Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო საკითხი: რომელი წლიდან ცხოვრობს ივანიშვილი საქართველოში?


8 მაისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოშია დაბადებული, 2014 წლის 1 იანვრამდე პასიური და აქტიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საჯარო გამოსვლებშიც არ უარყოფენ, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მიზნით ხორციელდება. თუმცა, თუ კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის პირველი მოსმენის შედეგებით ვიმსჯელებთ, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი ვერც კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებს და ვერც ხმის მიცემას.

კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება შესაბამისი ასაკიდან, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, აქვთ ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. ”ქართული ოცნების” ლიდერი, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი, როგორც ირკვევა, კანონპროექტის რეგულაციების იმ ნაწილს ვერ აკმაყოფილებს, რომელიც ქვეყანაში ცხოვრების ცენზს შეეხება.

”მე 1956 წლიდან ვცხოვრობ საქართველოში. ისე, 2004 წლიდან ჩამოვედით და 2005 წლიდან გადასახადებს ვიხდი, როგორც მე მახსოვს ზუსტად”, განუცხადა მედიასაშუალებებს ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს კონსტიტუციის შეურაცხყოფად და პრეზიდენტის მხრიდან კანონის უპატივცემულობად მიიჩნევს.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებებს საქართველოში თავისი ბინადრობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მმართველი უმრავლესობაც გამოეხმაურა. უმრავლესობა მზადაა საკონსტიტუციო პროექტის მეორე მოსმენაზე კანონპროექტი იმგვარად შეცვალოს, რომ კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა საარჩევნო პროცესში ჩართვა შეძლოს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი თანახმაა კონსტიტუციაში პირდაპირ 2005 წელი ჩაიწეროს. თუმცა ერთია კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის გადადებული ცვლილება და მეორე -ხარვეზის არსებობის ფაქტი. თუ კონსტიტუცია ქვეყანაში თანაბარი პოლიტიკური კონკურენციის პირობების შესაქმნელად სწორდება და იმ აჟიოტაჟის ჩასაცხრობადაა გამიზნული, რომელიც ” ქართული ოცნების” ლიდერის მოქალაქეობისა და საარჩევნო უფლების საკითხს შეეხება, რატომ არ მოხდა კონსტიტუციის ცვლილებების ადეკვატური ფორმულირება? ამ შეკითხვით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრს ანდრო ალავიძეს მივმართეთ:

”ჩვენ რამდენადაც ვიცით, ჩვენი ინფორმაციით, 2001 წლიდან ბიძინა ივანიშვილი უკვე საქართველოშია და მუდმივად ცხოვრობს. თუმცა, როგორც ახლა გავიგეთ, ბიძინა ივანიშვილს განუცხადებია, რომ იგი 2004 წლიდან არის საქართველოში. მე რამდენადაც მახსოვს, მშენებლობაც 2001-ში დაიწყო მთაწმინდაზე და ასე შემდეგ. მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს. თუ აცხადებს თვითონ, რომ 2004 წლიდან ცხოვრობს, კი, ბატონო, არ არის არანაირი პრობლემა. ეს პირველი მოსმენით განვიხილეთ ჩვენ. მეორე მოსმენაზე შეგვიძლია ზღვარის დაწევაზე ვისაუბროთ.”

”ჩვენ მიგვაჩნდა და ახლაც მივიჩნევთ, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ხორციელდება არა ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჯერ ჩამორთმევით, შემდეგ კი არმინიჭებით უკანონობის გადაფარვა სურს.”

ამ გარემოებით ხსნის, თავის მხრივ, ”ქართული ოცნების” პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე საკონსტიტუციო ცვლილებების ეგრეთ წოდებული არასწორი მიმართულებით განხორციელების პროცესში კოალიციის ჩაურევლობას. ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მუდმივად ცხოვრების ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 9 მაისს გავრცელდა მას შემდეგ, რაც კოალიციის ლიდერს შესაბამისი კითხვა დაუსვეს ჟურნალისტებმა.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის შეცვლა არ უნდა ხდებოდეს ერთი კაცის გულისთვის. ოღონდ ეს ერთი კაცი ამ შემთხვევაში არის სააკაშვილი და არა ივანიშვილი. დავაცდით, რა შევა, რა გამოვა აქედან და იმისდა მიხედვით, როგორი იქნება კანონი არჩევნების მომენტისთვის, იმ კანონის მიხედვით ვიმოქმედებთ ჩვენც.”

ასეთია მაია ფანჯიკიძის აზრი. ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში საქართველოში ცხოვრების 10 წლიანი ცენზის ჩაწერით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ თამაშთან და არა უნებლიე შეცდომასთან:

”მაგდენი არითმეტიკა, მე მგონი, ყველამ იცის, რომ დაითვალონ ათამდე. და, ალბათ, გათვლილია ეს თამაში იმაზე, რომ დასავლეთმა მისცა რეაქცია ივანიშვილისთვის გაკეთებულ ცვლილებაზე. თუ შეუმჩნეველი აღმოჩნდა დასავლეთისთვის ეს ნიუანსი და მან რეაქცია არ მისცა, მერე იქნება მიზეზი, რომ ჩვენ ცვლილება კი შევიტანეთ, მაგრამ მოხდა გაუგებრობა და, დიდი ბოდიში, უკვე გვიანიაო, ან რაღაც მასეთი.”

შეცდომის გასწორება კი დაახლოებით ერთ კვირაში იგეგმება. ამ ცვლილების ინიციატორი ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” იმედოვნებს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენაზე კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიაღწევენ და ამ გადაწყვეტილებაში მათი ვარიანტი აისახება. ამ ვარიანტის თანახმად კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნის იმ მოქალაქეს ექნება პოლიტიკური აქტიურობის უფლება, ვინც საქართველოში დაიბადა და ბოლო 3 წელია აქ ცხოვრობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG