Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლარენს ბრაუნი


კლარენს ბრაუნი
კლარენს ბრაუნი

კლარენს ბრაუნი 1924 წელს ლუიზიანის შტატის ქალაქ ვინსტონში დაიბადა. აქ ყველაზე პოპულარული ჟანრი ქანთრი-ბლუზი გახლდათ და პატარას მუსიკალური გემოვნებაც ამ მუსიკალურ სივრცეში უყალიბდებოდა. მოგვიანებით, როცა ოჯახი ტეხასის შტატში გადავიდა, ბიჭმა სხვა მიმართულებებსაც მოუსინჯა გემო. ქანთრის, კეიჯუნის, ბლუზისა და გოსპელის გარდა, მან ევროპული ტრადიციებიც გაიცნო. რაც უნდ გასაკვირი იყოს, კლარენსის მუსიკალურ ხედვებზე გავლენა ფრანგულმა და გერმანულმა ხალხურმა სიმღერებმაც იქონიეს. რაც შეეხება გიტარაზე დაკვრის ხელწერას, არტისტი მეტად უცნაურ კონცეფციას ავითარებდა. ამბობდა, რომ არ უყვარდა ცნობილი ბლუზმენების სტილი და ბგერა. მისი თქმით, ვინაიდან ქაუნთ ბეისის, დიუკ ელინგტონისა და ლუის ჯორდანის ბიგ-ბენდებს აღმერთებდა, გიტარაზეც ისევე ირჯებოდა, როგორც ხსენებული ორკესტრის მუსიკოსები ჩასაბერ საკრავებზე.

კლარენს ბრაუნის პროფესიული კარიერა 40-იანი წლებიდან დაიწყო, როცა ჯარში გაიწვიეს და სამხედრო ორკესტრში დასარტყამ ინსტრუმენტებზე მიუჩინეს ადგილი. ომის დამთავრების შემდეგ კი თავს ისეთი ამბავი გადახდა, რომელმაც საბოლოოდ განუსაზღვრა მომავალი. 1946 წელს ჰიუსტონში კლუბ Peacock-ს ეწვია, სადაც ლეგენდარული თი-ბოუნ უოკერი მართავდა კონცერტს. შუა გამოსვლისას არტისტი შეუძლოდ შეიქნა და სცენიდან გავიდა, ხოლო მსმენელებმა ხმაურით, უშვერი სიტყვებით გააპროტესტეს მომხდარი. როგორც კლარენსი იხსენებდა, ამ ღრიანცელში მას თითქოს ღმერთის ხმა ჩაესმა, რომელიც მოქმედებისკენ მოუწოდებდა. ახალგაზრდაც არ დაიბნა, სცენაზე აიჭრა, უოკერის „გიბსონი“ მოიმარჯვა და საკუთარი კომპოზიცია Gatemouth Boogie შეასრულა. Peacock Club-ში თავშეყრილი საზოგადოება იმდენად აღფრთოვანდა მოსმენილით, რომ კლარენსს სცენაზე ფულს უყრიდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სადებიუტო გამოსვლით არტისტმა 600 დოლარს მოუყარა თავი, რაც იმ დროს მეტად სოლიდური თანხა გახლდათ.

კლუბის მფლობელმა დონ რობიმ, რომელსაც მომხვეჭელობის უტყუარი ალღო გააჩნდა, 23-კაციანი ორკესტრი შეკრა, სოლისტად კლარენ ბრაუნი განაწესა და ამერიკის სამხრეთულ შტატებში საგასტროლო ტურნე წამოიწყო. მოგვიანებით ხმის ჩამწერი სტუდია Peacock Records-იც დააარსა, სადაც ახალგაზრდა არტისტის ფინანსურად წარმატებული ისეთი ალბომები გამოსცა, როგორებიცაა: Okie Dokie Stomp, Boogie Rambler, Just before Dawn და Dirty Work At The Crossroads.

კლარენს ბრაუნის აღმასვლა 60-იან წლებამდე გრძელდებოდა. „ბიტლზისა“ და „როლინგ სთოუნსის“ გამოჩენის გამო, ამერიკელმა მსმენელმა ზურგი აქცია ქანთრი-ბლუზს. გარდა ამისა, ძალას იკრებდა ბლუზის „ჩიკაგური“ ფრთა, სადაც მადი უოტერსი დომინირებდა. არტისტიც რაღაც ხანს ნეშვილში გადავიდა სამუშაოდ, მუსიკალურ სატელევიზიო შოუში იღებდა მონაწილეობას, ხოლო მოგვიანებით მეტად უცნაური გზით წავიდა: ნიუ-მექსიკოში ჩავიდა და შერიფის თანაშემწე გახდა.

პოლიციელის ამპლუაში მხოლოდ 70-იანებამდე იყო. ამ პერიოდში ბლუზის „მეორედ მოსვლის“ ხანა დაიწყო. ამერიკული ხალხური მუსიკისკენ შემობრუნებულმა მსმენელმა მივიწყებული არტისტები, მათ შორის, კლარენს ბრაუნიც გაიხსენა. მან საგასტროლო ტურნე მოაწყო ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი ევროპაში გამართა კონცერტები. სახელმწიფო დეპარტამენტმა არტისტს „მშვიდობის ელჩის“ სტატუსი მიანიჭა და მანაც მრავალი ქვეყანა მოიარა: ავსტრალია, ახალი ზელანდია, ნიკარაგუასა და ჰონდურასშიც ჩავიდა. რაც შეეხება სტუდიურ მოღვაწეობას, 30-მდე სოლო ალბომი ჩაწერა. პროექტი Back To Bogalusa მის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ და წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევა. გრემიც ერგო კატეგორიაში „საუკეთესო ტრადიციული ბლუზი“ და უილიამ ჰენდის პრემია „საუკეთესო ინსტრუმენტალისტის“ ნომინაციაში. ეს დისკი თავადაც გამორჩეულად უყვარდა.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG