Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი სკანდალი კლინტონის წინააღმდეგ


ჰილარი კლინტონი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნად მუშაობის პერიოდში ოფიციალური მიმოწერისთვის პირად ელექტრონულ მისამართს იყენებდა. როგორც ირკვევა, თანამდებობაზე ასე კლინტონის წინამორბედებიც იქცეოდნენ.

ჰილარი კლინტონი ახალ სკანდალს მაშინათვე გამოეხმაურა. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნად მუშაობის პერიოდში ის პირად ელექტრონულ მისამართს ოფიციალური მიმოწერისთვის იყენებდა. სამშაბათს გაეროში გამართული შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტთა კითხვებს ამ თემაზე პირველად უპასუხა.

„როცა სახელმწიფო მდივნად ვმუშაობდი, ჩემი პირადი ელექტრონული მისამართის გამოყენება ვარჩიე, რადგან ერთი ტელეფონის ტარება და ორის ნაცვლად ერთი იმეილის გამოყენება უფრო მოსახერხებლად ჩავთვალე. ეს სახელმწიფო დეპარტამენტში ნებადართული იყო" - ამბობს ის.

კლინტონის თქმით, ის ელექტრონული ფოსტის უმეტეს ნაწილს სახელმწიფო მოხელეებს არა პირად, არამედ სამსახურის ელექტრონულ მისამართებზე უგზავნიდა, რის გამოც ისინი სამთავრობო მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებოდა და ინახებოდა. კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ მისი მიმოწერის ასლები პირველივე მოთხოვნის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეგზავნა.

მიმოწერის ხელისუფლებისთვის გადაცემის ფაქტს სახელმწიფო დეპარტამენტის ამჟამინდელი სპიკერიც ადასტურებს. ჯენ ფსაკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობას დოკუმენტაციის შესასწავლად რამდენიმე თვე დასჭირდება. სპიკერის თქმით, კლინტონის ფოსტა 55 000 ნაბეჭდ გვერდს აღემატება. სახელმწიფო დეპარტამენტი მას მომდევნო თვეების მანძილზე გაეცნობა და აუცილებელ სტანდარტებთან შესაბამისობას გადაამოწმებს. სპიკერის განცხადებით, დოკუმენტების შესწავლის შემდეგ მიმოწერა გასაჯაროვდება.

„მიმოწერა საჯაროდ, ყველასთვის ხელმისაწვდომ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. იმედი მაქვს ამის შესახებ მალე მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. 55 ათასი გვერდიდან დაახლოებით სამას ადრესატთან მიმოწერას საგანგებოდ შერჩეული კომიტეტი პრიორიტეტულად მიიჩნევს და მათ პირველ რიგში განიხილავს. საბოლოო ჯამში ისინიც გამოქვეყნდება“ - ამბობს ჯენ ფსაკი.

კლინტონის მხარდამჭერები თანამდებობაზე მის წინამორბედ, კოლინ პაუელზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ პირად იმეილს ოფიციალური მიმოწერისთვის ისიც ხმარობდა. პაუელი მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტში 44 ათასი კომპიუტერის დაყენებას, ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლას და უწყებაში თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას იგონებს.

„მათი გამოყენება თავიდან მე დავიწყე, რათა სხვებისთვის მაგალითი მიმეცა და მეცხრამეტეს ნაცვლად 21-ე საუკუნის ორგანიზაციას დავმსგავსებოდით. თუმცა, არცერთი მიმოწერა შემინახავს და მათ მოძიებაზე სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ვმუშაობ“ - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

კლინტონი დარწმუნებულია, რომ მისი ელექტრონული მიმოწერა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველი არ ყოფილა.
„საიდუმლო ინფორმაცია პირადი ელექტრონული მისამართით არავისთვის გამიგზავნია. დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ სახელმწიფო საიდუმლოს კლასიფიკაციის მოთხოვნებს ვიცნობ და ამგვარი ინფორმაციის შემცველი წერილი არასოდეს გამიგზავნია“- ამბობს ის.

მოელიან, რომ კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატთა ნომინაციისთვის იბრძოლებს. მაგრამ ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე ჯერ არ გაკეთებულა.

XS
SM
MD
LG