Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი: არ უნდა დავუშვათ საზოგადოების გახლეჩა


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას ულოცავს მეუღლეს, ჰილარი კლინტონს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას ულოცავს მეუღლეს, ჰილარი კლინტონს

28 ივლისს ფილადელფიაში დასრულდა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომლის დელეგატებმა პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. ყრილობის ბოლო დღეს კლინტონი ოფიციალურად დათანხმდა პრეზიდენტად კენჭისყრას და სიტყვით მიმართა დელეგატებს. კლინტონის თქმით, ის, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის საჭირო გამოცდილებისა და თვისებების მქონე ლიდერი, საზოგადოების გამაერთიანებლის როლს შეასრულებს.

კლინტონმა ამერიკელებს მოუწოდა, გაერთიანდნენ პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის მცდელობის წინააღმდეგ, გახლიჩოს საზოგადოება და აშშ დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებული გახადოს. „მას სურს, რომ ჩვენ გვეშინოდეს მომავლისა და ერთმანეთის“ - განაცხადა კლინტონმა და დასძინა: „ჩვენმა დამფუძნებელმა მამებმა უერთგულეს მარადიულ ჭეშმარიტებას, რომ ძალა ერთობაშია. დღეს ამერიკას განკითხვის დღე უდგას: გავლენიანი ძალები ჩვენს გახლეჩას ცდილობენ.“

კლინტონის თქმით, აშშ-ს არ უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც სულ მცირე პროვოკაციის დროსაც კი კარგავს სიმტკიცესა და მოთმინებას.

დონალდ ტრამპის გეგმასთან დაკავშირებით, მექსიკის საზღვარზე კედელი ააშენოს, კლინტონმა განაცხადა: „ჩვენ კედელს არ ავაშენებთ. ჩვენ ავაშენებთ ისეთ ეკონომიკას, რომელშიც კარგი სამსახურის მსურველი ნებისმიერი ადამიანი მიიღებს კიდეც მას.“

თავის სიტყვაში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი შეეხო იმ უმწვავეს საკითხებსაც, რომელთა წინაშეც დგას შეერთებული შტატები და, ზოგადად, მთელი მსოფლიო. „ჩვენ არ ავკრძალავთ არც ერთ რელიგიას. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა ამერიკელთან, ჩვენს მოკავშირეებთან, რათა ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს და დავამარცხოთ ის“, განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

მისივე თქმით, ამერიკელები უნდა გაერთიანდნენ, თუ არსებულ პრობლემებთან გამკლავება სურთ: „ნუ დაუჯერებთ ადამიანს, რომელიც იტყვის, მე მარტო გამოვასწორებ მდგომარეობასო. ასეთი რამ დონალდ ტრამპმა თქვა კლივლენდში და ეს სიტყვები ყოველი ჩვენგანისთვის განგაშის ნიშნად უნდა იქცეს. ამერიკელები არ ვამბობთ, მარტო გამოვასწორებ მდგომარეობასო. ჩვენ ვამბობთ: „ჩვენ მას ერთად გამოვასწორებთ!“

ყრილობაზე გამოსვლისას, ჰილარი კლინტონმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სენატორ ბერნი სანდერსს, რომელიც მისი მთავარი მეტოქე იყო დემოკრატიული პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის პროცესში.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც წამყვანი პოლიტიკური პარტიიდან კენჭს იყრის ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG