Accessibility links

logo-print
დიდი ხნის წინ, ბერლინის ერთ კლუბში ისეთ არაფხიზელ მდგომარეობას მივაღწიე, რომ თვალწინ კლარა ცეტკინი წარმომიდგა. იგი უკვე ხანდაზმული იყო და მშვიდი, ცოტათი სევდიანი, მაგრამ ალერსიანი სახით მიყურებდა. ძალიან მომინდა, მივახლოებოდი, მის გვერდით დავმჯდარიყავი, თავი მის კალთაში ჩამედო და მის დანაოჭებულ ხელისზე მეამბორა. მასთან საუბარს არ ვაპირებდი, შეიძლება მომერიდა, შეიძლება გამბედაობაც არ მეყო, რომ დავლაპარაკებოდი. ან კი რა უნდა მეთქვა? - ხომ არ ვეტყოდი, რომ თბილისში, სადაც ყველა იქ ნამყოფი ცნობილი უცხოელის სახელობის ქუჩებია, მაინც და მაინც მის ქუჩას გადაარქვეს სახელი. შეიძლება მათ არ იცოდნენ, რომ კლარა ცეტკინიც იყო თბილისში ნამყოფი...

სამაგიეროდ ტექნოს მძიმე რიტმების ფონზე მივხვდი, რომ კლარა ცეტკინი იმ ადამიანთაგანია, რომლებიც ჩემში აღფრთოვანებას იწვევენ და გადავწყვიტე, მისი სადიდებელი ოდა შემეთხზა, თუმცა ამასობაში გამოვფხიზლდი კიდევაც და უკვე ფხიზელ გონებაზე პირობა დავდე, რომ ოდას თუ არა, პატარა წერილს მაინც დავწერდი.
***
კლარა ცეტკინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალ-დემოკრატი, სოცინტერნის თანადამაარსებელი, როზა ლუქსემბურგისა და ლენინის მეგობარი, შემდგომში გერმანიის კომპარტიის წევრი და კომინტერნის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა იყო, რომლის აზრისა და კრიტიკისათვის თვით სტალინიც კი იძულებული იყო, რომ ანგარიში გაეწია ხოლმე.

1920-1933 წლებში გერმანიის პარლამენტის (რაიხსტაგის) დეპუტატი კლარა ცეტკინი 1932 წელს აირჩიეს, რაიხსტაგის „უხუცეს პრეზიდენტად“, რომელსაც, როგორც ყველაზე ასაკოვან დეპუტატს, რაიხსტაგის პირველი შეკრების გახსნა ევალებოდა. არადა 1932 წლის 31 ივლისს არჩევნებში ხმათა ყველაზე დიდი რაოდენობა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ მოიპოვა და ნაცისტური დიქტატურის დამყარებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა. კლარა ცეტკინმა უკვე 1923 წელს წამოიწყო განგაში ევროპაში გაჩენილი ფაშიზმის წინააღმდეგ. მისი აზრით, ფაშიზმის წარმატების მიზეზი ისაა, რომ მუშათა კლასი, სოციალიზმისაკენ სწრაფვის ნაცვლად, საკუთარ პასუხისმგებლობასა და ბრძოლის აუცილებლობას ივიწყებს და მთლიანად მიენდობა ბელადებს, რომლებიც რეფორმების დაპირებებით ატყუებენ მათ. 1932 წლის 30 აგვისტოს კი უმაღლესი საკანონდებლო ორგანოს ტრიბუნიდან კლარა ცეტკინმა გერმანიის მოქალაქეებს მოახლოებული ნაციონალ-სოციალიზმის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდა და არჩევნებში გამარჯვებული ნაცისტების კიდევ უფრო მეტად გასაღიზიანებლად, თავისი სიტყვა ასე დაამთავრა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯანმრთელობა უკვე შერყეულია, ვისურვებდი, რომ იმ ბედნიერ დროსაც მოვესწრო, როცა, როგორც უხუცესი დეპუტატი, საბჭოთა გერმანიის პირველ პარლამენტსაც გავხსნიდი“.

