Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი და მოსკოვი საქართველოს ტერიტორიაზე ახალი გამშვები პუნქტის გახსნას აპირებენ


საოკუპაციო ხაზზე ცხინვალი კიდევ ერთი ახალი გამშვები პუნქტის გასახსნელად ემზადება. ამჯერად საუბარია საოკუპაციო ხაზის იმ მონაკვეთზე, რომელიც ოკუპირებულ სოფელ ხელჩუასა და სოფელ ზარდიაანთკარს შორის არის მოქცეული. გადაწყვეტილება ითვალისწინებს „სასაზღვრო ზონის რეორგანიზების“ გეგმასაც, რომლის დეტალები ჯერ არ კონკრეტდება. უნდა იცოდეს თუ არა ამის შესახებ ქართულმა მხარემ, ჰმართებს თუ არა თბილისს მეტი სიფრთხილე და როგორ უნდა გაკონტროლდეს უსაფრთხოების მდგომარეობა?

ცხინვალში ე. წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პარასკევს მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა 4 დღის დაგვიანებით გაავრცელეს. მაგალითად, როგორც „სპუტნიკ ოსეტია“ იტყობინება, ინიციატივა ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ეკუთვნის და წმინდად ადამიანური მიზნებით არის ნაკარნახევი – რომ გაადვილდეს ნათესავებს შორის მიმოსვლა სოფელ ხელჩუასა და სოფელ ზარდიაანთკარს შორის.

ე. წ. სახელმწიფო უშიშროების სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი ზოზულიასინფორმაციით, ე. წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ პირადად სთხოვა რუს კოლეგებს, გახსნილიყო ახალი გამშვები პუნქტი იმ ოჯახებისთვის, რომლებიც საქართველოს სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობენ. ამ კონტექსტში სწორედ ნათესაური კავშირების შენარჩუნების აუცილებლობაზე ილაპარაკა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმაც:

„უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ნათესაური კავშირების გათვალისწინება, რომლებიც საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობენ. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათი კეთილდღეობისთვის“.

უნდა გავარკვიოთ რა სახის გადაადგილების პუნქტზეა საუბარი... „საკონტროლოს“ ისინი სხვა რაღაცას ეძახიან. ისინი ყველაფერს ეძახიან ე. წ. საზღვარს, მაგრამ საზღვარი ხომ არ არის...
ქეთევან ციხელაშვილი

თუმცა, ნათესავებზე ზრუნვის პარალელურად, ცხინვალს აშკარად სხვა ჩანაფიქრიც აქვს. „სპუტნიკ ოსეტიას“ ინფორმაციით, ე. წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომის მონაწილეებმა განიხილეს ასევე „სასაზღვრო ზონის რეორგანიზაციის საკითხი“, რაც ითვალისწინებს მისგან მთელი რიგი დასახლებული პუნქტების გამოყოფასა და ასევე „ზოგიერთ მონაკვეთზე სასაზღვრო ზონის სიღრმის შემცირებას“.

იცოდა თუ არა და რა იცოდა ქართულმა მხარემ ცხინვალის ჩანაფიქრის შესახებ? – ამის გარკვევას 13 ოქტომბერს რადიო თავისუფლება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ცდილობდა, მაგრამ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს დრო არ აღმოაჩნდა ამ საკითხზე კომენტარის გასაკეთებლად. ოდნავ მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მისმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც ჩართულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში. ამ კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, ქართულმა მხარემ არაფერი იცოდა და საკითხის შესწავლას ახლა აპირებს:

„უნდა გავარკვიოთ რა სახის გადაადგილების პუნქტზეა საუბარი... „საკონტროლოს“ ისინი სხვა რაღაცას ეძახიან. ისინი ყველაფერს ეძახიან ე. წ. საზღვარს, მაგრამ საზღვარი ხომ არ არის... ამიტომ ჩვენ უნდა გავერკვეთ ვითარებაში“.

მართალია, ცხინვალი დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი კარგს არაფერს მოელის. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საოკუპაციო რეჟიმის ჩანაფიქრი თითქმის არასოდეს შეესაბამება ქართული მხარის ინტერესებს:

„თუკი ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საოკუპაციო ხაზი წინ წამოსწიონ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება კარგი არავითარ შემთხვევაში და აუცილებელია ამაზე რეაგირება. ეს ამბავი აუცილებლად უნდა იყოს კონსულტაციების საგანი... მოგეხსენებათ, რომ თითოეულ მეტრს, თითოეული ე. წ. გამშვები პუნქტის გადაწევა–გადმოწევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ხშირად არის შენიღბული ქმედება მათი მხრიდან ,თითქოს ეს კარგ საქმეს ემსახურება , მაგრამ შესაძლოა ასე არ იყოს. უნდა გაკეთდეს ანალიზი, რა დგას ამის უკან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დათანხმდეს ან არ დათანხმდეს ჩვენი მხარე“.

მსგავს უსიამოვნო სიურპრიზებზე ხშირად გვიწევდა საუბარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, – იხსენებს ჩვენთან საუბრისას დავით ზალკალიანი, რომელიც წარსულში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე მუშაობის დროს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ის დღესაც თვლის, რომ მსგავსი საკითხები დეტალურად უნდა იქნეს განხილული და, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ანდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

"სპუტნიკ ოსეტიას" ცნობით, ახალი გამშვები პუნქტი ოკუპირებულ სოფელ ხელჩუაში, რიგით მეხუთე იქნება –ამ დრომდე მოქმედებს სამი გამშვები პუნქტი: აქედან ორი ზნაურის რაიონში, ხოლო ერთი ახალგორის რაიონში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG