Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2015 წლის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

როგორი იყო 2015 წელს შიდაპოლიტიკური ვითარება საქართველოში? რომელი მოვლენებით შევიდა გასული წელი ისტორიაში? გადავავლოთ თვალი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების უკანასკნელ ერთ წელიწადს.

2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ მთავრობის მეთაურის შეცვლა. 23 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას:

„თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო მიმართულებები, მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს“.

მომავალ პრემიერ-მინისტრად კი საპარლამენტო უმრავლესობამ დაასახელა გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ღარიბაშვილის მთავრობაში ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებს იკავებდა.

„ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისგებლობის აღსრულებაში“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკუთრივ 2015 წელი კი დრამატულად დაიწყო: 20 იანვარს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე მოკლული იქნა იური ვაზაგაშვილი, რომელიც დაიღუპა მისი ვაჟის, 2006 წლის „კორტების სპეცოპერაციისას“ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად. იური ვაზაგაშვილის დაკრძალვას დაესწრნენ ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა მანამდე პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, რომელმაც თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:

„ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას“.

ალექსანდრე ჭიკაიძე
ალექსანდრე ჭიკაიძე

ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე დააკამაყოფილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა:

„იმისათვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვა, თუნდაც აბსურდული იყოს ეს კითხვა, მას ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ სხვა სტანდარტები დავამკვიდრეთ ქართულ პოლიტიკაში. ლექსომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის თანამდებობა არ ყოფილა მთავარი. მისთვის მთავარია ემსახუროს ხალხსა და ქვეყანას“.

ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურმა შეცვალა, რასაც მალე მოჰყვა მნიშვნელოვანი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში. გაზაფხულზე შეიცვალა გარემოს დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის და თავდაცვის მინისტრები. პირველად საქართველოს ისტორიაში თავდაცვის უწყებას სათავეში ჩაუდგა ქალი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი, რომელმაც თანამდებობაზე მინდია ჯანელიძე შეცვალა.

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

“თავდაცვის მინისტრი ვარ, როგორ გეკადრებათ! მე უკვე დანიშნული ვარ თავდაცვის მინისტრად!“ - უთხრა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს.

მინისტრების შეცვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში დადგა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, თუმცა ნდობის მანდატის მიღების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა კვლავ შეცვალა რამდენიმე მინისტრი: საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკის მინისტრი გახდა თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამსახურს გამოყოფილი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაური დაინიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი,რომელიც მისმა მოადგილემ კახა კახიშვილმა შეცვალა. აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა, 2015 წელს მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა ხელისუფლების სხვა შტოებშიც. ვადის ამოწურვის გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კონსტანტინე კუბლაშვილმა, რომელიც შეცვალა ნინო გვენეტაძემ:

ნინო გვენეტაძე
ნინო გვენეტაძე

“ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით, ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, პირნათლად აღვასრულო მოსამართლის მაღალი დანიშნულება“.

2015 წელს ასევე არჩეული იქნა მთავარი პროკურორი. პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ფარული კენჭისყრით, 82 ხმით 15-ის წინააღმდეგ, ექვსი წლის ვადით, ახალ მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, თუმცა პარლამენტამდე ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორობის კანდიდატადსაპროკურორო საბჭომ აირჩია. არჩევნების შემდეგ სიახლის მნიშვნელობაზე განმარტება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა:

„პრკურორებს, მოსამართლეებს, ადვოკატებსა და საპროკურორო საბჭოს წევრებს მიეცათსაშუალება ეთქვათ თავიანთი სიტყვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ურჩევნიათ იყოს ქვეყნის მთავარი პროკურორი“.

ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

2015 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიდან ასევე შეიძლება დავასახელოთ „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატთა ოთხკაციანი ჯგუფის გამოყოფა და მის ბაზაზე ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“, დაფუძნება. ცვლილება განხორციელდა საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რომლის ლიდერმა, დავით საგანელიძემ, დატოვა პარლამენტი და საპარტნიორო ფონდს ჩაუდგა სათავეში, მისი ადგილი დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ დაიკავა. 2015 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა ქვეყნის პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, მარტვილის,დმანისის, ვანისა და ხობის საარჩევნო ოლქებში. განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია არჩევნებმა საგარეჯოში, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატს თამარ ხიდაშელს დაუპირისპირდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც არ მიიღო მარცხი და, მთელი რიგი მოთხოვნების დაყენების შემდეგ, შიმშილობა გამოაცხადა:

„გადააყენონ თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრები, რომლებიც უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, დაიკითხონ მოწმეები, საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც დამნაშავეებად აქცია წინა ხელისუფლებამაც და ამ ხელისუფლებამაც და ჩართული ჰყავთ დანაშაულებრივ პროცესში. გამოიძიონ ეს საქმეები და მეორე კომპონენტი: ხელისუფლება დღეს გვეუბნება, რომ 2020 წლისთვის შეცვლის თურმე საარჩევნო კანონმდებლობას. ჩვენ ამ 2020 წელს ვერ დაველოდებით. მოგვცეს დღესვე ხელისუფლებამ გარანტია, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება 2016 წელს“.

საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კანონმდებლობაშიც. მეორე მოსმენით მიიღო ცვლილება, რომლის მიზანია შესრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და საპარლამენტო არჩევნები ხმის თანასწორობის პრინციპის დაცვით ჩატარდეს. შეთავაზებული კანონპროექტით, საარჩევნო ოლქების საზღვრები და ოლქების შექმნის წესი 2016 წლის არჩევნებისთვის ახლებურად განისაზღვრება ისე, რომ ოლქების რაოდენობა არ შეიცვლება. 73 ოლქიდან 13 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და მუნიციპალიტეტის საზღვრებს დაემთხვევა, 42 ოლქი მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან დაყოფის შედეგად შეიქმნება, დედაქალაქში კი, ამჟამად არსებული 10-ის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი იარსებებს, თუმცა იურისტების ნაწილი და, მათ შორის, კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს ფორმალურად და არა სულისკვეთებით:

“ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ ხმათა თანაბარწონადობის პრობლემა მოგვეხსნა და რეალურად თანასწორ წარმომადგენლობაზე დაფუძნებული სისტემა შეგვექმნა, - განსაკუთრებით, ჩვენი საარჩევნო გეოგრაფიის თვალსაზრისით, - იქნებოდა ეს მრავალმანდატიანი ოლქები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ მრავალმანდატიან ოლქებში იქნებოდა ღია სიებზე დაფუძნებული პროპორციული წარმომადგენლობა“.

2015 წელს საზოგადოების ყურადღება ასევე მიპყრობილი იყო თბილისის საქალაქო და ბათუმში მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოსკენ. საქმე ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას ცხრა თვეზე მეტი ხნით, თუმცა საკანოსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებული გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ და მიუსაჯა პატიმრობა ოთხი წლითა და ექვსი თვით. საქალაქო და საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილავდნენ ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ საქმესაც. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოაცხადა, თუმცა გადაწყვეტილების მყისიერი აღსრულება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო. აი, რა განაცხადა ტელეკომპანიის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ:

"რუსთავი 2"
"რუსთავი 2"

„ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ქიბარ ხალვაშს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და კომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებას, ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას მეორე ინსტანციაში, თუ საჭირო იქნება - მესამე ინსტანციაში. სააპელაციოში არის სამი მოსამართლე, რომლებიც უფრო სერიოზულად იმსჯელებენ და განხილვა არ გაიმართება ასეთი დაჩქარებული წესით“.

სავარაუდოდ, სასამართლოში გაგრძელდება დაპირისპირება შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრე ელისაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს შორის. ელისაშვილის თქმით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მასზე ზეგავლენას ახდენდა, 2010 წლის „კოკაინის საქმეზე“ დაკავებული რამდენიმე მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლების ლობირების ფარგლებში. ალექსანდრე ელისაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და გამოძიების დასრულებამდე მანანა კობახიძისათვის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG