Accessibility links

logo-print

ხორვატიის „რკინის პრემიერ-მინისტრი“ რკინის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა


ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივო სანადერი

ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივო სანადერი

მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირთა დაპატიმრების გამო, 20 ნოემბერს საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ხორვატია და სერბია. თუმცა საქმე ეხება ორ არათანაზომიერ სახელმწიფო დანაშაულს. სერბიისგან განსხვავებით, სადაც კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილე იოსეფ კასა დააკავეს, ხორვატიაში სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მხოლოდ ერთ ეპიზოდში ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება ქრთამის სახით 13 მილიონი ევროს მიღებას უნგრეთის ენერგეტიკული კომპანიისგან, რომელმაც 2008 წელს ქრთამის სანაცვლოდ ხორვატიის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრივატიზების პროცესში გაიმარჯვა.

თანაც, როგორც ჩვენი რადიოს სამხრეთსლავური სამსახურის ზაგრების ბიუროს კორესპონდენტი ენის ზებიჩი ამბობს, ეს დანაშაულის მხოლოდ ერთი ეპიზოდია და ხორვატიის პრემიერ-მინისტრს ბრალი, შესაძლოა, დაუმძიმდეს, თუკი სასამართლო სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს გაიზიარებს:

„სანადერს სისხლის სამართლის კიდევ სამი დანაშაულის საქმეზე ელოდება სასამართლო პროცესი. ერთი უკვე მიმდინარეობს და ის ეხება ძალიან დიდ კორუფციულ საქმეს, სამინისტროების და სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობით. მეორე უკავშირდება თავისი პოლიტიკური პარტიის „ხორვატიის დემოკრატიული კავშირის“, ხოლო მესამე პირადი ფინანსური ინტერესებისათვის სახელმწიფო თანამდებობის გამოყენებას. მავანი ვარაუდობს, რომ სისხლის სამართლის საქმე, აღძრული სამინისტროების კორუფციული საქმიანობის თაობაზე, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე უკვე გამოძიებული საქმე. ასე რომ, არავინ იცის, თუ რა განაჩენი დადგება მის მიმართ სასამართლო გამოძიების დასრულების შემდეგ“.


ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივო სანადერი 2010 წლის ნოემბერში ავსტრიაში დააპატიმრეს. ავსტრიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს ცნობა ზალცბურგის რაიონში სანადერის დაკავების თაობაზე. მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ხორვატიამ გასცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების ორდერი, კორუფციაში ბრალდების საფუძველზე.
პოლიტიკოსმა, ვინც სანადერის შემდეგ ჩაუდგა სათავეში „ხორვატიის დემოკრატიულ კავშირს“ და ქვეყნის მომდევნო პრემიერ-მინისტრი გახდა, ქალბატონმა იადრანკა კოსორმა, დაიწყო სწორედ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ამიტომ არავის არ წამოუწყია რაიმე სახის საზოგადოებრივი აზრის მობილიზება სასამართლოს ვერდიქტის წინააღმდეგ...


ივო სანადერი 2003-დან 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა მთავრობის მუშაობას. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება კორუფციული დანაშაული, ჩადენილი უნგრული ფირმა MOL-ის სასარგებლოდ, რის გამოც ივო სანადერს სამშაბათს, 20 ნოემბერს, სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, სახელმწიფო ბრალდების პრეტენზიები ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ მხოლოდ ამით არ ამოიწურება. პროკურატურის ინფორმაციით, 1995 წელს, როდესაც ივო სანადერს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, მისი ლობირებით ავსტრიულმა ბანკმა Hypo Alpe Adria-მ წამყვანი პოზიციები მოიპოვა ხორვატიის ბაზარზე.

ივო სანადერი, რომელმაც თითქმის წელიწად-ნახევარი გაატარა წინასწარი დაკავების საკანში, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. თუმცა, როგორც ჩემი კოლეგა ენის ზებიჩი ამბობს, სანადერის საქმეში პოლიტიკურ მოტივებს მისი ყოფილი პოლიტიკური თანამებრძოლებიც კი გამორიცხავენ.

„ძალიან ცოტა მისი მეგობარი რჩება მის მიმართ ლოიალურად განწყობილი. ამის მიზეზი ისაა, რომ პოლიტიკოსმა, ვინც სანადერის შემდეგ ჩაუდგა სათავეში „ხორვატიის დემოკრატიულ კავშირს“ და ქვეყნის მომდევნო პრემიერ-მინისტრი გახდა, ქალბატონმა იადრანკა კოსორმა, დაიწყო სწორედ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ამიტომ არავის არ წამოუწყია რაიმე სახის საზოგადოებრივი აზრის მობილიზება სასამართლოს ვერდიქტის წინააღმდეგ“, ამბობს ჩემი კოლეგა ენის ზებიჩი და დასძენს, რომ, მიუხედავად ივო სანადერის წარსული დამსახურებებისა, საზოგადოებრივი აზრი კიდევ უფრო კრიტიკულად არის განწყობილი ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ.

უნდა აღინიშნოს, რომ ხორვატიამ სწორედ ივო სანადერის პრემიერ-მინისტრობის დროს შეასრულა ყველა კრიტერიუმი, გახდა ნატოს წევრი ქვეყანა და შემდეგ კი დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. შეიძლება ითქვას, რომ ივო სანადერი ყველაზე მაღალი რანგის ხორვატი და ევროპელი ლიდერია, რომელსაც ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა კორუფციული დანაშაულის გამო.
ევროკავშირს სურს, რომ მისი ახალი წევრი სუფთა იყოს კორუფციისაგან, - ეს კი, ჩემი აზრით, არის იმის მკაფიო დადასტურება, რომ ხორვატია ძალიან სერიოზულად ებრძვის კორუფციას. აქ არავინ განიხილავს ამ საქმეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად. არავინ!..

ცხადია, ევროკავშირი ყურადღებით ადევნებდა თვალს სასამართლო პროცესს ივო სანადერის მიმართ, თუმცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებისა და გასამართლების გამო ხორვატიას არანაირი კრიტიკა არ დაუმსახურებია. პირიქით, როგორც ჩვენი რადიოს სამხრეთსლავური სამსახურის ზაგრების ბიუროს კორესპონდენტი ენის ზებიჩი ამბობს, ევროკავშირი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა:

„ევროკავშირს სურს, რომ მისი ახალი წევრი სუფთა იყოს კორუფციისაგან, - ეს კი, ჩემი აზრით, არის იმის მკაფიო დადასტურება, რომ ხორვატია ძალიან სერიოზულად ებრძვის კორუფციას. აქ არავინ განიხილავს ამ საქმეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად. არავინ!“

ხორვატია 2013 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას ელის. ბლოკის წევრობა კი ხორვატიას ავალებს დაამარცხოს ელიტური კორუფცია, რისთვისაც ქვეყანამ არაერთხელ დაიმსახურა კრიტიკა. ბლოკში გაწევრიანება იმდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისათვის, რომ თავად მმართველმა „ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა“ დაიწყო თვითგანწმენდის პროცესი და ძალაუფლების პიკში მყოფი თავისი ყოფილი ლიდერიც კი არ დაინდო. ივო სანადერს იმდენად მყარი პოზიციები ჰქონდა, რომ მისმა პარტიამ, „ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა“, 2007 წელს განმეორებით არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა, ხოლო მისმა ლიდერმა მეორედ მიიღო ქვეყნის პრეზიდენტისაგან შეთავაზება გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი და დაეკომპლექტებინა მთავრობის კაბინეტი. მეტიც, ივო სანადერს 2010 წელს ქვეყნის პრეზიდენტობასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, ყველასათვის მოულოდნელად, 2009-ში ივო სანადერმა დატოვა პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერის პოსტი. „ყოველთვის არის დრო ცხოვრების ხელახლა დაწყებისათვის. ასეთი მომენტი დადგა და დროა, რომ სხვამ ჩაიბაროს ქვეყნის მართვაო“, - განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ივო სანადერმა. მაგრამ ეს იყო სამი წლის წინ, როდესაც ივო სანადერი, ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ალბათ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ იგი ჯერ საბრალდებო სკამზე, შემდეგ კი საპყრობილეში აღმოჩნდებოდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG