია მიდგმული, მიშენებული, ჩაშენებული კიბეებით, სარდაფში ჩასასვლელებით, მეორე სართულზე გაკეთებულ ოფისებში შესასვლელებით ისე, რომ ფეხით მოსიარულეს ზიგზაგებით სიარული უწევს. ესეც 90-იანი წლების უნებართვო (ან, უფრო სწორად, ქრთამით ნაყიდი ნებართვებით) მშენებლობების მემკვიდრეობაა და ესეც „ჩვეულებრივი თბილისელების“ მერიის ჩინოვნიკებთან გარიგების შედეგია და მათ სინდისზეა. რამდენი ათასი შენობა გინახავთ თბილისში უკანონო და უსისტემო დაშენებით? რამდენი შენობა გინახავთ, რომელსაც სართულები წლიდან წლამდე ეზრდება? ჩვენი, „ჩვეულებრივი“ თბილისელების სიხარბის გარდა, ეს იმის მაჩვენებელიცაა, რომ დავკარგეთ საზოგადო სივრცის (და, შესაბამისად, საკუთარი მოქალაქეობის) შეგრძნება. თითის სხვისკენ გაშვერა ამ სიტუაციაში ძალიან მარტივი გამოსავალი მგონია.

3. კატასტროფაში ბევრი ვერეს ტრასის მშენებლობას ადანაშაულებს. ამ საკითხზე სალაპარაკოდ არ მომეპოვება არც არქიტექტურული, არც გეოლოგიური, და არც ქალაქგეგმარებითი კომპეტენცია, სამაგიეროდ ვცდი, პრობლემა უფრო ფართო კონტექსტში დავინახო. ამ გზის, ისევე, როგორც გმირთა მოედანზე ესტაკადების მშენებლობა, საჭირო გახდა ავტომანქანებით თბილისის უკიდურესად გადავსების გამო. ქალაქი კი რამდენიმე მიზეზით გაივსო მანქანებით. ერთ-ერთი (ალბათ ყველაზე თვალსაჩინო) მიზეზი ისაა, რომ საქართველოში მანქანა სტატუსის სიმბოლოა და პატრონის (ადამიანის თუ ორგანიზაციის) სოციალური ღირებულების ასახვა ევალება. ამიტომ თბილისში, რომელსაც იდეალური გზები, შესაძლოა, არ ჰქონდეს, მაგრამ ვერც ავტოროდეოს მოედანს შევადარებთ, ჯიპით გადაადგილდება ყველა - „ბოროტი“ დეველოპერით დაწყებული და ეკოლოგიაზე მზრუნველი ფონდით დამთავრებული. ეს ის ჯიპებია, რომლებმაც დარჩენილი ტროტუარების ბოლო ნაგლეჯები „მიითვისეს“ და საბოლოოდ მოსპეს საზოგადოებრივი სივრცე.

მანქანა თბილისის მთავარი ტრანსპორტია. უზარმაზარი შეცდომა იყო ტრამვაის ლიანდაგების აყრა და ტროლეიბუსების ხაზების გაუქმება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის დივერსიფიკაცია ურბანული განვითარების მაღალი დონის, საზოგადოებრივი სივრცისადმი პატივისცემის მაჩვენებელია: რაც უფრო მწირია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მით უფრო ვიწროვდება საზოგადოებრივი სივრცე, რომელსაც ჯავშანმანქანებს დამსგავსებული ჯიპები იპყრობს. კერძო მანქანის ფეტიში სწორედ საზოგადოებრივი სივრცის ეროზიის პირდაპირი გამოხატულებაა.