მართალია, კლარა ცეტკინი გერმანიის თუნდაც ნაწილობრივ გასაბჭოებას არ მოსწრებია, მაგრამ როდესაც 1933 წელს ჰიტლერმა გერმანიის პარლამენტიდან კომუნისტი დეპუტატები გააძევა და მათი, როგორც გერმანელი ხალხისა და არიული რასის მტრების, დევნა დაიწყო, ცეტკინი გაიქცა საბჭოთა კავშირში, სადაც იმავე წლის 20 ივნისს გარდაიცვალა და კრემლის კედელთან ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.

მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, კლარა ცეტკინი ქალთა ემანსიპაციისა და თანასწორუფლებიანობისათვის ბრძოლის სიმბოლური ფიგურაა. 1891 წლიდან ის იყო ერთ-ერთი პირველი ფემინისტური ჟურნალის, Die Gleichheit-ის („თანასწორობა“) გამომცემელი, რომლის პირველსავე ნომერში მან განაცხადა, რომ საკმარისი არაა ქალთა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე გათანაბრება, არამედ საჭიროა ქალები ეკონომიკურადაც დამოუკიდებელი გახდნენ მამაკაცებისაგან.

ქალთა ემანსიპაცია კლარა ცეტკინს თავსმოხვეული სექსუალური ნორმებისაგან გათავისუფლებადაც ესმოდა და ის „თავისუფალი სიყვარულის“ იდეის ერთ-ერთი პირველი მიმდევართაგანიც იყო. მიუხედავად ამისა, როდესაც მისმა უმცროსმა მეგობარმა, იმ დროს 36 წლის როზა ლუქსემბურგმა კლარას 22 წლის ვაჟთან, კონსტანტინ ცეტკინთან სასიყვარულო რომანი გააბა, ის თავის მეგობარსა და თანამებრძოლს წაეჩხუბა.

ამასთანავე კლარა ცეტკინი ალბათ პირველი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ჰომოსექსუალთა უფლებების აღიარება და მათი შემზღუდველი კანონების შეცვლა მოითხოვა.

კლარა ცეტკინის ყველაზე ცნობილი ნამოქმედარი ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის, 8 მარტის შემოღებაა. მისი ინიციატივით 1910 წელს კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა საერთაშორისო კონფერენციამ 1857 წელს ნიუ-იორკში მომხდარი მუშა ქალების პირველი გაფიცვის დღის აღსანიშნავად, 8 მარტი გამოაცხადა ქალთა დღედ, რომლის აღნიშვნაც უკვე 1911 წლიდან დაიწყო, ხოლო 1977 წელს კი გაერომ ის საერთაშორისო დღესასწაულად აღიარა.

8 მარტი არ გამოგონილა „სუსტი სქესისათვის“ ყვავილების მირთმევის ან თუნდაც „ჩემო დაიკოდ“ მოხსენიების დღედ, არამედ სწორედ ამგვარი კლიშეების წინააღმდეგ გაჩნდა, რათა ადამიანებს, განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა, ადამიანის რაიმე ნიშნით დამცირების, ჩაგვრის მიმართ პროტესტისა და ჩაგრულთა მიმართ სოლიდარობის გრძნობა გაუღვივდეთ. კლარა ცეტკინმა კი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება სწორედ მჩაგვრელობის წინააღმდეგ და ადამიანთა თანასწორუფლებიანობისათვის ბრძოლას შეალია, გამოსავალს სოციალიზმში ხედავდა.

P.S.: ალბათ პარადოქსი უნდა იყოს, რომ დღევანდელ საქართველოში 8 მარტს საბჭოთა გადმონაშთს უწოდებენ და ის, როგორც კლარა ცეტკინის მოგონილი დღესასწაული, ანაქრონიზმად მიაჩნიათ. და, ამავე დროს, იგივე „პროგრესული ადამიანები“ სრული სერიოზულობით აღნიშნავენ ურჩხულებთან მეომარი წმინდანების დღესასწაულებს...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG