Accessibility links

გაერო სირიის საკითხზე კონფერენციას მართავს


საერთაშორისო კონფერენციის დელეგატები, კუვეიტი

საერთაშორისო კონფერენციის დელეგატები, კუვეიტი

ოთხშაბათს, 31 იანვარს, გაერო კუვეიტში საერთაშორისო კონფერენციას გამართავს და მოითხოვს ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოიყოს სირიის იმ მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებსაც 700 000-მდე სირიელი ლტოლვილი აფარებს თავს.

კონფერენციას წინ უსწრებს სირიაში გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივი წარგზავნილის, ლახდარ ბრაჰიმის მიერ გაკეთებული საგანგაშო განცხადებები. ბრაჰიმიმ სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს უთხრა, სირიაში ძალადობამ „უპრეცედენტოდ შემზარავ დონეს“ მიაღწია და ამაში ბრალი მიუძღვით როგორც სამთავრობო ძალებს, ისე მეამბოხეებსო:

„სირიას ანადგურებენ. ზოგჯერ ვამბობ, რომ, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ქვეყნის დანგრევის პროცესში მხარეები ერთმანეთთან თანამშრობლობენ, თუმცა ჩემი ეს შეფასება, ცხადია, დიდ გულისწყრობას იწვევს ხოლმე მათში. სირიის განადგურება ნელ-ნელა ხდება. ეს პროცესი კი, თავის მხრივ, რეგიონში ქმნის ვითარებას, რომელიც ძალიან ცუდია და ძალიან საყურადღებო მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომაც მიმაჩნია, რომ უშიშროების საბჭომ, უბრალოდ, ვეღარ უნდა თქვას, უთანხმოება გვაქვს და, მოდი, უფრო ხელსაყრელ ვითარებას დაველოდოთო. ჩემი აზრით, საბჭო ამ პრობლემას დაუყოვნებლივ უნდა შეეჭიდოს“.

ბრაჰიმიმ ისიც განმარტა, თუ, მისი აზრით, რა უნდა გააკეთოს უშიშროების საბჭომ:

„საბჭომ კიდევ ერთხელ უნდა გაიმეოროს, რომ ერთგულია და მხარს უჭერს სირიის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე სირიის ყველა მოქალაქის უფლებებებს - იმას, რომ სქესის, რელიგიის ან რაიმე სხვა ნიშნის მიუხედავად, დაცული იყოს მათი ადამიანური უფლებები და ღირსება“.

ანალიტიკოსების შეფასებით, სირიის მიმართ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას უშიშროების საბჭოში ნაწილობრივ რუსეთი და ჩინეთი აბრკოლებენ, რომლებიც სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს უჭერენ მხარს.

სირიაში სისხლიანი კონფლიქტი უკვე 22 თვეა მიმდინარეობს და, გაეროს შეფასებით, მას ამ ეტაპისთვის 60,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

იმედგაცრუებისა და შეშფოთების მიუხედავად, ბრაჰიმიმ განაცხადა, რომ არ აპირებს საქმეს თავი დაანებოს:

„მე არ მჩვევია საქმისთვის თავის მინებება. გაეროს არჩევანი არ აქვს - მას ყველა შემთხვევაში მოუწევს ამ პრობლემაზე მუშაობა, იმის მიუხედავად, მე ვიქნები თუ არა პროცესში ჩართული. თუ დადგება მომენტი და ვიგრძნობ, რომ აბსოლუტურად ვეღარაფერს ვაკეთებ, ერთ წუთსაც აღარ დავიცდი. ამ საქმეს ჩემი სურვილით არ შევჭიდებივარ, მე ის არ მომიძებნია. როგორც სამსახური, ეს საქმე არ მჭირდება. ამას იმის გამო ვაკეთებ, რომ - შესაძლოა, გულუბრყვილობით მომდის - ვგრძნობ, ვალდებულება მაკისრია. თუ დავინახე, რომ მართლა გამოუსადეგარი გავხდი, მაშინვე წავალ“.

სამშაბათს სირიიდან აქტივისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალეპოში, სულ მცირე, 65 გვამს მიაგნეს. დაღუპულებს ხელები შეკრული ჰქონდათ და დახვრეტილები იყვნენ. ოპოზიციის მომხრე აქტივისტები მკვლელობაში მთავრობას ადანაშაულებენ. შემთხვევის გარემოებათა გადამოწმება დამოუკიდებელ წყაროებთან ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG