Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცოცხალი წიგნები“ ჩაკეტილ წრეს არღვევენ


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აპრილ-ოქტომბერში განახორციელებს პროექტს, სახელწოდებით „ცოცხალი წიგნები“, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე მწერლები საქართველოს ყველა რეგიონს მოივლიან და რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ მკითხველებთან. პროექტის იდეის ავტორები ამბობენ, რომ ამ გზით ისინი აპირებენ გაარღვიონ თბილისში მოქცეული კულტურული ჩაკეტილი წრე და ხმა რეგიონებს მიაწვდინონ.

საბავშვო პოეტი და მწერალი ვასილ გულეური 18 წელია ბავშვებისთვის წერს, ანუ ზუსტად იმდენი წელია წერს, რამდენი წლისაც მისი უფროსი შვილია. პროფესიით არქიტექტორმა, ლექსების წერა სწორედ მისთვის დაიწყო. შვილის გასახალისებლად ლექსების შეთხზვა მალე ჩვევაში გადაეზარდა, ჩვევიდან - საქმიანობაში და დღეს უკვე შვიდი კრებულის ავტორია. ვასილი ამბობს, რომ ბავშვებისთვის წერა არ არის ადვილი, გაცილებით მეტი დაფიქრებაა საჭირო, როცა ბავშვებისთვის წერო, მეუბნება ის. განსაკუთრებით უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან სწორედ მათთან ურთიერთობის შემდეგ ეძლევა სტიმული და ემოცია იმისათვის, რომ ისევ ბავშვებისთვის წეროს ამბები, მაგალითად, ქარიყლაპიაზე, რომელმაც ქარი ჩაყლაპა, ან ბურახის მოყვარულ მუხლუხოზე, ან ბახალაზე, რომელსაც დაძინება არ უნდა. ვასილის სამუშაო დღე ხალხმრავალ, ხმაურიან, პრაგმატულ, დატვირთულ იუსტიციის სახლში გადის. ამიტომ მისთვის პერიოდულად ჰაერივით საჭირო ხდება ბავშვებთან ურთიერთობა და დიდი სიხარულით თანხმდება ხოლმე თბილისის სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში მიწვევას, სადაც პატარებს თავის ლექსებსა და ზღაპრებს უკითხავს. განსაკუთრებით ახალისებს ბავშვების გაოცებული სახეები, როცა ცოცხალ მწერალს ხედავენ:

„უკვირთ ცოცხალი მწერლის ნახვა. ჰგონიათ ხოლმე, რომ მწერალი აუცილებლად გარდაცვლილი უნდა იყოს“, - ეცინება ვასილ გულეურს.

ცოცხალი საბავშვო პოეტისა და მწერლის ნახვას უახლოეს მომავალში ზემო აჭარაში მცხოვრები ბავშვებიც შეძლებენ. აჭარას, თავის ოთხ კოლეგასთან ერთად, ვასილ გულეური პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მოივლის. პრეზენტაცია პროექტისა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება, 14 აპრილს შედგება. პროექტის ფარგლებში საქართველოში მცხოვრები თანამედროვე მწერლები საქართველოს ყველა რეგიონს მოივლიან და მკითხველებს შეხვდებიან. ამ შეხვედრას ელის ვასილ გულეურიც:

"ბუნებრივია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში გასვლა, რადგან მეც, უმეტესად, თბილისში ვხვდები ხოლმე ჩემს მკითხველს, რეგიონებში კი ძალიან იშვიათად გავდივარ. ამ პროექტის მნიშვნელობაც სწორედ ეს არის, რომ საშუალებას გვაძლევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შევხვდეთ მკითხველს და მათთან გვქონდეს უშუალო შეხვედრა. ბუნებრივია, ეს ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება. პირადად ჩემთვის ნამდვილად სასარგებლო იქნება და იმედი მაქვს, ბავშვებისთვისაც, რადგან მათი ემოცია და დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. გარდა იმისა, რომ ეს სტიმულია ახალი ლექსის თუ ზღაპრის დასაწერად, ამასთანავე, მე მათგან ინფორმაციას ვიღებ და მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ“, - ამბობს ვასილ გულეური.

14 აპრილიდან მოყოლებული, 10 ოქტომბრის ჩათვლით, 75 მწერალი საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის, გარდა თუშეთისა. ავტორები ამის მიზეზად თუშეთში ტრანსპორტირების პრობლემას ასახელებენ. ხუთ-ხუთი მწერლისგან შემდგარი მობილური ჯგუფები ოთხი-ხუთი დღის მანძილზე შეხვდებიან მათი შემოქმედებით დაინტერესებულ მოსახლეობას, მოზარდებს. შეხვედრები გაიმართება საბიბლიოთეკო და სამუზეუმო სექტორთან, სკოლებში. ქეთევან დუმბაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ლიტერატურის დარგში, აი, ასე ახასიათებს პროექტის მთავარ არსსა და მწერლებისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის შეხვედრებს:

„ჩვენი სურვილია, რომ შევხვდეთ ყველას. ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სკოლები... არ ვიცი, შეიძლება ღია ცის ქვეშ, პარკში მოეწყოს ეს შეხვედრა. უცებ ხუთი პოეტი რომ დადგეს და დაიწყოს თავისი ლექსების კითხვა, არ შეიძლება, რომ იქ ადამიანები არ გაჩერდნენ. ჩვენ გვინდა ხალხში გასვლა, გლეხებთან გვინდა შეხვედრა. შეიძლება ავტობუსით მივდიოდეთ და ყანაში დავინახოთ, ათი კაცი მუშაობს, ჩამოვიდეთ ავტობუსიდან და ვუთხრათ, გამარჯობა, ჩვენ მწერლები ვართ და გვინდა წაგიკითხოთ ჩვენი ლექსები. ხომ აქვთ იმათაც იმის საშუალება, რომ ერთი საათით შეისვენონ და მოგვისმინონ“, - ამბობს ქეთევან დუმბაძე.

პროექტის შექმნის იდეა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასული წლის 17 მარტს 100-მდე მწერალმა სოციალურად დაუცველი მწერლების დასახმარებლად პეტიციით მიმართა პარლამენტსა და კულტურის სამინისტროს. პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერი იყო პროექტის იდეის ავტორი, პოეტი მარიამ წიკლაური. სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყეს მარიამ წიკლაურმა და ქეთევან დუმბაძემ პროექტის შექმნაზე ფიქრი და, საბოლოოდ, მას „ცოცხალი წიგნები“ დაარქვეს. მწერლებს და მკითხველებს მონატრებული გვყავს ერთმანეთიო, მეუბნება მარიამი. სწორედ ეს გახდა ამოსავალი წერტილი პროექტის იდეისა, რომელიც, პარალელურად, პროექტში ჩართული მწერლებისათვის ერთჯერად ანაზღაურებასაც მოიაზრებს:

„ისინი მხოლოდ ვირტუალურად ან მხოლოდ სოციალური ქსელის დონეზე ხვდებიან მკითხველს. იქ, სადაც ცოცხალი ენა უნდა მოისმინოს მწერალმა, ცოცხალი ემოცია მიიღოს, იქ, სადაც ადამიანებიც ელოდებიან მწერალს, ასეთ შეხვედრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავად მწერლებისთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მოზარდებს შევხვდებით. მომავალ თაობას, მომავალ მკითხველებს დაველაპარაკებით“, - ამბობს მარიამ წიკლაური.

როგორც მარიამ წიკლაური მიხსნის, პროექტის კიდევ ერთი მიზანია მწერლებსა და პოეტებთან ერთად სხვადასხვა გამომცემლობის წარმომადგენელთა ვიზიტი რეგიონებში, სადაც ისინი საკუთარ პროდუქციას შესთავაზებენ იმ ადამიანებს, ვისაც ხელი არ მიუწვდება წიგნის მაღაზიებამდე.

„სამინისტრომ მიმართა თხოვნით გამომცემლობებს, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში, წამოვიდნენ ჩვენთან ერთად, წარმოადგინონ თავიანთი წიგნები შედარებით ნაკლები ფასით და, როგორც იტყვიან, რეგიონებში სახლის კარამდე მიუტანონ წიგნები იმ ადამიანებს, ვინც წიგნების მაღაზიამდე თავად ვერ მიდის“, - ამბობს მარიამ წიკლაური.

პირველი, ხუთი მწერლისგან შემდგარი, მობილური ჯგუფი შიდა ქართლის რეგიონში 14 აპრილს გავა: კასპი, გორი, ნიქოზი, ქარელი, ხაშური, ბორჯომი - მწერლები სწორედ ამ ქალაქებსა და სოფლებს მოივლიან. მათ შორის იქნება პოეტი კატო ჯავახიშვილიც. როგორც კატო ამბობს, ეს პროექტი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო გამოხატავს ზრუნვას მწერლების მიმართ. გარდა ამისა, მისი თქმით, შემოქმედებითი წრე თბილისში ჩაიკეტა და ახლა მწერლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ეს ჩაკეტილი წრე გაარღვიონ:

„რეალურად რა ხდება თბილისის გარეთ, მე პირადად, არ ვიცი, ამიტომ ეს პროექტი არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ შეხვდე მკითხველს დედაქალაქს გარეთ. არ ვიცი, ალბათ, იმათთვისაც საინტერესო იქნება იმის მოსმენა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამ ბოლო დროს - თუნდაც სოციალური ქსელიდან, თუნდაც ზოგადად - ვატყობ, რომ რეგიონებში კულტურის, პოეზიის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. მე მაქვს მოლოდინი, რომ რეგიონებმა ეს პროექტი ძალიან დადებითად უნდა მიიღონ. ეს კავშირი არ უნდა გაწყდეს, ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი, რადგან არ შეიძლება, რომ კულტურა ჩაიკეტოს თბილისში“, - ამბობს კატო ჯავახიშვილი.

კატოს შიდა ქართლის სოფლებში თავისი სათქმელი მიაქვს. ეს არის შინაარსი მისი მომდევნო წიგნისა „იავნანა კაცებისთვის“. წიგნი იმ თემებზეა, რომლებიც უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით აქტუალური და მტკივნეულია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის: „ეს წიგნი ქალებზეა და იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ ეპოქამ მოუტანა ქალებს“.

კიდევ ერთი დავალება, რის შესრულებასაც პროექტის ავტორები მწერლებს რეგიონებში მოგზაურობისას სთხოვენ, ეს არის დღიურის წარმოება. მოგვიანებით მწერლების დღიურები შეიკრიბება და წიგნად გამოიცემა. პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ბიუჯეტი 75 ათას ლარს შეადგენს. იდეის ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება და მასში მონაწილეობას უკვე სხვა მწერლები მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG