Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანური მუსიკის "შავი მარგალიტი"


კონჩა ბუიკა
კონჩა ბუიკა

"მუსიკალური ჟანრები ძმებივით არიან, ერთმანეთთან 7 ნოტი, დიეზები და ბემოლები აკავშირებთ. მიუხედავად განსხვავებისა, საერთო მიზანი აქვთ - საკუთარი ცხოვრებისა თუ სურვილების შესახებ ხმამაღლა საუბრის საშუალებას იძლევიან" - ასე ახასიათებს საკუთარ შემოქმედებას მომღერალი მარია კონსეპსიონ ბალბოა ბუიკა. მასზე ამბობენ, ადამიანებს გრძნობების გათავისუფლებაში ეხმარებაო, - იმ ხალხს გულისხმობენ, ვის მოწოლილ ვნებებსაც ის კეთილგონიერების ცივ წყალს ასხამს.

მარია კონსეპსიონ ბალბოა ბუიკას სასცენო ფსევდონიმი კონჩა ბუიკა გახლავთ. 1972 წლის 11 მაისს ესპანეთის ქალაქ პალმა-დე-მაიორკაში დაიბადა. ზემოთ მუსიკალური ჟანრები ვახსენე და რეპერტუარიც მრავალმხრივი აქვს. ამგვარი პალიტრა კი მისი მშობლებისა და იმ ადგილების დამსახურებაა, სადაც იზრდებოდა. დედ-მამა ეკვატორული გვინეის რესპუბლიკიდან წამოსული ემიგრანტები იყვნენ. მამა - მწერალი და პოლიტიკოსი, ხოლო დედა დიდი მელომანი ვინმე იყო, ჯაზური ალბომების დიდი კოლექცია ჰქონდა და შვილის გემოვნებას პატარაობიდანვე წვრთნიდა. მის მუსიკალურ მსოფლმხედველობაზე გარემომაც იმოქმედა. მარიას პალმა-დე-მაიორკას ბოშურ უბნებში უყვარდა ხეტიალი, სადაც ნამდვილი ფლამენკოს "დუენდე" ტრიალებდა. ბალეარის კუნძულების მულტიკულტურულ სამყაროში შეძენილი აკუსტიკური გამოცდილება მოგვიანებით საკუთარ მუსიკასა თუ პოეზიაში გააერთიანა: ფლამენკოს, ესპანური ბალადების, ტანგოს, ბოშური რომანსებისა და რუმბას ენაზე ამეტყველდა.

17 წლის კონჩა ბუიკას მეტად თავშესაქცევი სასცენო დებიუტი ჰქონდა. პალმა-დე-მაიორკას ბლუზურ კლუბში მისი ნათესავი მღეროდა, რომელიც ერთხელაც შეუძლოდ შეიქნა და გოგონას ვოკალისტის პოზიცია დაუთმო. მარია ძალიან ღელავდა, რადგან ინგლისურ ენასთან მწყრალად გახლდათ, თუმცა მაინც გარისკა და რაც კი ყოფითი ფრაზები იცოდა, ბლუზური სიმღერების ტექსტებად გაასაღა. როგორც ამბობენ, არც მსმენელთა შორის ყოფილა ვინმე პოლიგლოტი. შესაბამისად, ოინს ვერავინ მიუხვდა და დიდი ოვაციებითაც დააჯილდოვეს. რაც შეეხება სტუდიურ დებიუტს, დისკი "Mestizüo" ყურადღების მიღმა დარჩა და შეფასებებში კრიტიკოსებიც თავშეკავებულნი აღმოჩნდნენ. შემდეგმა სამმა პროექტმა კი, რომელიც ცნობილი ესპანელი კომპოზიტორის და გიტარისტის ხავიერ ლიმონის პროდიუსერობით გამოიცა, მსმენელს ფლამენკოს ახალი ვარსკვლავის დაბადება ამცნო. ალბომები Buika (2005), Mi niña Lola (2006) და Niña de fuego (2008) ლათინური "გრემის" რამდენიმე ნომინაციაში წარადგინეს. 2009 წელს ლეგენდარულ კუბელ პიანისტ ჩუჩო ვალდესთან ერთად ახალი პროექტი განახორციელა. კონჩა ბუიკამ დისკი "El último trago" მექსიკელ მომღერალ ქალს ჩაველა ვარგასს მიუძღვნა. ნამუშევარმა ლათინური "გრემი" დაიმსახურა საუკეთესო ტრადიციული ალბომის კატეგორიაში, ხოლო კრიტიკოსებმა არტისტი ესპანური მუსიკის "შავ მარგალიტად" მონათლეს.

​კონჩა ბუიკას ბოლო ორი ალბომი, La Noche Mas Larga და Vivir Sin Miedo, ესპანეთსა და ამერიკაში ჩაიწერა. შესაბამისად, დისკზე ინგლისურენოვანი თხზულებებიცაა წარმოდგენილი. ასევე საინტერესოა კოლაბორაციული პროექტები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან, მაგალითად, შარლ აზნავური, ჩიკ კორეა, ანუშკა შანკარი და მრავალი სხვა. თუმცა სიუჟეტის ბოლოს მომღერლის შემოქმედების ერთ-ერთ ყველზე მნიშვნელოვან მონაკვეთს გავიხსენებ. მუსიკოსმა ორი სიმღერა შეასრულა პედრო ალმოდოვარის 2011 წლის ფილმში "კანი, რომელშიც მე ვცხოვრობ". "მისი სიმღერების წყალობით ადამიანებს საკუთარი რომანტიკული ისტორიები ახსენდებათ და დაშვებულ შეცდომებზე იწყებენ ფიქრს, თუმცა არაფერს ნანობენ და მზად არიან იგივე შეცდომები გაიმეორონ, რადგან ვნებები არანაირ კანონებს არ ემორჩილება" - ასე შეაფასა რეჟისორმა ესპანური მუსიკის "შავი მარგალიტის" შემოქმედება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG