Accessibility links

კორი ჰარისის სასცენო დებიუტი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ახალი ორლეანის ქუჩებში შედგა. ეს თავის გასატანად არ უკეთებია, ლუიზიანის შტატს იმისთვის მიაშურა, რომ ნამდვილი ბლუზის სულისკვეთება შეეგრძნო და წიგნიერება გაეღრმავებინა. ჰოდა, როცა 1995 წელს ხმის ჩამწერ სტუდია "ალიგატორში" სადებიუტო ალბომი Between Midnight And Day გამოსცა, ხალხური ბლუზური ტრადიციების მცველად შერაცხეს, ხოლო მეორე დისკმა, "Fish Ain't Bitin", ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი აკუსტიკური ბლუზმენის სახელი დაუმკვიდრა.

ყველაფერი კოლორადოს შტატში, ქალაქ დენვერში, დაიწყო, სადაც კორი ჰარისი დაიბადა და ბლუზის სიყვარული შეეყარა. ბავშვობაში ბი ბი კინგს ეთაყვანებოდა და ლაითინ ჰოპკინსის აკუსტიკური ხელწერის მოხელთებას დამოუკიდებლად, სმენას მინდობილი ცდილობდა. თუმცა გიტარა არ ყოფილა მისი ერთადერთი ახირება - მღეროდა საეკლესიო გუნდში, სკოლის ორკესტრში საყვირზე უკრავდა, გემო მოუსინჯა დასარტყამ ინსტრუმენტებს, ფლეიტასა და ვიოლინოს, ბოლოს კი საკუთარი როკჯგუფიც ჩამოაყალიბა. მუსიკალური ექსპერიმენტების პარალელურად, კოლეჯში ანთროპოლოგიას ეუფლებოდა, რომლის დამთავრების შემდეგ კამერუნში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ მუსიკალურ ტრადიციებს სწავლობდა.

ამერიკაში დაბრუნებული კორი ჰარისი, როგორც თავში აღვნიშნე, ლუიზიანის შტატში დასახლდა და თავისი ბლუზური ინტელექტის გაღრმავება გააგრძელა. საკუთარი მუსიკალური აზროვნების გასამდიდრებლად და საშემსრულებლო ხელწერის დასახვეწად ითვისებდა ყველაფერს, რაც კი ახალი ორლეანის ქუჩებში ესმოდა - უკრავდა ჯაზურ ორკესტრებში, მოცეკვავეებსა თუ პოეტებს აკომპანირებას უწევდა და გოსპელის მომღერლებთანაც თანამშრომლობდა. დაგროვილი ცოდნა კი, პირველ ალბომში გამოიყენა, რომელსაც Between Midnight And Day დაარქვა. "ნატიფი გემოვნების გიტარისტი, საოცარი სლაიდტექნიკის მქონე ინსტრუმენტალისტი, ვოკალისტი და კომპოზიტორი" - ასე დაახასიათეს კრიტიკოსებმა არტისტის სადებიუტო ნამუშევარი.

თუ პირველი ალბომი ბლუზური სტანდარტების ქავერების კრებული იყო, 1997 წელს კორი ჰარისმა გამოსცა მეორე დისკი, "Fish Ain't Bitin'", სადაც მუსიკოსმა საკუთარი თხზულებებიც წარმოადგინა. გარდა ამისა, პროექტი იმითაც გახლდათ საინტერესო, რომ გიტარის აკუსტიკურ ჟღერადობას სასულე ახალორლეანურ ყაიდაზე მეტყველი სასულე სექცია დაემატა. პროექტმა არტისტს ბლუზურ სამყაროში ყველაზე პრესტიჟული - უილიამ ჰენდის სახელობის - პრემია მოუტანა ნომინაციაში "წლის საუკეთესო აკუსტიკური ბლუზური ალბომი".

დაბოლოს, კორი ჰარისის კიდევ ერთ პროექტზე გავამახვილებ ყურადღებას. "Greens From The Garden", მუსიკალური სტილისტიკის თვალსაზრისით, აბსოლუტურად განსხვავებული ნამუშევარი გამოდგა. ალბომი აკუსტიკურ სოფლურ ბლუზს მიჩვეული მსმენელისათვის სასიამოვნო მოულოდნელობას წარმოადგენდა, რადგან ელექტრონული ჟღერადობა შეიძინა და, რაც ყველაზე საინტერესოა, სხვა მუსიკალური მიმართულებები მოიცვა. კორი ჰარისმა კარიბული რიტმების, კრეოლური მამბოს, ახალორლეანური რეგტაიმის, რეგეისა და როკმუსიკის შერწყმა მოახდინა, ხოლო მიღებული სინთეზი ბლუზური სულისკვეთებით გააჯერა.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG