Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კავკასიაში ადვოკატებს საფრთხე ემუქრებათ


დაღესტანი
დაღესტანი
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “Amnesty International”-ი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ადვოკატები მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ხუთშაბათს, 21 მარტს, გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაცია აღწერს იმ საფრთხეებს, რომლებსაც რუსეთის ამ მღელვარე რეგიონში ადვოკატები აწყდებიან.
საფიათ მაგომედოვას სამი წლის წინ პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ. ადვოკატი ქალი ამბობს, რომ ამ გამოცდილებამ მას დიდი ტრავმა მიაყენა, თუმცა საქმიანობის გაგრძლებაზე უარი ვერ ათქმევინა.

შემთხვევა 2010 წელს მოხდა, როცა მაგომედოვა თავის მშობლიურ დაღესტანში პოლიციის მიერ დაკავებული პატიმრის მონახულებას ცდილობდა. პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელები გადაუგრიხეს და შენობიდან მისი ძალის გამოყენებით გაყვანა სცადეს.
ინციდენტის დროს მაგომედოვას საბუთები და მობილური ტელეფონი დაუცვივდა ძირს, ხოლო როცა მათი აღება სცადა, ამას პოლიციელთა მხრიდან კიდევ უფრო მეტი ძალადობა მოჰყვა:

„ორივე მხრიდან ხელი ჩამავლეს, დამარტყეს და იატაკზე დამაგდეს. ამის შედეგად მივიღე სხეულის დაზიანებები, დავიზიანე ნიკაპი, მქონდა ბევრი სისხლჩაქცევა. სულ ცოტა ხნით გონებაც დავკარგე. შემდეგ პოლიციელებს მათ სახელებს ვეკითხებოდი და ვეუბნებოდი, გიჩივლებთ-მეთქი. ამის შედეგად ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თმებში ჩამავლო ხელი და სხვებს უბრძანა, უკან, განყოფილებაში შეათრიეთო“.

ამის შემდეგ ახალგაზრდა ადვოკატი თავის კლიენტთან ერთად საკანში გამოკეტეს. მან იქ რამდენიმე საათი გაატარა, სანამ ერთ-ერთი კოლეგა მიაკითხავდა და დაიხსნიდა.

სამწუხაროდ, ისტორია, რომელიც მაგომედოვას გადახდა თავს, ჩრდილოეთ კავკასიისთვის ტიპიურია. მოსკოვსა და ჩეჩენ მეამბოხეებს შორის ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომმა ძალადობისა და უკანონობის ფართოდ გავრცელებას დაუდო საფუძველი.
სამთავრობო სტრუქტურებთან დაპირისპირება იქ ძალიან რთულია - არადა, ადვოკატებს სწორედ ამის გაკეთება უწევთ, თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე. ისინი სასამართლოებში გამოდიან და იცავენ პირებს, რომლებსაც ბრალად ედებათ შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა...
დენის კრივოშეევი

ხუთშაბათს, 21 მარტს, “Amnesty International”-მა საგანგაშო ანგარიში გაავრცელა. დოკუმენტში აღწერილია ის საფრთხეები, რომლებსაც სამართალდამცავი ორგანოები უქმნიან უფლებების დარღვევასთან მებრძოლ ადვოკატებს.

ანგარიშის თანახმად, ადვოკატები ხშირად ხდებიან ზეწოლის მსხვერპლნი, მათ ემუქრებიან და, მაგომედოვას მსგავსად, მათზე ზოგჯერ ფიზიკურადაც ძალადობენ.

დენის კრივოშეევი Amnesty International-ის მკვლევარია და ამ ანგარიშზე მუშაობდა. რადიო თავისუფლებას მან შემდეგი უთხრა:

„სამთავრობო სტრუქტურებთან დაპირისპირება იქ ძალიან რთულია - არადა, ადვოკატებს სწორედ ამის გაკეთება უწევთ, თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე. ისინი სასამართლოებში გამოდიან და იცავენ პირებს, რომლებსაც ბრალად ედებათ შეიარაღებული დაჯგუფების წევრობა ან სხვა დანაშაულების ჩადენა. ადვოკატები სამთავრობო სტრუქტურებს იურიდიულ გამოწვევას უქმნიან მათი კლიენტების ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ისინი ძალიან ძლიერ სისტემას უპირისპირდებიან - არადა, ამ სისტემას არ მოსწონს, როცა ვინმე უპირისირდება“.

სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების მსგავსად, Amnesty International-იც სდებს ბრალს ჩრდილოეთ კავკასიის სამართალდამცავ სტრუქტურებს წამების ხშირად გამოყენებაში ჩვენებების მისაღებად. ასევე ხშირია ადამიანების გაქრობისა და მათი დახვრეტის შესახებ ბრალდებები.

Amnesty International-ის ანგარიშის თანახმად, ადვოკატებს, რომლებიც გმობენ და ამხელენ პოლიციურ ძალადობას, ხშირად აღიქვამენ „წინაღობად სამართლის აღსრულებისთვის და არა ამის უმნიშვნელოვანეს გარანტად“.
ანგარიშში საუბარია რამდენიმე კონკტერულ შემთხვევაზე - ყაბარდო-ბალყარეთში მომხდარ ავტოავარიაზე, რომელშიც პოლიციაც მონაწილეობდა და რომლის შედეგადაც მძიმედ დაშავდა ადვოკატი. პოლიციას შემთხვევა არ გამოუძიებია, ადვოკატს კი სიკვდილით ემუქრებიან.

შარშან დაღესტანში სამართალდამცავებმა ადვოკატი უმარ საიდმაგომედოვი მოკლეს. პოლიცია აცხადებდა, რომ ის შეიარაღებული ჯგუფის წევრი იყო, თუმცა ადვოკატის კოლეგები ფიქრობენ, რომ ის უკანონოდ დასაჯეს სიკვდილით.
XS
SM
MD
LG