Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის კიდევ ერთი შესწორების პროცედურა დაიწყო


ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისათვის საქართველოში პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის საკითხზე პირველი მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიამ დღეს, 6 აპრილს, დაიწყო. კომისიაზე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორმა, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, დეტალები შეძლებისდაგვარად დააზუსტა. მათ შორის განმარტებული იქნა ის, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატად შეიძლება არჩეული იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ის მოქალაქე, რომელიც დაბადებულია და 10 წლის განმავლობაში უცხოვრია საქართველოში.

უცხოვრია არა ბოლო 10 წლის განმავლობაში, არამედ სხვადასხვა დროს - მთლიანობაში, 10 წლის განმავლობაში, დაგვიზუსტეს „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში“. ამ განმარტების შესაბამისად იცვლება არითმეტიკაც - პირველ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატობისა თუ სხვა პოლიტიკური თანამდებობის მიღების საშუალება პრაქტიკულად ერთეულებს ეძლევათ, მეორე შემთხვევაში კი მათი რიცხვი შედარებით მეტი იქნება. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ კი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო კომისიაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ კანონპროექტის სულისკვეთება უკავშირდება ათასობით ქართველს, რომელიც დაბადებულია საქართველოში, ცხოვრობს უცხოეთში და აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს სამშობლოს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ მშენებლობაში. გიორგი თარგამაძე საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობის მეორე რიგში ასახელებს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისა და ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციისთვის თანაბარი პირობების შექმნის საკითხს. ამასთანავე, ის განმარტავს, რატომ შეჩერდა არჩევანი უშუალოდ ევროკავშირის და არა სხვა რომელიმე სახელმწიფოს ან გაერთიანების მოქალაქეებზე:
კონსტიტუციის შესაბამისად, ყველა საკანონმდებლო აქტი - მათ შორის კანონები, მათ შორის საარჩევნო კოდექსი, მათ შორის პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი - მერე უნდა მოვიდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ...
ლევან ვეფხვაძე

”პირადად ჩემი სურვილია და მე მინდა დღეს პირველივე განხილვის დროს საჯაროდ გამოვაცხადო, რომ მე პირადად მხარს დავუჭერდი არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვისაც ამ უფლებების მინიჭებას. რატომ ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრი მოქალაქეები? საქმე იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფოს საჯაროდ, საყოველთაოდ აქვს გაცხადებული, რომ სწორედ ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მთავარ საგარეოპოლიტიკურ ორიენტირს.“

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციის 49-ე მუხლის მეორე პუნქტის ცვლილებებს ითვალისწინებს, გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო მოქალაქეს, რომელიც შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს, საშუალება ეძლევა ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა განახორციელოს და დაიკავოს ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობა, მათ შორის, დეპუტატობის გარდა, გახდეს პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, პრეზიდენტი და ასე შემდეგ. კონსტიტუციის 49-ე მუხლის ცვლილება, თავის მხრივ, ცვლილებებს განაპირობებს როგორც ქვეყნის უმაღლეს კანონში, ასევე რამდენიმე კანონში. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ამბობს:

”კონსტიტუციის შესაბამისად, ყველა საკანონმდებლო აქტი - მათ შორის კანონები, მათ შორის საარჩევნო კოდექსი, მათ შორის პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი - მერე უნდა მოვიდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ბევრი ნორმა იქნება შესაცვლელი საარჩევნო კოდექსში, ბევრი ნორმა იქნება შესაცვლელი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში და ამ კუთხით სამუშაო, მე მგონი, თვითონ იურიდიულ კომიტეტს ბევრი ექნება.“

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი მზადაა გამოწვევა მიიღოს. კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ერთ-ერთი პირველი მიესალმა ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას. ინიციატივა მან საკონსტიტუციო განხილვის კომისიის სხდომაზეც მოიწონა:
კანონი არ შეიძლება ასე იქნეს გამოყენებული. კანონი არ არის ქოთანი და პარლამენტის წევრები და სასამართლო არ არიან მექოთნეები ...
ვახტანგ ხმალაძე

”უმრავლესობის მხრიდან გუშინ უკვე დაფიქსირდა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას. იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცას უზღუდავენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას პარტია, იყოს კოალიციის წევრი, იყოს ამ პარტიის დამფინანსებელი, კანონის ფარგლებში აწარმოოს ყველა ის საქმიანობა, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებს. შესაბამისად, არავის არ მივცემთ უფლებას, რომ პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყოს ამ თემასთან დაკავშირებით.”

აქედან გამომდინარე, პავლე კუბლაშვილის თქმით, უმრავლესობა ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს. თავის მხრივ, უმრავლესობის გულწრფელობის არ სჯერათ ბიძინა ივანიშვილის გარშემო მყოფ პოლიტიკურ ძალებს. რესპუბლიკური პარტიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, მაგალითად, მიიჩნევს, რომ ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში დაიბადა და, ბიძინა ივანიშვილის გარდა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეა მორგებული:

”ეს ძალიან ჰგავს მექოთნის ნათქვამს, რომ ქოთანი ჩემია და ყურს საიდანაც მინდა, იქიდან მოვაბამო. კანონი არ შეიძლება ასე იქნეს გამოყენებული. კანონი არ არის ქოთანი და პარლამენტის წევრები და სასამართლო არ არიან მექოთნეები. მათ ამის უფლება არა აქვთ. სამწუხაროდ, მე სწორად არა ვთქვი ახლა. არ უნდა იყვნენ მექოთნეები. და, სამწუხაროდ, იქცნენ ასეთ მექოთნეებად. ეს არის უაღრესად სახიფათო. აქ საქმე მარტო ივანიშვილში არ არის და ივანიშვილის მოქალაქეობაში არ არის.”

ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის საქართველოში პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების მინიჭება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ასე არ მიიჩნევენ პარლამენტში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ერთთვიანი პერიოდი პრაქტიკულად გახსნილად გამოცხადდა. კომისია საზოგადოებასთან შეხვედრებისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG