Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლარკ ტერის ხალისისა და ბედნიერების მომტანი ბგერა


კლარკ ტერი
კლარკ ტერი
ერთხელ, საშუალო სკოლის მოსწავლე, 14 წლის მაილს დევისი, რომელიღაც სენტ-ლუისური ბენდის მოსასმენად ილინოისის შტატის ქალაქ კარბონდეილში ჩავიდა. ხალხით გადავსებულ კლუბში მისი ყურადღება ერთმა ყველასგან გამორჩეულმა კაცმა მიიქცია. მესაყვირე რომ იყო, თურმე, ტუჩების ფორმაზე შეატყო. მაგარი ქურთუკი, ჩექმები ეცვა, ხოლო ყელზე, ასევე მაგარი შარფი ჰქონდა შემოხვეული. დამწყებ მუსიკოსად გაეცნო და საყვირზე დაკვრის ტექნიკაზეც სთხოვა რჩევა-დარიგება. უცნობმა ღიმილით უპასუხა: პატარავ, რა დროს ეგ არის, ნახე, რამდენი კარგი გოგო დაიარებაო. ამგვარი დამოკიდებულებით პირტიტველა დევისი ძალზედ განაწყენდა, თუმცა მოგვიანებით, როცა კი იმ მექალთანე ჯაზმენზე რამეს ჰკითხავდნენ, საუბარს ამ ეპიზოდით იწყებდა ხოლმე და მას უფროს მეგობრად იხსენიებდა: სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ მეც ისეთი მაგარი ტიპი გავმხდარიყავიო. ის მაგარი ტიპი კლარკ ტერი გახლდათ, სვინგის, ბი-ბოპისა და ჰარდ-ბოპის გამორჩეული ფიგურა.



კლარკ ტერი დევისივით სენტ-ლუისელი გახლდათ. სამხედრო-საზღვაო ძალების ორკესტრში მსახურობდა, სადაც იმდენად დახვეწა მესაყვირის უნარ-ჩვევები, რომ ჯერ ჩარლი ბარნეტისა და ქაუნთ ბეისის, ხოლო მოგვიანებით - ქუინსი ჯოუნსის ბენდში აიყვანეს. თუმცა ყველაზე დიდი გამოცდილება მაინც ელინგტონის ორკესტრში შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ „დიუკის“ სასულე სექცია ერთმანეთზე უკეთესი მესაყვირეებისგან შედგებოდა, კოლექტიურ ჟღერადობაში კლარკ ტერის ბგერა თუ ლაღი იმპროვიზაციული შესრულების მანერა ყველასგან გამოირჩეოდა. ინსტრუმენტის სარქველებსა და კლავიშების ზამბარებს ისე დაარეგულირებდა ხოლმე, ჯადოსნური ენით ამეტყველებდა. თხელ მუნდშტუკებს ხმარობდა, საყვირის მინი-ვერსიას - ფლუგელჰორნს, როგორც მაილსი ეძახდა - „პატარა მსუქანა გოგოს“ არგებდა და მსმენელს საოცრად თბილი, ხავერდოვანი ფრაზებით ესაუბრებოდა.



კლარკ ტერის, როგორც საიდმენის, ბგერასა თუ ხელწერაზე ისეთი ცნობილი მუსიკოსები ნადირობდნენ, როგორებიც იყვნენ: თელონიუს მონკი, კლიფორდ ბრაუნი, ოსკარ პიტერსონი, დიზი გილესპი, მილტ ჯექსონი, ჩარლი მინგუსი, სონი როლინსი, სესილ ტეილორი და მრავალი სხვა გამოჩინებულნი. რაც შეეხება სოლო კარიერას, დუეტიდან დაწყებული ბიგ-ბენდის ლიდერობით დამთავრებული, ყველა შესაძლო ფორმატი მოსინჯა და რამდენიმე ათეული სტუდიური თუ საკონცერტო ალბომიც გამოსცა, რომლებსაც საკუთარი თხზულებებითაც ამდიდრებდა. საქვეყნო პატივისცემა კი ტელეკომპანია „NBC“-ის ერთ-ერთმა გასართობმა შოუმ მოუტანა, სადაც 10 წლის განმავლობაში მაყურებელს ჯაზური პერფომანსებით ანებივრებდა. კლარკ ტერიმ სწორედ აქ დაიწყო შინაარსმოკლებული სიტყვებით ვოკალური ჟონგლიორობა, „სკეტის“ მაგვარი ფორმით ლაზღანდარობა, რომელსაც “Mumble”-ს ეძახიან.

ამჟამად კლარკ ტერი არკანზასის შტატის ქალაქ პაინ ბლაფში ცხოვრობს. ამერიკის სხვადასხვა მუსიკალურ კოლეჯში მასტერკლასებს ატარებს ხოლმე. როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდა მესაყვირეებს ინსტრუმენტზე დაკვრის სენტ-ლუისურ მუღამებს უზიარებს და თავისი საქმის უამრავი გამგრძელებელიც ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, სცენაზე ჩვეული შემართებით, საოცარი იუმორის გრძნობით სავსე და ჯეელური საშემსრულებლო ხელწერით გამოდის, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო. ბგერაც ძველებური აქვს - ჯაზის ისტორიაში ყველასგან გამორჩეული, ხალისისა და ბედნიერების მომტანი.

XS
SM
MD
LG