Accessibility links

logo-print

რა რეაქციები მოჰყვა გამგებლის მოადგილის ჩხუბს?


გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილის მიერ ”ჩადენილი სამართალდარღვევით” ”შესაბამისი ორგანოები” უნდა დაინტერესდნენ. საუბარია 14 მაისს მომხდარ ხმაურიან დაპირისპირებაზე, რომლის დროსაც ბესო გაზდელიანმა ფიზიკური ძალა გამოიყენა. პარალელურად, სახალხო დამცველის აპარატი ელოდება პასუხს თბილისის მერიიდან, რომლის რეაქციასაც ”არაადეკვატურად” მიჩნევს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

16 მაისს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში სახალხო დამცველი შეახსენებს თითოეულ საჯარო მოხელეს, რომ მას, ”რიგითი მოქალაქეებისაგან” განსხვავებით, საჯარო კრიტიკის მიმართ ”თმენის ვალდებულება გააჩნია”, რაც ”კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს იმ დროს, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.”

”საჯარო მოხელე მაქსიმალურად უნდა შეეცადოს თავი შეიკავოს შეუფერებელი ქცევისგან, მით უფრო მიუღებელია ცალკეული მოქალაქეების ფიზიკური შეურაცხყოფა ან კონფლიქტის პროვოცირება, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი”, - სახალხო დამცველის განცხადების ამ ფრაგმენტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 14 მაისს ორთაჭალაში მომხდარი დაპირისპირების პროვოცირება ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილის ბესო გაზდელიანის სათვალავზე მოდის. ომბუდსმენი მსჯელობს მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, რომელიც ხსენებული საჯარო მოხელის მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვით იწყება. ჩანს, რომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებისთვის ის მეტ დაფასებას მოელოდა:

”მე ვარ გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანი... დილიდან საღამომდე აქა ვარ და რა საყვედურებით გვაძღობთ, არ ვიცი, რა... რა გნებავთ, ვერ ვხვდები, რა...”
ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში საკმაოდ ნათლად არის გამოხატული კანონდარღვევა და ეს არის, როგორც მინიმუმ, დისციპლინური გადაცდომა...

გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, ბესო გაზდელიანისა და ერთ-ერთი მოქალაქის სიტყვიერი დაპირისპირება თანდათან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც გამგებლის მოადგილე ჩხუბს ”გამშველებლების გარეშე” ითხოვდა. სახალხო დამცველის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ”გამგებლის მოადგილეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან, რასაც ამ უკანასკნელის ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.”

ნაგულისხმევი პარტიის - ”თავისუფალი დემოკრატების” - წარმომადგენელთა ნაამბობის მიხედვით, გამგებლის მოადგილე მოსახლეობის მხრიდან გამოთქმულ საყვედურებს სრულიად არაადეკვატურად შეხვდა, წყობიდან გამოვიდა და ადამიანების ცემა დაიწყო. თუმცა, როგორც თავად ბესო გაზდელიანმა აღნიშნა ტელეკომპანია ”მაესტროსთან“ საუბრისას, მას შეურაცხყოფა მიაყენეს და ამდენ ლანძღვასა და გინებას, მათ შორის პარტიის - ”ნაციონალური მოძრაობის” - მისამართით, ის, როგორც ქართველი კაცი, სვანი კაცი, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიტანდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი, რომელმაც 15 მაისს საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, მიიჩნევს, რომ ”ტელეკომპანიების ეთერით გავრცელებული ვიდეომასალიდან მოქალაქეთა მიერ გამგებლის მოადგილისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დასტურდება”. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი გამგებლის მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობას ხედავს:
თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი


”ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში საკმაოდ ნათლად არის გამოხატული კანონდარღვევა და ეს არის, როგორც მინიმუმ, დისციპლინური გადაცდომა. ხოლო შეიძლება, რომ გარკვეულ შემთხვევებში, თუკი საქმის შესწავლა მოხდება სათანადოდ, შესაძლებელია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთოს. სხვათა შორის, ცემის ფაქტზე ხშირად ხდება ადამიანის მიცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. და ამ შემთხვევაში რატომ არ უნდა დაინტერესდეს გამოძიება, ესეც საკითხავია.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სრულიად არაადეკვატურსა და არასაკმარისს უწოდებს მერიის მიერ 15 მაისს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ფაქტის დაგმობის ხასიათს ატარებს და ჩანს, რომ მომხდარს შემდგომი რეაგირება არ მოჰყვება:

”მიუხედავად ამისა, თბილისის მერია გაუმართლებლად მიიჩნევს მის რეაქციას პირად შეურაცხყოფაზე და მკაცრად აფრთხილებს მერიის თითოეულ თანამშრომელს, მაქსიმალურად თავი აარიდონ მსგავს ვითარებებს და ასეთი შეურაცხყოფის პირობებშიც კი გამოიჩინონ თავშეკავება. ამასთან ერთად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პერსონალური შეურაცხყოფისაგან. პოლიტიკურ პარტიებს, ისე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, ბუნებრივია, აქვთ უფლება გააკრიტიკონ მერიის საქმიანობა, დაუსვან კითხვები ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მათ თავი უნდა შეიკავონ პირისპირ შეურაცხყოფისა და ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებისგან”, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატმა ოფიციალურად გამოითხოვა მერიიდან ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რაც გატარდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ველოდებით პასუხს. როგორც მინიმუმ, ჩვენი პოზიციით, უნდა დაიწყოს დისციპლინური მოკვლევა ამ პირის მიმართ...

მერიისგან უფრო მეტ რეაქციას მოელის სახალხო დამცველის აპარატიც. როგორც მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო ბენაშვილმა განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ბესო გაზდელიანის მიმართ მინიმუმ შიდა სამსახურებრივი მოკვლევა უნდა დაიწყოს:

”სახალხო დამცველის აპარატმა ოფიციალურად გამოითხოვა მერიიდან ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რაც გატარდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ველოდებით პასუხს. როგორც მინიმუმ, ჩვენი პოზიციით, უნდა დაიწყოს დისციპლინური მოკვლევა ამ პირის მიმართ.”

ამასთან, 16 მაისის განცხადებით ირკვევა, რომ სახალხო დამცველი პროცესში სამართალდამცველი ორგანოების ჩართვის საჭიროებასაც ხედავს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, გამოძიების დაწყებისთვის საფუძველს იძლევა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც.
XS
SM
MD
LG