Accessibility links

logo-print

საავტორო უფლებები - რა პრობლემები იქმნება ავტორებსა და გამომცემლებს შორის


საავტორო უფლებები ლიტერატურულ ნაწარმოებებზე - ეს არის თემა, რომელიც თითქმის ყველას ეხება, ვინც კულტურის თუ სხვა სფეროებში მოღვაწეობს. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი ბოლომდე მოგვარებული არ არის. რას ნიშნავს საავტორო უფლება, საავტორო უფლებებზე ხელშეკრულება, რა დეტალებს უნდა ითვალისწინებდეს ის და როგორია ამ მხრივ რეალობა საქართველოში?

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ავტორებისა და მთარგმნელებისთვის სემინარი გამართა. განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა ავტორსა და გამომცემლობას, მთარგმნელსა და გამომცემლობას შორის გაფორმებული კონტრაქტები. აღინიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც კონტრაქტი საერთოდ არ არსებობს ან, თუ არის, საკმაოდ ბუნდოვანი. საქართველოს წიგნის გამომცემელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჯაყელი ამბობს, რომ სურათი უფრო თვალსაჩინო ხდება, თუ ქართულ კონტრაქტს ევროპულ ქვეყნებში დადებულ ხელშეკრულებებს შევადარებთ:

„განვიხილეთ ერთი ინგლისურენოვანი კონტრაქტი და ერთი - ქართული. გამოიკვეთა მეტად საინტერესო რამ, რომ ინგლისური კონტრაქტი არის ბევრად უფრო დეტალური, ვიდრე ქართული. ძალიან ბევრი პუნქტი არის მასში გათვალისწინებული და გათვლილი“.

ავტორებიდან ბევრი აღნიშნავს, რომ გამომცემლობასთან ხელშეკრულებაზე საუბარი უჭირს. გარდა ამისა, გამოცემიდან მიღებული შემოსავალი იმდენად უმნიშვნელოა, რომ მათთვის ხელშეკრულების პირობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე სხვა სამსახურიც მაქვს და ძირითადი შემოსავალი ჩემი თარგმანები არ არის, შემიძლია რაღაც-რაღაცებზე თვალი დავხუჭო და არ ვიყო ისეთი მომთხოვნი ანაზღაურებასთან დაკავშირებით. შემიძლია საკმაოდ დიდხანს დაველოდო და ვაცალო გამომცემლობას“, - ამბობს მთარგმნელი ლიკა ჩაფიძე.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის იურისტი მედეა შენგელია ამბობს, რომ საავტორო უფლებაზე ლიცენზია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უნდა შედგეს.საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის მე-40 მუხლში წერია, თუ რას უნდა მოიცავდეს ასეთი ლიცენზია.

„ხელშეკრულება აუცილებად უნდა ითვალისწინებდეს ნაწარმოებს, ანუ რა ნაწარმოები უნდა გამოიცეს; ნაწარმოების გამოცემის ტერიტორიას, სად უნდა გამოიცეს კონკრეტული ნაწარმოები, და ნაწარმოების გამოცემაზე უფლებას, ანუ ვინ უნდა იყოს ამაზე უფლების მფლობელი“.

მისივე თქმით, ხელშეკრულებაში ასევე იწერება, ეს ლიცენზია ექსკლუზიურია თუ ჩვეულებრივი. თუ გამომცემლობას მხოლოდ ჩვეულებრივი ლიცენზია აქვს, მაშინ საავტორო უფლების მქონეს შეუძლია იმავე ნაწარმოებზე ლიცენზია სხვა გამოცემასაც მისცეს.

მედეა შენგელია საუბრობს ასევე იმ დარღვევებზე, რომელთაც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია პრაქტიკაში აწყდება:

„დარღვევის ერთი სახეა, როდესაც კონტრაქტი არ არის გაფორმებული უშუალოდ უფლების მფლობელთან - მას არ ჰკითხეს კონკრეტული ნაწარმოების გამოცემის შეახებ და გამოიცა ისე. არის ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. ერთი მხრივ, ეს შეიძლება დაარღვია ავტორმა, მეორე მხრივ, შესაძლოა ის დაარღვია უშუალოდ გამომცემლობამ.დარღვევა გამომცემლობის მხრიდან გამოვლინდა ისე, რომ ტირაჟი შეთანხმებული იყო ავტორთან და გამოვიდა იმაზე უფრო დიდი ტირაჟით, რაც ავტორთან იყო შეთანხმებული; ასევე გამოსცა არა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ხელშეკრულებაში იყო მითითებული, არამედ სხვა ტერიტორიის ფარგლებში“.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი თინათინ მამულაშვილი ამბობს, რომ მათი გამომცემლობა ხელშეკრულებების გარეშე, უბრალოდ, არ მუშაობს:

„როგორც წესი, ავტორები - იქნება ეს მთარგმნელი, ილუსტრატორი თუ ფოტოგრაფი - ყოველთვის გვეუბნებიანიან, თუ უკმაყოფილოები არიან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი კმაყოფილები იყვნენ, რადგან სხვანაირად წარმატებული ვერ იქნება ის პროექტი, სადაც ავტორი ცუდად გრძნობს თავს“.

ქეთევან ჯაყელი ამბობს, რომ თუ აქამდე ქართველი ავტორები ხელშეკრულებას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, სემინარის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ეს სწორი მიდგომა არ არის.

საავტორო უფლებებზე საუბრისას ასევე აღინიშნა ის ფაქტიც, რომ ხშირად მთარგმნელების უფლებები ირღვევა არა გამომცემლობის, არამედ სხვა პირების მიერ, როდესაც ამა თუ იმ ნაწარმოებიდან ციტირებისას მიუთითებენ მხოლოდ ავტორს, მთარგნელი კი ამ შემთხვევაში იგნორირებულია.
XS
SM
MD
LG