Accessibility links

logo-print

აშშ-ის კონგრესი ობამას წინააღმდეგ საქმის აღძვრას გეგმავს


ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით გამოთქმული შეშფოთებიდან ორიოდე დღეში, ამერიკელმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც კონგრესს პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ საქმის აღძვრა შეუძლია.

27 ივლისს, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებიდან სულ რამდენიმე საათში, ოთხმა ამერიკელმა კანონმდებელმა გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელსაც ორი რესპუბლიკელი და ორი დემოკრატი სენატორი აწერს ხელს. განცხადებაში გამოთქმულია იმედგაცრუება და შეშფოთება საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და მისი გუნდის წევრთა მიმართ სამართლებლივი დევნის გამო. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ყურადღება გაამახვილოს არა წარსულზე, არამედ მომავალზე, წინსვლაზე.

სულ რამდენიმე დღეში, 30 ივლისს, თავად შეერთებულ შტატებში კონგრესმენებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში სერიოზული დებატების მიზეზი ხდება. კანონპროექტის საფუძველზე კონგრესს შეუძლია საქმე აღძრას პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ. რესპუბლიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ობამამ უფლებამოსილებას გადაამეტა და კანონი დაარღვია, როცა 2013 წელს კონგრესის თანხმობის გარეშე ხელი მოაწერა ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების კანონს.

უცხოელი ექსპერტები ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ საქართველო ძალზე ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე ქვეყანაა, რის გამოც დემოკრატიული განვითარება იქ ძალზე მყიფე პროცესია და შესაბამისად, საფრთხეც და გამოწვევაც ბევრად მეტია. თუმცა, წაყენებულ ბრალდებათა და სავარაუდო დანაშაულებათა სიმძიმის გამო, ამ ეტაპზე რთულია იმის განსაზღვრა, რა უფრო დიდი ხიფათისა და გამოწვევების შემცველია საქართველოს დემოკრატიის უსაფრთხო და სტაბილური განვითარებისთვის: ექს-პრეზიდენტის და მისი გუნდის გასამართლება თუ სავარაუდო სისტემურ დანაშაულზე თვალის დახუჭვა და, შესაბამისად, მომავალში მისი განმეორების ალბათობის დაშვება.

დავბრუნდეთ ვაშინგტონში. რა მოხდა 30 ივლისს წარმომადგენელთა პალატაში?

როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, სინდი სეინი კაპიტოლიუმიდან გვატყობინებს, ეს დღე კონგრესში ძალზე ემოციურად წარიმართა. კანონმდებლები ამერიკაში დემოკრატიის დღევანდელ მდგომარეობაზე კამათობდნენ. პალატის რესპუბლიკელები პრეზიდენტ ობამას აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ პრობლემების გადასაწყვეტად აუცილებელი ზომების გატარებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტი მათ დაუკითხავად მიიღებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, იმიგრაცია და ჯანდაცვა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი ჯონ ბეინერი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ საქმის აღძვრა პარტიული ნიშნით არ ხდება. მიზანია, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია დაიცვას ძალაუფლების გადამეტებისგან, რომელიც ხელისუფლების აღმასრულებელი შტოსგან მომდინარეობს. „გაქვთ სურვილი, რომ რომელიმე პრეზიდენტს მიანიჭოთ უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელი კანონი დაამტკიცოს და რომელი შეცვალოს? მისცემთ ვინმეს უფლებას დაანგრიოს ის საძირკველი, რომელიც დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს?- კითხულობს ის.

დემოკრატი კანონმდებლების უმრავლესობა პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ კანონის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათი აზრით, კანონპროექტი წინასაარჩევნო კამპანიისთვის არის განსაზღვრული და მიზნად ისახავს ორ თვეში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე რესპუბლიკელთა კონსერვატორული ფრთის მობილიზებას. დემოკრატი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ამ კანონპროექტის განხილვა კონგრესში დროის ფუჭად დაკარგვაა და გადამხდელებისთვის ელემენტარულად ფულის გადაყრას წარმოადგენს. დემოკრატი კონგრესმენების ნაწილი თვლის, რომ ზოგიერთი რესპუბლიკელი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პირველივე დღიდან სასტიკად უპირისპირდება მის ნებისმიერ ნაბიჯს.

დემოკრატი კონგრესმენის, ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი ვეტერანი კანონმდებლის, ჯონ ლუისის თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მეტისმეტია. „დაბეჯითებით მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, ჩემო კოლეგებო, გამოიჩინოთ გამბედაობა, არაფერი გამბედაობის გარდა, რათა წინ აღვუდგეთ ამ შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ რეზოლუციას“ - განაცხადა კონგრესმენმა ლუისმა.

იმ დღეს პრეზიდენტი ობამა მისურის შტატის ქალაქ კანზას-სიტიში სიტყვით გამოდიოდა ენთუზიაზმით სავსე აუდიტორიის წინაშე. რჩებოდა შთაბეჭდილებას, თითქოს წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება მას სერიოზულ ნაბიჯად არც ჩაუთვლია. პრეზიდენტმა იხუმრა კიდეც, რესპუბლიკელები დროს ფუჭად კარგავენ და მსგავსი ზომების მისაღებად აგვისტოს არდადეგებამდე დარჩენილ ორიოდ დღეს ტყუილად აცდენენო. „ჩემი საქმიანობის გამო საქმის აღძვრის ნაცვლად, ვისურვებდი, რომ კონგრესმაც იმუშაოს და თავისი საქმე აკეთოს, რათა იმ ამერიკელების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას მიხედონ, ვინც ისინი კონგრესში დასვა. შეწყვიტეთ პოზიორობა!“ - მოუწოდა პრეზიდენტმა ობამამ კანონმდებლებს.

ამერიკის პრეზიდენტების ბიოგრაფი, ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ალან ლიხტმანი თვლის, რომ კონგრესის გადაწყვეტილება აშკარად პოლიტიკურად არის მოტივირებული. „ეს პოლიტიკური მანევრია. საპასუხო ცეცხლია. ზუსტად ისეთი, როგორიც 90-იან წლებში ბილ კლინტონის იმპიჩმენტი იყო“ - აცხადებს ისტორიკოსი.

დემოკრატების ნაწილი ირონიით უყურებს იმ ფაქტს, რომ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები პრეზიდენტს კანონის მიუღებლობისთვის აკრიტიკებენ, მაშინ, როცა ის შესწორებების მიზნით კონგრესში თვითონ ზუსტად 50-ჯერ შეაყოვნეს. ამის მიუხედავად, რესპუბლიკელი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების აღმასრულებელი შტო დიდი ხანია, კონგრესის ძალაუფლებას აკნინებს და საკუთარ უფლებებს გადამეტებით იყენებს.

XS
SM
MD
LG