Accessibility links

logo-print

რუსეთის კრიტიკა არჩევნებს შორის


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

”რუსეთი არჩევნებს შორის” - ამ თემაზე 26 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე მსჯელობდნენ. დეპუტატების უმრავლესობა შიშობს, რომ ხალხის მასშტაბურმა პროტესტმა, რომელიც 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, შესაძლოა კიდევ უფრო სახიფათო სახე მიიღოს, თუკი 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნები ღიად და სამართლიანად არ ჩატარდება. 25 იანვარს გამართულ დებატებში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ.

მანკიერი კანონმდებლობა, ყოველმხრივ შებოჭილი ოპოზიცია, გაყალბებული ბიულეტენები, უხეშად მითვისებული საარჩევნო ხმები, ქუჩაში გამოსული ასი ათასზე მეტი ადამიანი და ხელისუფლება, რომელიც არაფერს ნანობს - 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე გამოვლენილი ეს სიმპტომები აშკარად საგანგაშოდ მიაჩნიათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებს.

მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ რუსეთი გზაჯვარედინზე დგას და თუკი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქვეყანამ სწორი მიმართულება არ აირჩია, შესაძლოა ყველაფერი რევოლუციით დასრულდეს. სწორედ ასეთი დასასრულის საფრთხის თავიდან აშორების მიზნით დაიგეგმა 26 იანვრის დებატებიც, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი შვეიცარიელი დეპუტატი ანდრიას გროსი იყო. ის ამბობს, რომ 100 ათასი ადამიანის მიერ გამოხატული პროტესტი ხელისუფლებას სერიოზული ცვლილებებისკენ უნდა უბიძგებდეს და რომ ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია მომიტინგეთა წარმომადგენლობაც:
ისინი არ არიან ადამიანები, რომელთა მოსყიდვაც შესაძლებელია იმის გამო, რომ მათ სამსახური და შემოსავალი არა აქვთ. ეს ხალხი იქ იყო იმიტომ, რომ პატივისცემას ვერ გრძნობდნენ...


”50%-ზე მეტი, მათ შორის, 20-დან 40-წლამდე ასაკის ადამიანები არიან და 70%-ზე მეტს სულ ცოტა ორი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. ერთი სიტყვით, ისინი არ არიან ადამიანები, რომელთა მოსყიდვაც შესაძლებელია იმის გამო, რომ მათ სამსახური და შემოსავალი არა აქვთ. ეს ხალხი იქ იყო იმიტომ, რომ პატივისცემას ვერ გრძნობდნენ.”

ამომრჩეველთა მიმართ მოსკოვის პატივისცემის აუცილებლობაზე 26 იანვრის დებატებისას ყურადღება კიდევ არაერთმა დეპუტატმა გაამახვილა. თუკი ერთი ნაწილისთვის მაინც იმედისმომცემია მოსკოვის გეგმა შეიტანოს გარკვეული ცვლილებები საარჩევნო სისტემაში, მეორე ნაწილი პროცესს დაგვიანებულად მიიჩნევს და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადახედვის ინიციატივით გამოდის. ამგვარ აუცილებლობაზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმაც ილაპარაკა და, საერთოდ, ქართველი დეპუტატები გამოკვეთილად მწვავე კრიტიკით გამოვიდნენ კრემლის პოლიტიკის მისამართით. მართალია, შეიძლება ითქვას, რომ კრემლს მხოლოდ რუსი დეპუტატები იცავდნენ, მათ განსაკუთრებით აღიზიანებდათ ქართველი კოლეგების კრიტიკა და ეს წუხილი თავის გამოსვლაში დეპუტატმა ვლადიმირ ჟიდკიხმაც დააფიქსირა:

”არცთუ კარგად მესმის ჩემი ქართველი კოლეგებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ, ამ თემის განხილვისას, გამოხატონ მთელი თავიანთი წყენა რუსეთის ფედერაციის მისამართით. ძვირფასო მეგობრებო, არ არის საჭირო ჩემი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფა. თქვენ ამას სისტემურად აკეთებთ და ეს ცუდი გაკვეთილია ამ კედლებში. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და მოგიწოდებთ: მოდით, პატივი ვცეთ ერთმანეთს.”
ყველას გვახსოვს ამ ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუციები რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებით და ის, თუ როგორ თქვა უარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეესრულებინა ამ რეზოლუციებში ასახული მოთხოვნები...


რუს კოლეგას პასუხი გიორგი კანდელაკმა გასცა. მისი თქმით, მეზობლებს ძალიანაც უნდათ პატივი სცენ რუსეთს, მაგრამ ამისათვის ჯერ რუსეთმა უნდა სცეს პატივი თავის მეზობელ ქვეყნებს. როცა საქართველო რუსეთში დემოკრატიის მდგომარეობას აკრიტიკებს, ზოგს ექმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პოზიცია სუბიექტურია. ამ კონტექსტში გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ სუბიექტური ფაქტორი მართლაც არსებობს, რადგანაც საქართველოს ძალიან უნდა, რომ რუსეთი ”საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულ წევრად, ნორმალურ სახელმწიფოდ” იხილოს. ქართველი დეპუტატი გარკვეულწილად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც აკრიტიკებს და, საქართველოს მაგალითის გათვალისწინებით, მისგან მეტ აქტიურობას მოითხოვს:

”ყველას გვახსოვს ამ ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუციები რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებით და ის, თუ როგორ თქვა უარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეესრულებინა ამ რეზოლუციებში ასახული მოთხოვნები. ვფიქრობ, ახლა დროა, რომ დავასრულოთ ეს პროცესი, შევაჩეროთ უკუსვლა და ვიფიქროთ მომავალზე. სრულუფლებიანი სამეთვალყურეო მისიის მოთხოვნა მომავალი არჩევნებისთვის პირველი ასეთი ნაბიჯი იქნებოდა.”

რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სიფხიზლეს რუსეთში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებით, გადაწყვეტილია, რომ სამეთვალყურეო მისიას ისევ ჰოლანდიელმა დეპუტატმა ტინი კოქსმა უხელმძღვანელოს. გავიხსენოთ, რომ მას საპარლამენტო არჩევნების დროს რუსეთში პრობლემები შეუქმნეს და მის მიერ მომზადებულ ანგარიშში საკმაოდ მწვავე დარღვევებია გამოკვეთილი. როგორც ტინი კოქსმა აღნიშნა 26 იანვრის სხდომაზე, რუსეთში გარკვეული პოზიტიური ცვლილებები მიმდინარეობს, თუმცა აუცილებელია, რომ ეს ცვლილებები ”არსებითი და მდგრადი” იყოს.
XS
SM
MD
LG