მეორე, ნაკლებად თვალსაჩინო, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ თბილისი საქართველოს მთავარი დამსაქმებელია. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უკვე თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს ან მუშაობს და, თუ არ „ტაქსაობს“, მანქანით მაინც გადაადგილდება. ქვეყანა, რომელიც ვერ წყვეტს დასაქმების პრობლემას, იძულებულია, უფრო რთული პრობლემის გადაწყვეტა შედარებით მარტივი, სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტით ჩაანაცვლოს. მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ნათელია: თბილისი ვერ გააგრძელებს ამ რაოდენობის მანქანების ატანას, არაფერი კეთდება აუტანელი მდგომარეობის გამოსასწორებლად სწორედ იმიტომ, რომ ყველა ერიდება პოტენციური ამომრჩევლის გადამტერებას. ამიტომ შენდება გზები, ესტაკადები, იგეგმება რკინიგზის გადატანა და მის ადგილას ტრასის აშენება. მეგობრებო, შეუძლებელია ერთი პრობლემის გადაწყვეტა მეორის შექმნის გზით. სატრანსპორტო პრობლემა მხოლოდ ფასადია მასზე უფრო მნიშვნელოვანი დასაქმების პრობლემისა, რომელიც, თავის მხრივ, უშუალოდ უკავშირდება დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის საკითხს.

დასასრულს, მინდა ვახსენო კიდევ ერთი და, ალბათ, ყველაზე მტკივნეული პრობლემა: ყველას, ვინც ვითხოვთ უფრო მწვანე და უფრო კეთილმოწყობილ თბილისს, რომელშიც იქნება ბევრი პარკი, მეტი კომფორტი და მეტი ურბანულობა, საქართველოს კვალობაზე საშუალო ან მაღალი ხელფასები გვაქვს და, რამდენადაც უნდა გვეხამუშოს ეს სიტყვა, პრინციპში, ჯენტრიფიკაციას ვითხოვთ. მოხალისეთა დიდი ნაწილი, ეკოლოგიური და ურბანული მოძრაობები სწორედ ამ სოციალური ფენიდან მოდის. კარგი ისაა, რომ ამ ფენის წარმომადგენლებს, განსხვავებით კონსუმერისტი ნუვორიშებისაგან, აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და მოქალაქეებად ყალიბდებიან. ცუდი ისაა, რომ ღარიბი ან, სულაც, ღატაკი თბილისელები მთლიანად არიან მოწყვეტილები ურბანიზაციის ამ ახალი პროცესის დასაწყისს. ყველაზე რთული საკითხი, რაც მომავალი წლების თბილისს ექნება გადასაწყვეტი, არა მარტო ჰარმონიული ეკოლოგიური გარემოს შექმნაა, არამედ - ჰარმონიული სოციალური გარემოს შენარჩუნებაც. მე ისეთ უბანში გავიზარდე, რომელსაც ეთნიკური, სოციალური, რელიგიური განსხვავებები ალამაზებდა და განუმეორებელ სოციალურ ქსელს ქმნიდა. არაფრით არ უნდა დავუშვათ სოციალური სეგრეგაციის პროცესი, რომელიც თბილისში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, წარმატებით მიმდინარეობს. არაფრით არ უნდა დავუშვათ თბილისის დაყოფა მდიდრებისა და ღარიბების უბნებად.

ამ ცოტათი არეულ ბლოგპოსტს ერთი რჩევით დავამთავრებ. მე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 13 ივნისის კატასტროფამ გამოგვაფხიზლოს და პირველ რიგში არა დამნაშავეები ან განტევების ვაცები გვაძებნინოს, არამედ შეგვაგნებინოს, რომ, ვისაც ამ ქალაქის მოქალაქეობაზე პრეტენზია გვაქვს, ქალაქის სრულიად ახალი, ეკოლოგიური, სოციალური, ურბანული, საზოგადოებრივ სივრცეზე და მოქალაქის პასუხისმგებლობაზე დამყარებული კონცეფცია გვჭირდება და რომ ჩვენ გარდა ამის გამკეთებელი არავინაა. თორემ, ცოტა ხანში, როდესაც ამ ქალაქისაგან არაფერი დარჩება ისეთი, რაც მასში გვეყვარება, წარსულის გარდა, ფუჭი და მწარე იქნება დამნაშავეების იდენტიფიკაცია, მათი დევნა და დასჯის მოთხოვნა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG