Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმი ანექსიიდან ერთი წლის შემდეგ


სიმფეროპოლი, ყირიმი ( ელიზაბეტ აროტის ფოტო, "ამერიკის ხმა")
სიმფეროპოლი, ყირიმი ( ელიზაბეტ აროტის ფოტო, "ამერიკის ხმა")

გასულ წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინის მოქალაქეები და სამხედროები არჩევანის წინაშე დადგნენ: მათ ან რუსეთის მოქალაქეობა უნდა აერჩიათ ან დაეტოვებინათ ყირიმის ტერიტორია. ბევრმა მოქალაქეობის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. მათ, ვინც ამ შეთავაზებაზე უარი თქვა, დღეს მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება.

ყირიმიდან "ამერიკის ხმის" სპეციალური კორესპონდენტი დენიელ შარფი მოგვითხრობს.

ერთი წლის წინ, რუსეთის სამხედრო ფლოტმა და სპეცრაზმმა ყირიმში უკრაინის სამხედრო ბაზები ჯერ ალყაში მოაქცია, ხოლო შემდეგ შეიჭრა იქ და სამხედროებს მათთან გაერთიანება ან წასვლა შესთავაზა.

როგორც უკრაინის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ალექსანდრე აღნიშნავს, კიევში ძალაუფლების არმქონე ხელისუფლების ფონზე, სამხედროებმა რუსეთის არმიაში გაწევრიანება არჩიეს. მიღებული გადაწყვეტილების გამო მას თავისი ვინაობის გამხელა არ სურს, თუმცა რუსეთს სამშობლოდ მიიჩნევს და გადაწყვეტილებას არ ნანობს:

„სამწუხარო ისაა, რომ მამა უკრაინაში დარჩა, მე კი მისი მონახულების საშუალება არ მეძლევა. ეს ყველაზე მძიმე გადასატანია ჩემთვის."

ალექსანდრეს თქმით, მამა თავად ახერხებს ყირიმში ჩასვლას. ამასთან როგორც რუს ოფიცერს, მას უკეთესი შემოსავალი აქვს.

საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის შემდეგ, იური სერდიუკი უკრაინის არმიაში მსახურობდა, ანექსიის შემდეგ კი სამხედრო პენსიას ის რუსეთის მთავრობისგან იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ მას მოუწია კერძო დაცვის კომპანიის დახურვა უკრაინული ლიცენზიის გაუქმების გამო, რუსეთის ფედერაციაში უფრო კომფორტული ცხოვრების იმედი აქვს:

„რა თქმა უნდა, ეს უკეთესი იქნება. ამაზე მსჯელობა შეიძლება ჩემი პენსიონერი მშობლების შემყურე. უკრაინულ პენსიას არც კი შეედრება რუსული პენსია. ახლა ისინი უკეთ ცხოვრობენ.“

იმ კონტექსტში, როცა ყირიმში ბევრი სიხარულით შეეგება რუსეთთან შეერთებას, 33 წლის ანდრეი არ აპირებს უკრაინის მოქალაქეობის დათმობას.

ის ცხოვრობს უმცროს ძმასთან ერთად, რომელმაც ოჯახის საკეთილდღეოდ რუსეთის მოქალაქეობა არჩია. გადაწყვეტილება ძმამ რთულად მიიღო, თუმცა ანდრეისთვის სულაც არ იყო ეს ძნელი:

„ამან გავლენა იქონია ჩვენს ურთიერთობაზე. იყო ძალიან დაძაბული მომენტებიც. ზოგჯერ ვცდილობთ სულაც არ ვილაპარაკოთ ამ თემაზე. ხშირად ვღიზიანდები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ის რუსულ სამხედრო ფორმას იცმევს.“

ანდრეის ოჯახმა და სამსახურში უფროსობამ რუსული პასპორტის აღებისკენ მოუწოდა. მათი თქმით, ეს სრუალიად ლეგალურს გახდის ანდრეის და სოცილაური დახმარებების აღებაშიც დაეხმარება.

ანდრეი ყირიმში დარჩენას მანამდე აპირებს, სანამ სამსახური ექნება, თუმცა ამბობს, რომ რუსეთი ყირიმს არ დათმობს.

„ახალ ამბებს დიდი ყურადღებით ვაკვირდები. ვხედავ, რა ხდება კიევში. იქ ყირიმის გარეშეც დიდი პრობლემები აქვთ. მე და ჩემს მეგობრებს მაინც უკრაინაში ყირიმის დაბრუნების დიდი იმედი გვაქვს.“

ყირიმში რუსეთი ცდილობს სრულად გააქროს უკრაინული სიმბოლოები, თუმცა ანექსიის მიუხედავად მოსახლეობაში განსხვავებული განწყობებია.

XS
SM
MD
LG