Accessibility links

კლინტონმა და ტრამპმა პირველ ტელედებატებში იკამათეს


ჰილარიკლინტონი და დონალდ ტრამპი დებატების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე

ჰილარიკლინტონი და დონალდ ტრამპი დებატების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი, ერთმანეთს პირველ ტელედებატებში დაუპირისპირდნენ და, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იკამათეს. ცნობების თანახმად, ტელეპროგრამას 90 მილიონამდე ადამიანმა უყურა.

ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაუღიმეს პირველი დებატების დასაწყისში და ბოლოსაც. დებატების მსვლელობაში ჰილარი კლინტონი ოპონენტს „დონალდს“ უწოდებდა, ხოლო ტრამპი ოპონენტს - „სახელმწიფო მდივან კლინტონს“. ხაზგასმით თავაზიანი დასაწყისის მიუხედავად, ურთიერთშეფასებები მკაცრი, კრიტიკული გამოდგა. პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, 68 წლის კლინტონმა,გააკრიტიკა ტრამპის თავშეუკავებლობა და კომპეტენციის ნაკლებობა. კლინტონის თქმით, მისი მეტოქე „სიგიჟეების“ თქმასაც კი არ ერიდება, ოღონდ აირჩიონ.

„ეს არის კაცი, რომელიც ქალებს „ღორებს“, „დოყლაპიებსა“ და „ძაღლებს“ უწოდებს და კაცი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ორსულობა ხელისშემშლელი ფაქტორია დამსაქმებლისთვის, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქალები არ იმსახურებენ თანასწორ ანაზღაურებას, სანამ კაცებივით კარგად არ იმუშავებენ“, - თქვა კლინტონმა. მან გაიხსენა დონალდ ტრამპის ქება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, მისამართით და გაიხსენა წლევანდელი 27 ივლისის ეპიზოდი, როცა ტრამპმა, კლინტონის აზრით, მოსკოვი წააქეზა, მოაწყოს კიბერიერიშები აშშ-ის წინააღმდეგ.

„ეჭვს არ იწვევს, რომ რუსეთი კიბერთავდასხმებს იყენებს ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ორგანიზაციის წინააღმდეგ და ჩემში ეს დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიცი, რომ დონალდი ძალიან აქებს ხოლმე ვლადიმირ პუტინს, მაგრამ პუტინი ამ მხრივ ძალიან ხისტ, გრძელვადიან პოლიტიკას აწარმოებს. გააკეთა, მაგალითად, ის, რომ დამოუკიდებელ კიბერთავდამსხმელებს დაავალა, გაეტეხათ შეერთებული შტატების მთავრობის ფაილები, გაეტეხათ პირადი ფაილები, ჰაკერული თავდასხმა მოეწყოთ დემოკრატების ეროვნულ კომიტეტზე. როგორც ბოლოხანს შევიტყვეთ, ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი მეთოდი, ქაოსის გამოწვევისა და ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას“, - განაცხადა კლინტონმა. რუსეთის მისამართით ამ ბრალდებას მოჰყვა ტრამპის განცხადება: არ არის დადგენილი, ვინ მოაწყო ჰაკერული თავდასხმაო.

„არა მგონია, ვინმემ დანამდვილებით იცოდეს, რომ მართლაც რუსეთის დავალებით მოქმედმა ჰაკერებმა გატეხეს დემოკრატების ეროვნული კომიტეტი. კლინტონი ამბობს: რუსეთი, რუსეთი, რუსეთიო! შესაძლოა ასეც იყოს. შესაძლოა რუსეთი ყოფილიყო, მაგრამ ასევეშესაძლებელია, ყოფილიყო ჩინეთი. ბევრი სხვაც შეიძლებოდა ყოფილიყო. შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ლოგინში ზის და 400 გირვანქას იწონის. უბრალოდ, არ ვიცით, ვინ მოაწყო ჰაკერული თავდასხმა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, 70 წლის ბიზნესმენმა და მილიარდერმა დონალდ ტრამპმა.

მეტოქესთან პირველი ტელედებატების მსვლელობაში, ტრამპმა თავი წარმოაჩინა იმ მრავალრიცხოვანი ამერიკელების თანამოაზრედ, რომლებიც ეჭვით უყურებენ ვაშინგტონს, აშშ-ის მმართველ პოლიტიკურ ელიტას. ყოფილი პირველი ლედი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კი უდავოდ მიეკუთვნება ამ პოლიტიკურ ელიტას, რომელმაც, ტრამპის აზრით, დაასუსტა შეერთებული შტატები -ის მარტო ლაპარაკობს და ვერაფერს აკეთებსო, ამბობს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი. „მე შეფასების გაცილებით უკეთესი უნარი მაქვს, ვიდრე მას (ჰილარი კლინტონს). ეს ეჭვს არ იწვევს! მე მასზე გაცილებით უკეთესი ხასიათი მაქვს. დიახ, ხასიათი გაცილებით უკეთესი მაქვს“, - თქვა ტრამპმა ჰოფსტრას უნივერსიტეტში მოწყობილი საათნახევრიანი ტელედებატების მსვლელობაში.

აშშ-ის პრეზიდენტობის ორი კანდიდატის პოზიციებს შორის სხვაობა გამოიკვეთა ნატოზე საუბრის დროსაც. ჰილარი კლინტონმა პირობა დადო, რომ, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მტკიცე მხარდაჭერას გაუწევს შეერთებული შტატების მოკავშირეებს, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც შეშფოთებული არიან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიითა და შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერით. დონალდ ტრამპმა კი, როცა პასუხობდა შეკითხვას, რამდენად აქტიური უნდა იყოს ნატოში ვაშინგტონის როლი, აღნიშნა, აშშ არ უნდა იყოს მსოფლიოს პოლიციელიო.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები კიდევ ორჯერ გაიმართება. შემდეგი 9 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი. საპრეზიდენტო არჩევნები კი 8 ნოემბერს ჩატარდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG