Accessibility links

logo-print

კოლუმბიის უნივერსიტეტში საქართველოს სიტუაციაზე იმსჯელეს


კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკი

კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკი

საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს კოლუმბიის უნივერისტეტის მკვლევარი, "ქართული ოცნების" ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი ახალი ნაშრომით გამოეხმაურა: "ქართული ოცნების” კოალიციის დასასრულის დასაწყისი.” სამთავრობო ცვლილებებზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ქვეყნის ორიენტაციის სავარაუდო გადანაცვლებაზე მან ვრცლად ისაუბრა შეხვედრაზე ნიუ იორკში, რომელსაც საქართველოს საკითხების კიდევ ერთი ექსპერტი, პროფესორი ალექსანდრ ქული გაუძღვა.

გამოკვეთილად პროდასავლური მინისტრების კოალიციური მთავრობიდან წასვლით, დაიწყო თუ არა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება და კოალიციის დაშლა? "ქართული ოცნების" ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი ოქტომბრის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს კოალიციის დაშლის დასაწყისად ჩათვლის თუ კოალიციას დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი და თედო ჯაფარიძეც დატოვებენ. "მაშინ კითხვები შესაძლოა უკვე ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციაზეც დაისვას"-ამბობს ის.

„თუკი რესპუბლიკური პარტია დატოვებს კოალიციას, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კოალიცია იშლება. მეორე საინტერესო საკითხი, ამ დროს, ხელისუფლების მხრიდან დასავლური კურსის რეალური შეცვლა იქნება. რესპუბლიკური პარტიის ორი ლიდერი -დავით უსუფაშვილი პარლამენტის სპიკერია, მეორე- თინა ხიდაშელი, გავლენიანი დეპუტატი. ეს ორი ადამიანი და მესამე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ძალიან კარგი კონტაქტებით სარგებლობს დასავლეთში. თინა და თედო ორივე არის საქართველოს მთავრობის გამოკვეთილად პროდასავლური ლიდერი. თედო გასულ კვირას ვაშინგტონში იყო. ის შეხვდა და უთხრა პარტნიორებს, რომ საქართველოს მთავრობას ისევ პროდასავლური კურსი აქვს. თუმცა, თუ ჩვენ მომსწრე გავხდებით იმ ფაქტის, რომ ეს სამი ადამიანი დატოვებს კოალიციას, ეს უკვე მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილების მანიშნებელი იქნება.“

საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის, შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს ისიც, თუ როგორ განვითარდება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება.

„ამ ამბების შემდეგ, მე ვესაუბრე იმ ადამიანების ნაწილს, ვინც დატოვა თანამდებობები. ასევე სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს, და გარკვეული კვლევა-ძიებაც ჩავატარე. ძალიან ბევრი ადამიანი სერიოზულად შეშფოთებული იყო იმით, რომ კონკრეტულად, ირაკლი ალასანიას დაკავება მოხდებოდა. თუმცა ეს არ მომხდარა. იმავდროულად, არსებობს ამის შესაძლებლობა. თუ გამოძიება ამ კუთხით წავიდა, მაშინ შესაძლოა მართლაც ვიფიქროთ, რომ ეს არ არის დემოკრატიული გზა. ეს პროცესი ასევე მთავრობასაც დააკნინებს. დაიწყება მსჯელობა არა მხოლოდ იმაზე, რომ ის ოპოზიციას ერჩის და მას ასუსტებს, არამედ გააძლიერებს ნაციონალური მოძრაობის პოზიციებსაც. ამ დროს გაიჟღერებს ის ბრალდებები, რომ თითქმოს აქამდე პროკურატურის მხრიდან არსებული გამოძიებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული."

ალექსანდრ ქული, საინტერესო პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევს ირაკლი ალასანიას, რომელმაც, ქულის თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა.

„ალასანია საინტერესო პოლიტიკური ფიგურაა. შიდა პოლიტიკის კონტექსტში, მახსენდება მის მიერ ორი წლის წინ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს გატარებული რამდენიმე არსებითი რეფორმა. მან, განსაკუთრებით უწყების შიგნით, გაზარდა გამჭირვალობა, შეამცირა საიდუმლო შესყიდვების პრაქტიკა და კონტრაქტების დადების ფორმა. ვფიქრობ, შესაძლოა, არსებულმა ფაქტებმა შექმნა მიმდინარე პოლიტიკური რყევების საფუძველი და ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშიც შესაძლოა, იყოს.“

ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ კითხვები არა მხოლოდ ალასანიას, არამედ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური კურსის შესახებაც დაისვა. უღალატა თუ არა საქართველომ დასავლეთს, მაშინ როდესაც კოალიციური მთავრობიდან ალასანიას მოხსნას ორი პროდასავლური შეხედულებების მინისტრის თანამდებიდან წასვლა მოჰყვა? ლინკოლნ მიტჩელი იხსენებს უელსის ნატოს სამიტს და აცხადებს, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანებაზე მაშინ უარი მიიღო, თუმცა ქვეყნის კურსის ცვლილებაზე კითხვები არ დასმულა.

„ბოლო მოვლენების შემდეგ, დასავლურ პრესაში გაჩნდა სტატიები, რომ საქართველომ დასავლეთის კურსიდან გადაუხვია. ვინაიდან ირაკლი ალასანია დასავლეთის მეგობარი იყო დასავლეთმა, მისი გადაყენება მეგობრის გაძევებად აღიქვა. მინდა ვთქვა, რომ ირაკლი ჩემი მეგობარია და ის მოხსნა ასევე ჩემმა მეგობარმა ირაკლი ღარიბაშილმა. თუმცა ვიტყვი, რომ თუ [შენი] ერთი მეგობარი მეორეს თანამდებობიდან ათავისუფლებს, ეს შიდა საკითხია და ამაში არ უნდა ჩაერიო. ასევე, ამ ფაქტში პოლიტიკური ორიენტაციის შესაძლო დრამატული ცვლილება არ უნდა ეძებო. აღსანიშნავია, რომ ახლა ზუსტად ის ხალხი საუბრობს კურსის ცვლილებაზე [ალასანიას და მისი მომხრე მინისტრების თანამდებობიდან წასვლის დროს], რომლებიც 2012 წელს მედიაშიც და ამერიკის კონგრესმენებთან შეხვედრებზე აცხადებდნენ, რომ სწორედ ეს ადამიანები რუსეთის ინტერესებს იცავდნენ.“

ლინკოლნ მიტჩელი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში უფრო აქტიურად დაბრუნებას არ გამორიცხავს. მისი აზრით, ის, რომ ის შორს არ არის პოლიტიკური პორცესებიდან ეს ალასანიას გათავისუფლების პერიოდში კარგად გამოჩნდა.

მიტჩელის აზრით, მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტში, სადაც ის ინსტიტუტების გაძლიერებას შეეხო და პერსონალური შეფასებები არ გაუკეთებია. მიტჩელის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის-გიორგი მარგველაშვილის- ხმა, ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.

XS
SM
MD
LG