Accessibility links

logo-print

მსოფლიოში კორუფციის დონე გაუარესდა, საქართველოში კი პოზიტიური სტაბილურობაა


კორუფციის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის უდიდესი გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი დარწმუნებულია, რომ მათ ქვეყნებში ბოლო ორი წლის განმავლობაში მექრთამეობის მხრივ ვითარება გაუარესდა. ამასთან, გამოკვლევის მიხედვით, რომელიც ბერლინში მდებარე „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩაატარა, გამოკითხულთა 90 %-ზე მეტი მოწოდებულია შეებრძოლოს კორუფციას და ხელი მოაწეროს შესაბამის პეტიციას. საქართველო, ამ გამოკითხვით, ყველაზე ნაკლებ კორუმპირებულ ქვეყნებს შორის მოხვდა.

„კორუფციის 2013 წლის გლობალური ბარომეტრი“ 107 ქვეყნის 114 ათასი ადამიანის ინტერვიუს ეყრდნობა. მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხულთა მეოთხედზე მეტი აცხადებს, რომ მათ გასულ წელს ქრთამის მიცემა უხდებოდათ. ყველაზე ხშირად - 40 პროცენტზე მეტ ადამიანს - ქრთამის გადახდა უწევთ ავღანეთსა და ყირგიზეთში, 30%-ზე მეტს - ყაზახეთსა და უკრაინაში, ერაყსა და სერბიაში კი გასულ წელს გამოკითხულთა 20 პროცენტს მოუხდა ქრთამის გადახდა. კანადა, იაპონია და ნორვეგია იმ ქვეყნების რიგშია, სადაც გამოკითხულთა 5 %-ზე ნაკლები იხდიდა ქრთამს. ამ ჯგუფში მოხვდა ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, საქართველო, რასაც გატარებული რეფორმებით ხსნის სვეტლანა სავიცკაია, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ოფისში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პროგრამების კოორდინატორი:

„ეს იმის გამოა, რომ საქართველო ხელისუფლებამ განახორციელა ყოველმხრივი და მტკიცე რეფორმები სამართალდამცველია სისტემის, საპატრულო პოლიციისა და განათლების ადმინისტრაციის მოსაწესრიგებლად. მათ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს საზოგადოებრივი და სამოქალაქო სარეგისტრაციო უწყებების მიმართულებით. მნიშვნელოვნად შემცირდა ბიზნესის ლიცენზირებისა და ნებართვის ბევრი მოთხოვნა. ყოველივე ეს შეთანხმებულია. ჩვენ ვამბობთ, რომ, სინამდვილეში, იქ თითქმის არ არსებობს წვრილმანი მექრთამეობა“.

ეს იმის გამოა, რომ საქართველო ხელისუფლებამ განახორციელა ყოველმხრივი და მტკიცე რეფორმები სამართალდამცველია სისტემის, საპატრულო პოლიციისა და განათლების ადმინისტრაციის მოსაწესრიგებლად. მათ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს საზოგადოებრივი და სამოქალაქო სარეგისტრაციო უწყებების მიმართულებით. მნიშვნელოვნად შემცირდა ბიზნესის ლიცენზირებისა და ნებართვის ბევრი მოთხოვნა. ყოველივე ეს შეთანხმებულია...
თუმცა კორუფცია ქრთამის მიცემის გარეშეც არსებობს. ასე მაგალითად, საბერძნეთში, უკრაინასა და რუსეთში გამოკითხულთა 80 პროცენტი ამბობს, რომ მთავრობას ან სრულად ან დიდწილად მართავს ჯგუფი, რომელიც საკუთარი ფინანსური ინტერესისათვის მოქმედებს. ამასთან, ყველაზე კორუმპირებულ ჯგუფებად უმრავლეს ქვეყნებში, გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკური პარტიები დასახელდა.

შემდეგ მოდის სასამართლო სისტემა, რომელიც ყველაზე კორუმპირებული აღმოჩნდა ავღანეთში, აზერბაიჯანსა და ყირგიზეთში. ამასთანავე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს იმასაც, რომ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა გამოხატავს ნებას, რომ გადაიდგას საპასუხო ნაბიჯები ვითარების გამოსასწორებლად - კერძოდ, ხელი მოაწერონ შესაბამის ანტიკორუფციულ პეტიციას. ლამის ერთადერთი ქვეყანა, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა პესიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ საპასუხო ნაბიჯებით არაფერი შეიცვლება, სომხეთია. სვეტლანა სავიცკაია, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი, ასეთ იმედგაცრუებას სომხეთის მთავრობის ინერტულობით ხსნის:

„იქ არ არსებობს ხელისუფლების ნამდვილი პოლიტიკური ნება. რადგან სომხეთის მთავრობა ბოლო ათი წლის განმავლობაში განცხადებების გარდა არაფერს აკეთებდა, ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, აპათიამდე მივიდა. ამიტომაც გვაქვს ასეთი განსაცვიფრებელი მონაცემები, როდესაც მოქალაქეებს სომხეთში არ სჯერათ, რომ რაიმე შეიცვლება იმით, თუკი ისინი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებენ“.

ასეთივე განწყობაა ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უკრაინაში, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა ანალოგიურ მიზეზს იშველიებს და ამბობს, რომ არ აპირებენ ამხილონ კორუფცია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG