Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალმომარაგების პრობლემები საქართველოში


ალბათ, ხშირად გაგიგიათ, რომ საქართველოში, რომელიც წყლის რესურსებით ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი ქვეყანაა, წყლის მიწოდება არათუ პრობლემა, ფასიანიც კი არ უნდა იყოს. ცხადია, ამ აზრის მომხრენი ვერ თუ არ აცნობიერებენ იმ დანახარჯებს, რომელიც ქვეყანაში წყლის ყველა ოჯახამდე მიწოდებას სჭირდება. ეს ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი მიზეზია იმის, რომ წყალმომარაგების სფეროს, ყველა სხვა რესურსთან შედარებით (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი), კომერციალიზაციის გზაზე დადგომა გაუჭირდა.

ამ სიტუაციაში სახელმწიფო ხარჯის გაწევა სფეროზე ერთადერთ გამოსავლად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარია, ყველგან ბოლო წლებშიც კი ვერ ხერხდება მომხმარებლებისთვის წყლის დაუბრკოლებლად მიწოდება. 2000-იანი წლების შუა ხანებისთვის არსებული წყლის მილების დაახლოებით 60% ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც ხშირ ავარიებს, სასმელი წყლის დაბინძურებასა და სანიტარულ ნორმებთან მისი ხარისხის შეუსაბამობას იწვევდა. ტექნიკური დანაკარგი 40%-ს აღწევდა. ბოლო ხანებში, რამდენიმე საერთაშორისო დონორის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის წყალობით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, განსაკუთრებით, კომპაქტურად დასახლებულ ცენტრებში. თუმცა, მიუხედავად ამისა,ამჟამად ქალაქის მოსახლეობის 10%-ზე ცოტა ნაკლებს და სოფლის მოსახლეობის ნახევარს საცხოვრებელ ბინებში ცენტრალური წყალმომარაგება არა აქვს და წყლის გარე ონკანებსა და ჭებზე არიან დამოკიდებული. არის ტერიტორიები, სადაც ნებისმიერი ფორმით წყლის მიწოდება საერთოდ პრობლემაა და ეზომდე წყალს ცისტერნებით ეზიდებიან.

საქართველოში სასმელი წყალი, ძირითადად, გრუნტის წყლის დებეტებიდან მოიპოვება. ქართული დასახლებების დიდი ნაწილი წყალს წყვეტილად იღებს და წყლის ავზების უმეტესობა დაუცველია. შედეგად, მათგან მიღებული წყალი ხშირად ვერ აკმაყოფილებს სანიტარულ სტანდარტებს. 2000-იანი წლების შუა ხანებში წყლის 24-საათიანი მომარაგება ჯერ კიდევ მხოლოდ ქალაქების - ბათუმის, გორის, სამტრედიის და თბილისის - მოსახლეობის ნაწილს ჰქონდა. ქალაქ რუსთავსა და ქალაქ ქუთაისშიც კი წყლის ყოველდღიური მიწოდება სისტემატიური არ იყო. მომდევნო პერიოდში მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა წყლის მომარაგება არასისტემატური რჩება საქართველოს უმეტეს ურბანულ დასახლებაშიც კი, მათ შორის, დიდ ქალაქებშიც, გარდა ქალაქ თბილისისა. სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა, რეგიონების მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავდება.

საქსტატის 2012 წლის მონაცემების თანახმად, წყალმომარაგება საცხოვრებელ სახლებში 97,6 %-ით მხოლოდ თბილისშია უზრუნველყოფილი. ქვემო ქართლის მაჩვენებელი 47%-ს შეადგენს. შიდა ქართლის, სამცხე ჯავახეთის, აჭარის, გურიისა და მცხეთა-მთიანეთის მონაცემები აგრეგირებულია და მათი წილი 43.8 %-ია. დანარჩენ რეგიონებში ეს მონაცემი კიდევ უფრო ნაკლებია. საერთო ჯამში, ქალაქ თბილისსა და ურბანიზებულ რეგიონებს უკეთესი წვდომა აქვთ სასმელ წყალზე. გამონაკლისია სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც, რეგიონის შედარებით მეტი ურბანიზებულობის მიუხედავად, ოჯახების უმეტესობა წყალს ჭებიდან იღებს და არა სახლებს შიგნით თუ გარეთ არსებული ონკანებიდან. ცხადია, ასეთ სიტუაციაში ქვეყნის სრული წყალმომარაგების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აღნიშნული საჭიროებების არსებობა გააზრებულია რეგიონალური განვითარების სტრატეგიაში, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში მოამზადა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც ბოლო წლებში ხორციელდება, გზების შემდეგ მეორე ადგილი უკვე მუდმივად უჭირავს წყალმომარაგების თემას, მაგრამ შედეგი აჩვენებს, რომ ბიუჯეტებში გამოყოფილი რესურსი - ზოგჯერ კი მისი ათვისების ხარისხი - ამ საჭიროებათა დაკმაყოფილებას ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს.

XS
SM
MD
LG